25 მარტს რუსულ მედიასა და ფეისბუკის რუსულენოვან და ქართულენოვან (1, 2, 3 ) ანგარიშებზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკისა და მას მიმსგავსებული ახალგაზრდა შიშველი ქალის ფოტოები გამოქვეყნდა. პოსტებში წერენ, რომ ფოტოებზე ბერბოკია გამოსახული და ის წარსულში პროსტიტუციით იყო დაკავებული.
“ახალგაზრდა ვიყავი და ფული მჭირდებოდა”, – პოსტების აღწერებში ამ სიტყვებს ბერბოკს მიაწერენ.
გავრცელებულ ფოტოზე გამოსახული შიშველი ქალი არა ანალენა ბერბოკი, არამედ რუსი პორნო მოდელი – მარტინა მინკია. მისი ეს და სხვა ფოტოები პორნოსაიტებზე დევს.
აღნიშნულ ფოტოს ანალენა ბერბოკს 2021 წლიდან უკავშირებენ. მის წინააღმდეგ გენდერული დისკრიმინაციის კამპანია გერმანიის წინასაარჩევნო პერიოდში აგორდა, როდესაც ის პარტია “მწვანეების” სახელით გერმანიის კანცლერობის კანდიდატი იყო. ეს ფოტოც მისი დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდებოდა. სინამდვილეში, ფოტოზე რუსი პორნო მოდელი – მარტინა მინკია გამოსახული. აღნიშნული ინფორმაცია მაშინ გერმანულმა მედიამ – RTL NEWS გადაამოწმა.
ფოტოს უკუძიების სისტემით ინტერნეტში პორნო მოდელის ეს და სხვა ფოტოებიც იძებნება.
ანალენა ბერბოკი ოფიციალური ვიზიტით თბილისს 23 მარტს ეწვია. მან ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ არის მცდელობები, საქართველომ პროევროპულ კურსს გადაუხვიოს. ვიზიტის ფარგლებში ის მთავრობის წევრებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სტუდენტებს შეხვდა. ასევე ჩავიდა საოკუპაციო ხაზთანაც. საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ საქართველოში კონკრეტული გზავნილით ჩამოვიდა – “ჩვენ გვინდა, ვნახოთ საქართველო ევროკავშირში”. მისი თქმით, გზა ევროკავშირისკენ ხელისუფლებამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ერთობლივად უნდა გაიარონ.
წყაროების შესახებ
ფეისბუკ- ანგარიში ნონა შარაბიძე ანტიდასავლური შინაარსის დეზინფორმაციასა და კრემლისტურ ნარატივებს რეგულარულად ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორის” არაერთ მასალაში მოხვდა.
დეზინფორმაციებს ავრცელებს ასევე ფეისბუკ-ანგარიში მაია ჭელიძეც. მისი პოსტების შინაარსი ძირითადად ანტიდასავლურია.