არქივი

სამოქალაქო პლატფორმაში არა ფობიას!” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა

სამოქალაქო პლატფორმაში “არა ფობიას!” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები ვთვლით, რომ ბოლო დროს ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობისა და ფემიციდის ფაქტების შემაშფოთებელი ტენდენცია როგორც ხელისუფლების, ასევე სხვა ინსტიტუტების და მთელი საზოგადოების  ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა, ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესში ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია.

საქართველოს მთავრობას და ოჯახური ძალადობის უწყებათაშორის კომისიას:
ბოლო წლებში ოჯახში ძალადობისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ არაერთი საკანონმდებლო ნორმა და პოლიტიკის განმსაზღვრელი სამოქმედო დოკუმენტი შეიმუშავა. მისასალმებელია ისიც, რომ საქართველო ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორმატებს შეუერთდა, როგორიცაა სტამბოლის კონვენცია და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325, რაც ადგილობრივი კანონმდებლობის და პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს. ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვთვლით, რომ პრობლემა არის არა იმდენად ნორმატიული დებულებების არარსებობაში, არამედ მათ ეფექტიან განხორციელებაში. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს მთავრობასთან არსებულ ოჯახური ძალადობის უწყებათაშორის კომისიას:

*   ადეკვატურად გაანალიზონ და შეაფასონ ის მიზეზები, რომლებიც კანონმდებლობის პრაქტიკულ იმპლიმენტაციას უშლის ხელს;

* ხელი შეუწყონ ეფექტიანი სამართლებრივი მეთოდების დანერგვას ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოსავლენად და აღსაკვეთად;

* გაატარონ ქმედითი ღონისძიებები როგორც მოძალადეების მიმართ ეფექტიანი სამართლებრივი დევნის ღონისძიებების გატარების მხრივ, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომელთა მიმართ, რომლებიც კანონმდებლობის უგულვებელყოფით  არასათანადო რეაგირებას ახდენენ ძალადობის ფაქტებზე, რითაც  ახალისებენ დაუსჯელობას და ძალადობის მასშტაბების ზრდას;

* დისკრიმინაციის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, ქალის მიმართ გენდერის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების თაობაზე შეტყობინებების და დანაშაულის ფაქტების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვებაში პროკურატურასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასამართლოს ინსტიტუციონალური მონაწილეობა. ეს ხელს შეუწყობს დისკრიმინაციული მოტივის სწორად შეფასებას, რაც ხშირად სამართლებრივ პროცესში უგულვებელყოფილია;

* მიუხედავადიმისა, რომ პოლიციის აკადემიის კურიკულუმში ინტეგრირებულია პროგრამები, რომლებიც ადამიანის უფლებებზე, მათ შორის გენდერულ საკითხებზეა ფოკუსირებული, მნიშვნელოვანია, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე პროკურატურამ პერიოდულად განახორციელონ ასეთი პროგრამების მონიტორინგი და შეფასება, რათა განისაზღვროს ახალი საჭიროებები და მოხდეს არსებული მოდულების პერიოდული განახლება;

* სამართალდამცავთა ტრენინგ პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისმიზნით,  მნიშვნელოვანია, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სასწავლო პროგრამაში ჩართვა, რომელიც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგსამართალდამცავთა პრევენციული და დროული რეაგირების უნარების ამაღლებას უწყობს ხელს.

პოლიტიკურ პარტიებს:
* მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა, განსაკუთრებით მმართველმა კოალიციამ გააცნობიეროს პრობლემის სიმწვავე და თავიანთი საჯარო განცხადებებით არ გააღრმავონ სტერეოტიპული მიდგომები ქალისა და მამაკაცის როლების ტრადიციული გაგების შესახებ; ასევე თავი აარიდონ ცალკეული ტრაგიკული შემთხვევების საკამათო ინტერპრეტაციას;

* მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა საზოგადოებას შესთავაზონ პარტიული პროგრამები, რომლებიც როგორც ამ კონკრეტული პრობლემის დაძლევის გზებს დასახავს, ასევე ზოგადად მეტად  გენდერმგრძნობიარე იქნება.

 რელიგიურ ორგანიზაციებს: 
* რელიგიურ გაერთიანებებს შეუძლიათ, პოზიტიური როლი შეასრულონ ამ პრობლემის დაძლევაში როგორც საჯარო განცხადებებისას, ასევე  ქადაგეგების დროს თანასწორობის იდეის  და ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობის დაგმობის გზით. ამავე დროს ამა თუ იმ რელიგიური მოძღვრებისარასწორად აღქმამდაგაგებამ შესაძლოა, ნეგატიური როლი შეასრულოს და ქალებისჩაგვრის მიზეზად იყოს გამოყენებული.
* მისასალმებელია, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის დაგმობა. ამასთანავე ვფიქრობთ, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის  პოზიტიურ გზავნილს, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ იქნება მიმართული, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნებოდა.

მედია საშუალებებს: 
* ჟურნალისტი ვერ შეაჩერებს ძალადობას კონფლიქტის დროს, მაგრამ პროფესიული და სიღრმისეული ინფორმირების გზით მას შეუძლია საზოგადოების მობილიზება, რათა საზოგადოება ძალადობასთან დაკავშირებულ პრობლემებს მეტი  პასუხისმგებლობით მოეკიდოს.

* ჟურნალისტი ვერ მოახდნენს კონფლიქტისა და ძალადობის, როგორც ახალი ამბის უგულვებელყოფას, მაგრამ მან უნდა აჩვენოს  პრობლემასთან დაკავშირებული ფართო სურათი.’

* მედია უნდა დაეხმაროს  მკითხველს, გაიგოს კონტექსტი ადამიანის უფლებების და სამართლებრივი თვალსაზრისით და თავი აარიდოს ისეთ მცდარ სტერეოტიპულ აღქმას, როგორიცაა “ღირსების დანაშაული”, რადგან ოჯახში ძალადობა დანაშაულია და არა “შიდა ოჯახური საკითხი”.

* მნიშვნელოვანია, მედიამ არ მოახდინოს მსხვერპლის ან ძალადობას გადარჩენილთა რევიქტიმიზაცია, პატივი სცეს მათ უფლებებს და დანაშაული არა განცალკევებულ ფაქტად, არამედ პროცესის შემადგენელ ნაწილად წარმოაჩინოს.

* მნიშვნელოვანია, მედია თანმიმდევრული იყოს გაშუქებისას, როგორც სამართლებრივ პროცესზე თვალყურის მიდევნების მხრივ, ასევე პოსტ-ტრავმულ პერიოდთან გამკლავების კუთხითაც.

 

 

მედიის განვითარების ფონდი, MDF
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI
იდენტობა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, GYLA
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI
საფარი
საქართველოსრეფორმებისასოციაცია, GRASS
უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი, ECMI
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ISFED
ადამიანისუფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, EMC
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, TI
განცხადებას შემოუერთდნენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:
ასოციაცია “მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია”
ასოციაცია მწვანე ალტერნატივა
საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი
ციხის საერთაშორისო რეფორმა
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი
ქალთა საინფორმაციო ცენტრი
ასოციაცია “მერკური”

მსგავსი პოსტები

ფორუმი "ქალები ცვლილებებისთვის" საარჩევნო პლატფორმების გენდერმგრძნობელობას დაეთმო

ბლოგერების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯიდლოვების ცერემონია გაიმართა

ახალქალაქში ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ დისკუსია გაიმართა

"ქალები ცვლილებებისთვის" - კონკურსი ბლოგერებისთვის ადგილობრივი ლიდერი ქალების გამოსავლენად