მაგალითებიმადისკრედიტირებელი კამპანიები

დისკრედიტაციის კამპანია ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას დისკრედიტირებისთვის ზნეობრივი ღირებულებების ნიშნით თავდასხმები 25 აგვისტოდან გააქტიურდა, მას შემდეგ, რაც მან პროკურატურაში „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთიდან შესაძლო დაფინანსების საკითხის გამოძიების მოთხოვნით განცხადება შეიტანა. პროკურატურისთვის მიმართვას წინ ცენტრ „დოსიეს” მიერ აღნიშნულ თემაზე ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიება უსწრებდა.

25 აგვისტოს დაწყებულ თავდასხმებს კონტრბრალდებების სახე ჰქონდა, რომლებიც ელენე ხოშტარიას რუსეთში მიღებულ უმაღლეს განათლებას ეხებოდა. ფეისბუკ ანგარიშებზე გამოქვეყნებული სტატუსების სავარაუდო მიზანი ხოშტარიას რუსეთისადმი კეთილგანწყობაში დადანაშაულება იყო. 

პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვით, ელენე ხოშტარიას დამთავრებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. „ქართული ოცნების“ მმართველი გუნდი მას ამ ფაქტს კონტრბრალდების სახით ხშირად ახსენებს

ხელისუფლების ოპონენტების მადისკრედიტირებელ ფეისბუკ ჯგუფში „სიმართლის გზა“ ჯგუფის წევრმა  „სოფო სოფო“ გამოაქვეყნა ფოტოშოპში დამუშავებული ვიზუალი, რომელზეც სასწორთან მდგარი გამყიდველი ელენე ხოშტარიას თავით და ეშმაკის რქებით არის გამოსახული. ვიზუალს, რომელზეც ხოშტარია ხიზილალას წონის, თან ახლავს ციტატა, რომელიც ელენე ხოშტარიას მიეწერება: „იმისთვის, რომ კარგად შემესწავლა მტერი შიგნიდან, მოსკოვში სწავლის პარალელურად, გასტრონომშიც ვმუშაობდი!“ 

სოფო სოფო, დავასრულოთ ნაცები!!!- ,,სიმართლის გზა”, 24 აგვისტო: ამან გიმო, იმიტომ დაამთავრა და გავრილოვს, იმიტომ უმღერა რომ მერე იკრა ეწონა. გოგის, ქალბიჭა მეტი მაინც არ გეკუთნის…😁😁😁😁😁

25 აგვისტოს პროკურატურისთვის მიმართვის შემდეგ კი, ეს თავდასხმები გააქტიურდა. ონლაინ გამოცემა reportiori.ge გამოაქვეყნა რეჟისორის გოგა ხაინდრავას კომენტარი, რომელშიც ის ელენე ხოშტარიას ურჩევს, საკუთარ „ბიოგრაფიაში ჩაიხედოს“: 

გოგა ხაინდრავა, რეჟისორი, reportiori.ge, 25 აგვისტო: „მე ვფიქრობ, რომ მისასალმებელი ინიციატივაა იმ პარტიების მოხსნა, რომლებიც რუსეთის მიერ არის დაფინანსებული, მაგრამ ქალბატონ ელენე ხოშტარიას ვურჩევდი, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან საკუთარი კონტაქტებიდან დაიწყოს, თავის ბიოგრაფიაში ჩაიხედოს…. არ მიკვირს, რომ რუსული წარმომავლობის კომპანია ელენე ხოშტარიასთვის სანდოა, რადგან ელენე ხოშტარიას აქვს რუსული წარმომავლობა, მას განათლება რუსული „კგბ“-ს სამჭედლოში აქვს მიღებული, ეს არის რუსული დიპლომატიური სასწავლებელი და მან კარგად იცის, რას ასწავლიდნენ მას რუსული უშიშროების წარმომადგენლები სწავლის დროს“.

26 აგვისტოს ეს კომენტარი „პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებულმა ონლაინ გამოცემამ Tinp.ge-დღეს პოლიტიკაში როგორც თავის ვებ-გვერდზე, ასევე ფეისბუკ გვერდზე უცვლელად გამოაქვეყნა. აღნიშნული გვერდი ფეისბუკმა “კოორდინირებული არაავთენტური ქმედების გამო” წაშალა და შესაბამისად პოსტები ხელმისაწვდომი არ არის.

26 აგვისტოს „სოფო სოფომ“ ხელისუფლების ოპონენტების მადისკრედიტირებელ ფეისბუკ ჯგუფში „სიმართლის გზა“ ტელეკომპანია “იმედის” მიერ 28 თებერვალს გამოქვეყნებული მასალის ბმული გააზიარა, რომელიც ხოშტარიას რუსეთში სწავლას შეეხებოდა. გაზიარებას თან ახლავს “სოფო სოფოს” კომენტარი, სადაც ის პოლიტიკოსს არა მარტო რუსეთში მიღებული განათლების, არამედ „არაქალური“ ქცევის  გამო ესხმის თავს. ეს მაგალითი ორი კატეგორიის დარღვევას მოიცავს: მორალური კრიტერიუმებით თავდასხმას და გენდერული სტერეოტიპებით გაკიცხვას.

სოფო სოფო, დავასრულოთ ნაცები!!!- ,,სიმართლის გზა”, 26 აგვისტო: გოგის, ქალბიჭა სხვას რატო უწოდებ რუსეთუმეს. როცა შენ გიმო გაქვს დამთავრებული შე შვისტოკა, და გავრილოვზე, ჰიმნი ნამღერი. ხმა რომ ჩაიწყვიტო ჯობია შენთვის…..😣😣😣😣“ 

„პატრიოტთა ალაინსთან“ დაკავშირებულმა მეორე გვერდმა „Memeატურები ატვირთა მემე, რომელზეც ელენე ხოშტარია ტყუილების გამავრცელებლად არის წარმოჩენილი.

Memeატურები, 27 აგვისტო: “საშოპინგოდაა ელენიკო წასული”.

ამ მემეს კომენტარებში ელენე ხოშტარიას „პუტინის მონას“ და „მატყუარას“ ეძახიან. 

ხელისუფლების ოპონენტების მადისკრედიტირებელმა გვერდმა “სირცხვილის კორიდორმა” გამოაქვეყნა ხოშტარიას ფოტო, რომელზეც დეპუტატობის კანდიდატი „ქვეყნისთვის საშიშ პრორუსული ძალის მქონე პოლიტიკოსად“ არის მოხსენებული, ხოლო ფოტოს მარცხენა ქვედა კუთხეში წერია: #ერთადრუსეთისთვის.

სირცხვილის კორიდორი, 29 აგვისტო: ცნობისთვის, ელენე ხოშტარიას განათლება რუსული „კგბ“-ს სამჭედლოში აქვს მიღებული, რუსულ დიპლომატიურ სასწავლებელში. 

31 აგვისტოს კი, როდესაც პროკურატურამ უარი თქვა ხოშტარიას მიმართვის საფუძველზე „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების შესახებ ბრალდების საკითხზე  გამოძიება დაეწყო, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა „დოსიეს“ ინფორმაციას მისი პარტიის რუსეთიდან დაფინანსების შესახებ „კომიკური ბრალდება“, ელენე ხოშტარიას კი მატყუარა უწოდა და კონტრბრალდების სახით, ყურადღება ხოშტარიას მიერ განათლების რუსეთში მიღებაზე გაამახვილა.

ირმა ინაშვილი, მედიაკავშირი ობიექტივი, 31 აგვისტო: მას შემდეგ, რაც საქართველოს პროკურატურამ არ დააკმაყოფილა მგიმოს კურსდამთავრებულის ქალბატონი ხოშტარიას მატყუარა საჩივარი, აღშფოთდა კრამერსაააკაშვილბოკერიაკუროტპევლევშიცხოშტარიას ბუკეტი“.

ირაკლი ჯანყარაშვილმა, რომელიც ფეისბუკზე პროსახელისუფლებო, ანტილიბერალური და პრორუსული განწყობის რამდენიმე გვერდს მართავს, 31 აგვისტოს დაწერა სტატუსი, სადაც ხაზი გაუსვა ელენე ხოშტარიას რუსეთში მიღებულ განათლებას და მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს დასცინა. პოსტს ახლავს ხოშტარიას ფოტო, რომელსაც აწერია: „ჰელენ გამობუნძულებული“. ეს შემთხვევა გონებრივი შესაძლებლობების ნიშნით შეურაცხყოფის/დაცინვის კატეგორიაში მოხვდა.

ირაკლი ჯანყარაშვილი, 31 აგვისტო: “ჰელენე ხოშტარია ისე გამობუნძულდა პროკურატურიდან როგორც მიბუნძულდა 😁მგიმოელმა ჰელენ ხოშტარიამ პროკურატურაში მიაჭრა ამ თავისი ”დოსიეს” ფარატინა ფურცლებით და არიქა პატრიოტებზე გამოძიება დაიწყეთო.
ჰელენეს პრიალა და უნაოჭო ტვინმა ვერ განსაზღვრა, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს დოსიეს ”აიტიშნიკის” კლავიატურაზე ნაკაკუნებ ნაბოდვარს და ეს ჩვენე ჰელენეც უკან ისე გამობუნძულდა როგორც მიბუნძულდა. აი ესეთი შმანძები ხართ ბოკერიას კლასტერში !!!”“

პოსტს 219 მოწონება, 22 გაზიარება და 41 კომენტარი ჰქონდა. ამ პოსტის კომენტარებში შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოიხსენიებდნენ: „უსაზიზღრესი ქალ-ქაჯი, პილანძუკი, მოდგმით აგენტების ოჯახში გაიზარდა…“, „ქვეყნის ნომერ პირველი მტერი და სამარცხვინო არსება, ეს არანორმალური.“ „ძუკნა“, „ეშმაკის მეძავი მწოველები, გავრილოვს შესჩივლოს და მოუგვარებს პრობლემას,“ „მსგავსი ნაძირლები არ მინახავე, ლიბერასტპიდარასტები, უიიიი!!“ „ეს რადაემართა, საკუთარ თავს არ აპატიებს უნიტაზში ამოიძრობს სულს ეს წმინდა სამშობლოს მოღალატე, ეს ხომ ღვაწლმოსილო მოღალატეთა ოჯახიდან არის, მთლად ცხონებული მამის კვალზე დგას ენაცვალოს მშობლიური KGB, კაგებეშნიკი“, „ქართულ პოლიტიკაში ჩანერგილი ხოშტარია,“ „რუსეთის კაგებეს უნივერსიტეტი დაამთავრა“ და სხვა. 

იმავე დღეს, 31 აგვისტოს, ჯანყარაშვილის ეს პოსტი tvalsazrisi.ge-მ გამოაქვეყნა. ჯანყარაშვილმა კი თავისი პოსტი კოორდინირებულად რამდენიმე ჯგუფში გააზიარა: ხელისუფლების ოპონენტების მადისკრედიტირებელი ფეისბუკ ჯგუფი „სიმართლის გზა“, „პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებულმა ჯგუფმა POLITIKO და „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერთა ჯგუფმა  პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები!!!

ამ ტიპის თავდასხმები ელენე ხოშტარიაზე სექტემბერშიც გაგრძელდა. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა, ლაშა ჯუღელმა, რომლის პროფილის თანახმადაც, ის ამ პარტიაში მუშაობს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა გვერდზე „ჩვენ გავიმარჯვებთ 41/we will win 41“ გააზიარა სტატუსი, რომელიც ელენე ხოშტარიას დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. ამ სტატუსში ის „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატს შეურაცხყოფდა, მათ შორის, ჰომოფობიური სიძულვილის ენით: 

Lasha Jugeli, 20 სექტემბერი: „ЛЕНА ГАВРИЛОВНА ВРАГ НАРОДА; ლგბტ „თემის“ აქტიური მხარდამჭერი და სისხლიანი რეჟიმის თანამონაწილე. გაურკვეველი ორიენტაციის მქონე და ნაცისტური იდეოლოგიის მატარებელი.” 

ეს სტატუსი ლაშა ჯუღელმა იმავე დღეს ხელისუფლების ოპონენტების მადისკრედიტირებელ ჯგუფში „გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო მეორე დღეს ამავე კატეგორიის ჯგუფში „დავასრულოთ ნაცები – Davasrulot Nacebi!“  გააზიარა.

ხოშტარიას მის რუსულ განათლებას ნეგატიურ კონტექსტში პერიოდულად ახსენებენ. მაგალითად, 8 ოქტომბერს „სოფია სოფია“ ფეისბუკ ჯგუფში „სიმართლის გზა“ ჰომოფობიური ხასიათის პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სამიზნე „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძეც იყო, რა დროსაც „ევროპული საქართველოს“ წევრის დისკრედიტაცია მისი რუსეთში მიღებული განათლებით ხდებოდა. 

სოფია სოფია ,,სიმართლის გზა”, 8 ოქტომბერი: „ამ გიმო დამთავრებულმა და გავრილოვის, ნასედკა ხოშტამ, მიმბლოკა იმიტომ რომ მის სტაჟიან ლეზბიანკას და მას კარგად დაუწერე რომ ბანძები არიან…..😂😂😂😂😂😂😂😋😂😂“ 

 

მსგავსი პოსტები

გენდერული როლების შეცვლა დისკრედიტიაციის მიზნით

დისკრედიტაციის კამპანია ეკა ბესელიას წინააღმდეგ

დეზინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ

სიძულვილის ჯგუფების და სახელისუფლებო ონლაინ მედიის ორგანიზებული კამპანია თამთა თოდაძის წინააღმდეგ