3 აპრილს ფეისბუქ ანგარიშებმა ქართველი ქართველი და გიორგი იბერიელი გაავრცელეს ვიდეო, სადაც თეთრ კაბაში გამოწყობილი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი უცნობი ქალი ჩანს, რომელიც ვიზუალურად ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ჰგავს. გიორგი იბერიელი ვიდეოს 9-წამიან ვერსიას ავრცელებს, რომელშიც ქალი ჯერ ფხიზელ მდგომაროებაში ჩანს და ამბობს “გამარჯობა, მე პატარძალი ვარ და ეს ჩემი პირველი ჭიქაა”, ხოლო შემდეგ კადრში ამავე ქალს უკვე ნასვამ მდგომარეობაში ვხედავთ და ისმის, როგორ არიგებენ მას, რომ თქვას “მე ვარ ნიკოლი და ვარ პატარძალი”. ანონიმური ფესბუქ ანგარიში “ქართველი ქართველი” ვიდეოს 4 წამიან ვერსიას ავრცელებს, სადაც ქალი მხოლოდ ნასვამ მდგომარეობაში ჩანს. ორივე ანგარიში ვიდეოს ავრცელებს აღწერით, რომ ეს პიროვნება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონია.
ვიდეო, რომელშიც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ქალია ასახული, პროგრამულადაა დამუშავებული და მასში ვიოლა ფონ კრამონის სახეა ჩასმული. ორიგინალი ვიდეო ტიკტოკზე გავრცელდა და მასში არა ფონ კრამონი, არამედ ქალი, სახელად ნიკოლია ასახული, რომელიც თავის საქორწინო წვეულებაზე იმყოფება.
გავრცელებული ვიდეო ტიკ-ტოკის ანგარიშს @nievejones_-ს ეკუთვნის და ის 2022 წლის 5 ივნისს გამოქვეყნდა. ვიდეოში აღნიშნული მომხმარებლის მეგობრის, სახელად ნიკოლის ქორწილია ასახული. ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოების და ტიკტოკის ორიგინალი ვიდეოს შედარებით ცხადი ხდება, რომ ვიდეო პროგრამულად დაამუშავეს და მასში ფონ კრამონის სახე ჩასვეს.
ორიგინალ ვიდეოში დაქორწინებულ წყვილს, ქორწილის სტუმრებსა და თავად ვიდეოს ავტორს ვხედავთ. ის ცნობილი ტიკტოკ ტრენდის მიხედვითაა გადაღებული და მისი თითოეული მონაწილე სასმლით ხელში ორჯერაა გადაღებული – პირველად საქორწინო წვეულების დასაწყისში, სადაც ისინი თავს წარადგენენ და ამბობენ, რომ ეს მათი პირველი ჭიქაა და მეორედ მის ბოლოს, სადაც ისინი ამბობენ, რომ ეს მათი ბოლო ჭიქაა.
ამ ვიდეოს გარდა, ტიკტოკის იგივე მომხმარებელი აღნიშნული ქორწილის ამსახველ სხვა რამდენიმე ვიდეოსაც ავრცელებს, რომლებშიც ასახულია, როგორ ემზადებოდა პატარძალი ქორწილისთვის და როგორ ცეკვავდა ის მეუღლესთან ერთად.
ფონ კრამონი ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით მას შემდეგ მოექცა, რაც 2023 წლის 1 აპრილს ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა, რომელიც 7-9 მარტს “აგენტების კანონის” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციებზე ე.წ. “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის ბრალდებით დააკავეს. ევროპარლამენტარის ამ ნაბიჯს “ქართული ოცნების” წევრების კრიტიკა მოჰყვა.
წყაროების შესახებ:
ფეისბუქ ანგარიშს გიორგი იბერიელი დეზინფორმაციული შინაარსის ინფორმაცია და კონსპირაციის თეორიები წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია. 2017 წელს ანგარიშმა ირაკლი კობახიძის ყალბი ციტატა როგორც პირად გვერდზე, ასევე რამდენიმე საჯარო ჯგუფში გაავრცელა.
რაც შეეხება ანგარიშს ქართველი ქართველი, ის ანტიდასავლური და ანტიოპოციზიური შინაარსის ინფორმაციას, მათ შორის დეზინფორმაციულ მტკიცებებს, ხშირად ავრცელებს.