ჟურნალისტური ეთიკის ქარტია წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც დღეისათვის 351ჟურნალისტს აერთიანებს. ქარტია განსაზღვრავს პროფესიული ქცევის სტანდარტებს, რომელთა დარღვევის შემთხვევაში, ნებისმიერ პირს უფლება აქვს, ქარტიის საბჭოში მედიის მხრიდან ეთიკური და პროფესიული ნორმების დარღვევა გაასაჩივროს.
ქარტიის რომელი პრინციპი არეგულირებს გენდერის საკითხებზე გაშუქებას?
მუხლი 7. ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.
ვის აქვს ქარტიაში გასაჩივრების უფლება?
ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც თვლის, რომ ჟურნალისტის მხრიდან ქარტიით განსაზღვრული პროფესიული სტანდარტები დაირღვა.
შესაძლოა თუ არა განცხადების შეტანა ქარტიის არაწევრი ჟურნალისტის მიმართ?
ქარტიის საბჭომ გააფართოვა თავისი მანდატი და ამჟამად განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ასევე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ იხილავს.
რა ვადებში შეიძლება განცხადების შეტანა ?
იმ შემთხვევაში, თუ განცხადება ეხება ქარტიის წევრს, მისი ქარტიაში შეტანა შესაძლებელია, სადავო მასალის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში. თუ განცხადება ქარტიის არაწევრ ჟურნალისტს ეხება, განმცხადებელმა ქარტიას მასალის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა მიმართოს.
როგორ უნდა მივმართოთ ქარტიას?
დაინტერესებულმა პირმა უნდა შეავსოს ქარტიის განცხადების ელექტრონული ფორმა, რომელიც ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი და ელექტრონული ან ბეჭდური სახით მიაწოდოს ქარტიის სამდივნოს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დასაშვებობის შესახებ.
რა ვადებში ხდება საქმეების განხილვა?
ქარტიის სამდივნომ მასალები განხილვისთვის საქმის მიღებიდან არა უგვიანეს 1 თვეში უნდა მოამზადოს და პირველივე სხდომაზე მისი განხილვა უზრუნველყოს.
საჯაროა თუ არა საბჭოს გადაწყვეტილებები?
საბჭოს გადაწყვეტილებები, როგორც სარეზოლუციო, ასევე სამოტივაციო ნაწილი, ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.