1851-1900
ბაბო ავალიშვილი თბილისის განახლებულ თეატრში (1879) ტრაგიკული და დრამატული როლების პირველი შემსრულებელი ქალი იყო. თამაშობდა შემდეგ მთავარ როლებში: მართა (გ. ერისთავის „ყვარყვარე ათაბაგი“), ქეთევანი (დ. ერისთავის „სამშობლო“), მარინე (გუნიას „და-ძმა“), მარგარიტა (დიუმას „მარგარიტა გოტიე“), ოფელია (შექსპირის „ჰამლეტი“), ამალია (შილერის „ყაჩაღები“) და სხვა.
ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას. იყო „ქართველ ქალთა ამხანაგობის“ საზედამხედველო კომიტეტის წევრი.
გაზეთი “კვალი” #51, 12 დეკემბერი, 1893
ბარბარე ავალოვისა თ. ხერხეულიძის ასული
“რაკი ერთხელ დაიძრა საზოგადოებაში ქართული სახიობის სურვილი, გავიხედეთ და 1868 და 1869 წელს მოგვესმა თავადის ბარბარე ხერხეულიძის ასულის გამოსვლა სცენაზე. თავადი ბარბარე ხერხეულიძის ასული საკვირველი შნოიანი, ლამაზი, მოხდენილი ტანადობისა იყო. მაშინ ის იქნებოდა თხუთმეტ-თექვსმეტი წლისა, ტან მორჩილი მოხდენილი მანდილოსანი. იმ დროს მამა ცოცხალი აღარ ჰყავდა; მაგრამ როგორც ეტყობოდა მის დედას სასიამოვნოდ მიაჩნდა, რომ მისი ახალგაზრდა კოპწია, ცოცხალი ხასიათის ქალი, საზოგადოების ყურადღებას იქცევდა, ახალგაზრდობას აგროვებდა თავის გარშემო ქართული წარმოდგენების გასამართავად. რეპეტიციები ხშირად მოხდებოდა ხოლმე მისივე სახლში ანჩისხატის უბანში და თუ თეატრში წავიდოდა, ან სადმე დარბაზში, მას მუდამ თან დაჰყვებოდა ან დედა, ან უფროსი ძმა მაინც. და რომ კიდევ უფრო აღეძრა საზოგადოებაში თანაგრძნობა ქართულ სახიობისადმი, თავადი ბარბარე ხერხეულიძე წარმოდგენებს შემდეგ მართავდა თეატრის შემოსავლიდან საზოგადო დროს გასატარებელ საღამოებს. ამითი მას ჰსურდა ქართული საზოგადოება და ოჯახები ერთმანეთთან დაეახლოვებინა და მეტი თანაგრძნობა გამოეწვია ქართულ მსახიობისადმი. ამდროს დიდ მონაწილეობას იღებდნენ ბილეთების გაყიდვაში და თანაგრძნობას უწევდნენ ბარბარე ხერხეულიძის ასულს თავ. ვახტანგ გურამიშვილის ოჯახი, დიმიტრი ყიფიანის ოჯახი, ნაცვალოვიანთი და სხვ.
ერთხელ, ეს იყო 1869 წლის გასულს პ. უმიკაშვილმა მიგვიწვია მასთან მე, ნ. ნიკოლაძე და ს. მესხი: ამ საღამოს ახალი ქართული ნათარგმნი კომედიების კითხვა იქნებაო და თავადის ასულმა ბარბარე ხერხეულიძისამ გთხოვათ მობრძანდითო. პ. უმიკაშვილი კი ხერხეულიძის სახლში იდგა თავის ოჯახით და დაახლოვებული ნაცნობი იყო ბარბარე ხერხეულიძის სახლობისა. მეტი არ შეიძლებოდა ისე გვეამა ეს ამბავი რადგან დიდი თანაგრძნობით შევცქეროდით ბაბო ხერხეულიძის საზოგადოებრივ მოქმედებას. იმ დროს ბაბოს სახელი (ასე ეძახდნენ მას) ახლგაზრდობაში პატივისცემით და აღტაცებით წარმოითქმოდა ხოლმე. მის გარეგანს სილამაზეს და მოხდენილ ტანადობას უდრიდა მისი უმანკო სულის სიმშვენიერე და გულის მიმზიდავი დარბაისლური ყოფა-ქცევა.
გ. წერეთელი
გაზეთი “ივერია” #7, 11 იანვარი, 1900
„ჯერ ისევ 1867 წლიდგან დაიწყო იმ წრემ წარმოდგენების გამართვა. მეტად ძნელი იყო იმისათვის ეს საქმე; ძნელი იყო ყოველ მხრივ: ერთი, რომ არავითარი გავლენა და მნიშვნელობა არა ჰქონდა საზოგადოებაში, რადგან, როგორც ზევითა ვთქვი, სულ უჩინარ ყმაწყვილებისაგან შესდგებოდა; მეორე, ბინა არსად მოეპოვებოდა არა მარტო წარმოდგენის გასამართავად, არამედ რეპეტიციებისთვისაც კი, და მესამე, როლების აღმასრულებელი ქალები არსად ეშოვებოდა, იმ წრის ერთად ერთი ძალა _ თავგამოდებული შრომა-მოქმედება იყო და კიდევ ის, რომ ყველას როლების აღსრულება შეეძლო და ერთად-ერთი იმედი – მოთმინება დიდი ჰქონდათ, მარცხს არ ეპოვებოდნენ.
პირველ ხანს ქალების როლს ყმაწვილკაცები ასრულებდნენ; ესენი ჯერ კიდევ მოსწავლენი მღებრიშვილი, ალხაზოვი და სხვ. ამ წრეში ბ. იზმაილოვსაც უთამაშნია ქალის როლები (აწ განსვენებულს ქალაქის მოურავს). შემდეგში ორი სომხის აქტრისა იშოვა წრემ: არამიანისა და აბრამიანისა – ქართული ენის სუსტი მცოდნენი, ხოლო წერა-კითხვისა სრულიად უცოდინარნი; ამათ სომხურის ასოებით უწერდა ქართულ სიტყვებს და ისე ასწავლიდა როლებს. შემდეგ ქართველი ხელოსანი ქალები გამოუჩდნენ მაშველად ჩვენის პოეტის კნ. ნინო ორბელიანის შემწეობით“.
ბოლოს იქამდისაც მივიდა საქმე, რომ წარჩინებულ ოჯახებამდისაც გაიკვალა გზა და მათი მფარველობა თანაგრძნობა მოიპოვა. ამ ოჯახებში დაიდო რეპეტიციების ბინა და იმათისავე დახმარებით დაიწყო ჩვენის ოჯახის ქალების სცენაზედ გამოყვანის ქადაგება. ეს ოჯახები იყვნენ: თ. კოლა ხერხეულიძისა, თ. გიგო ორბელიანისა(კნ. ნინოს მეუღლისა), დიმიტრი ყიფიანისა და კნ. დარია შალიკაშვილისა. ამათმა დახმარებამ დიდი სარგებლობა მოუტანა საქმეს. ყველაზე პირველად თავადის ასულმა ბაბო ხერხეულიძისამ (აწ. კნ. ავალიშვილისამ) გაბედა სცენაზედ გამოსვლა, იმას მოჰყვა ელენე, დიმიტრი ყიფიანის ასული. ამათ ქ-ნნი ანტონოვსკისა, (ბროძელის ასული), მარიამ ყიფიანისა, ბარბარე კორინთელი, თ. ას. ვაჩნაძისა, ელისაბედ ყაზბეგისა, ვარლამოვისა, დაკიშევიჩისა, ბოლოს მარიამ საფაროვისა, ნატალია გაბუნია და სხვ. ვინც კი იმ პატარა წრესთან ერთად რაიმე შრომას ეწეოდა ქართული თეატრისთვის, ქალი იყო იგი თუ ვაჟი, ყველანი თითქოს ერთ ოჯახს წარმოადგენდნენ. ეს იყო იმ წრის ძალა და იმის მეოხებით კეთდებოდა და ნელნელა წინ მიდიოდა ქართული თეატრის საქმე“.