1864-1929
1864 წლის 28 ოქტომბერს ვანის რაიონის სოფელ სალომინაოში დაიბადა.
მისი პირველი ლექსი „ბარათაშვილის ნეშთის გადმოსვენების გამო“ ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ 1893 წელს გამოაქვეყნა და როგორც ქართული ენის კარგი მცოდნე, თანამშრომლადაც მიიწვია. დომინიკა ერისთავი პირველი კორექტორი ქალი იყო.
იგი საქართველოში ქალთა პირველი ორგანიზაციის – „ქართველ ქალთა საზოგადოების“ – ერთ-ერთი ინიციატორი და დამფუძნებელია.
თანამშრომლობდა არაერთ პერიოდულ გამოცემასთან (“ივერია”, “კვალი”, “სახალხო ფურცელი” და სხვა), 1904 წელს კი ჟურნალ “ნობათის” რედაქტორად დაინიშნა.
1897 წელს მოთხრობა „მარინეს“ გამოქვეყნების შემდეგ ნიჭიერ ბელეტრისტად აღიარეს. ლექსებისა და მოთხრობების კრებული 1910 წელს, ხოლო ლექსების – 1918 წელს გამოაქვეყნა.
განდეგილი მთარგმნელობითი საქმიანობითაც იყო დაკავებული. თარგმნა ჰაინეს, მარკიზ სონიეს, კუპრინის, ტურგენევის, გორკის და სხვათა ნაწარმოებები.
წარდგენილი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თბილისის ქალაქის ხმოსანთა კანდიდატად (გაზეთი “საქართველო”, #152, 14 ივლისი, 1917წ).
ჩემი პროტესტი
ავტორი: განდეგილი
„..კულტურულ საზოგადოებათა წარმომადგენლობის კრებამ საჭიროდ არ სცნო გამგეობის შვიდს წევრსა და სამს კანდიდატში ერთი ქალი მაინც მოჰყოლოდა…
ქართველ ქალებს საქმიანობის არც ერთ დარგში მამაკაცებზე მეტი თუ არა ნაკლები უნარი არ გამოუჩენიათ, მაგრამ კულტურულ საზოგადოებათა კავშირის კრებამ ვერ გამოიჩინა კულტუროსნობა და ღირსეული ადგილი ვერ მიუჩინა ქართველს ქალს, რომელსაც ჩვენი წინაპრები უფრო მაღლა აყენებდნენ. მეოცე საუკუნის ქართველი მამაკაცი სირცხვილის ალმურმა უნდა დასწვას მეთორმეტე საუკუნის მამაკაცის ხსენების დროს, თუ თანამედროვე ქართველს მამაკაცს სირცხვილის ნატამალი-ღა შერჩენია.
ჩვენ მოწყალებას არა ვთხოვთ არავის, მხოლოდ ახსოვდეთ, რომ ქართველი ქალები უპროტესტოთ ვერ შეხვდებიან მამაკაცთა ასეთს ქედმაღლობას, რომელიც ბევრს გვაძლევს და არაფრის უფლებას კი არ გვავალებს.
უუფლებო მოვალეობის ხანა წარსულს ეკუთვნის“.
გაზეთი “საქართველო” #84, 16 აპრილი, 1916