რა არეგულირებს გენდერის საკითხების გაშუქებას სამაუწყებლო მედიაში?
მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რომლის დაცვა საქართველოში ავტორიზებული ყველა ტელე და რადიო კომპანიისთვის არის სავალდებულო, შემდეგ დებულებებს შეიცავს:
- “მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე” (მუხლი 31).
- “თუ წყარო პირდაპირ ეთერში ან ახალ ამბებში უსაფუძვლოდ ასახელებს ეთნიკურ წარმომავლობას, რელიგიურ მრწამსს, სექსუალურ ორიენტაციას, ოჯახურ ან ქონებრივ მდგომარეობას,სოციალურ კუთვნილებას, ან ნებისმიერ სხვა ნიშანს როგორც პრობლემის გამომწვევ მიზეზს, ან იყენებს შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას რომელიმე ჯგუფის მიმართ, წამყვანი არ უნდა აჰყვეს ასეთ დიალოგს და შეეცადოს შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორს დაუსვას შეკითხვა გამოთქმული მოსაზრების დასაბუთების მიზნით (მუხლის 33.4).
- “მაუწყებელმა პროგრამების მომზადებისას და მათი ეთერში გაშვებისას არ უნდა დაუშვას ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა. მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას ბალანსი ინფორმაციის თავისუფლებასა და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმურ მოლოდინს შორის” (მუხლი 34).
- კოდექსის თანახმად, დაუშვებელია სექსუალური სცენის, აგრეთვე გაუპატიურების ან/და სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკული გამოსახვა და გადაცემა, 06.00 საათიდან 24:00 საათამდე; სექსუალური სცენებისა ან/და სქესობრივი ურთიერთობის შესახებ განხილვების ეთერში გადაცემა 20:00 საათიდან 23:00 საათამდე, გამართლებულია მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას, ჯეროვნად შემოკლებული და რედაქტირებული ფორმით (მუხლი 39).
- მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დაზარალებულის ვინაობის გამჟღავნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაზარალებული თანახმაა და არსებობს საზოდოებრივი ინტერესი (მუხლი 50).
როგორ უნდა მოვიქცეთ თუ მაუწყებელი ქცევის კოდექსს არღვევს?
მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-14 მუხლი ავალდებულებს მაუწყებელს, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული ქცევის კოდექსის საფუძველზე, შემნას თვითრეგულირების ეფეტიანი მექანიზმი, რომელიც საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას უზრუნველყოფს.
ვის აქვს გასაჩივრების უფლება?
თვითრეგულირების ორგანოში გასაჩივრების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს.
ვინ არის დაინტერესებული პირი?
კანონის თანახმად, დაინტერესებული პირი არის „ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა“. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახმად კი, დაინტერესებული მხარე არის “ნებისმიერი პირი, რომელსაც ეხება ან რომელიც ნახსენებია პროგრამაში ან მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებაში“.
თუკი სადავო საკითხი საჯარო ინტერესის სფეროს ეხება, დაინტერესებული პირის ცნება მაუწყებელმა შესაძლოა, გაცილებით ფართოდ განმარტოს.
რა შემთხვევაში შეიძლება მოვითხოვოთ გავრცელებული ცნობების შესწორება ან უარყოფა?
დაინტერესებულ პირს საწყისი განცხადების გაკეთებიდან, მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან 10 დღის ვადაში, უფლება აქვს, შესაბამის მაუწყებელს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა მოსთხოვოს.
რას ნიშნავს თანაზომადი საშუალებით და ფორმით უარყოფა?
შესწორება საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც საწყისი განცხადება გაკეთდა.
რა უნდა იყოს მითითებული განცხადებაში?
შესწორების ან უარყოფის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს პროგრამის დასახელებას, ეთერში გაშვების თარიღს და დროს, კოდექსის იმ მუხლებს, რომლებიც მაუწყებელმა დაარღვია, დარღვევის სახეს და შინაარსს.
რა შემთხვევაში არ არის შესაძლებელი გასაჩივრება?
შესწორების ან უარყოფის მოთხოვნის უფლება არ წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, თუ ა) მოთხოვნა არ წარდგენილა საწყისი განცხადების გაკეთებიდან 10 დღის ვადაში; ბ) საწყისი განცხადება ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს ან მომჩივანი განცხადებაში ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული პირი არ არის; ე) შესწორება ან უარყოფა უსაფუძვლოდ ეხება მესამე პირს; ვ) მომჩივანი ვერ ასაბუთებს თავის კანონიერ ინტერესს.
სად შეიძლება გასაჩივრება?
დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, ქცევის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, განცხადებით მიმართოს მაუწყებელს. მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურის საფუძველზე მიღება და საჩივრის განხილვის გამჭვირვალე პროცესი, ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით.
შესაძლებელია თუ არა მაუწყებლის გადაწყვეტილების გასაჩივრება?
საჩივრის თაობაზე მაუწყებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება 7 დღის ვადაში გასაჩივრდეს თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში, რომელსაც ქმნის მაუწყებელი ან მათი გაერთიანება. სააპელაციო ორგანო დაკომპლექტებული უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირებით.