ქალები წარსულიდან

ეფემია მესხი – მსახიობი

1862-1941
ეფემიამ ქუთაისის სცენაზე პირველად ძმამ, მსახიობმა და რეჟისორმა კოტე მესხმა გამოიყვანა.  პარიზიდან დაბრუნებულმა კოტემ  სამი პიესის – „მარგარიტა გოტიეს“,  „ადრიენა ლე კუვრერის“ და „მადამ სან-ჟენის“ ქუთაისსა და თბილისში დადგმით, ეფემიასთან ერთად, ქართული თეატრის მნიშვნელოვანი ეპოქა შექმნეს.

 

ივერია #39 , 23 თებერვალი, 1893
„ქუთათური თეატრი“ – ქ-ნ ეფემია მესხის ბენეფისი – „ის თანაგრძნობა, რომელიც დაუმტკიცა თავის საყვარელ არტისტ ქალს საზოგადოებამ, იმ ნაირი პატარა ქალაქისთვის, როგორიც არის ქუთაისი, ნამდვილ აპოთეოზად და თაყვანისცემად უნდა მივიჩნიოთ…

უკანასკნელ წარმოდგენას მაინც მოუთმენლად მოელოდა საზოგადოება და ბევრი საჩუქრები დაუმზადა არტისტ ქალს, შეძლებისამებრ, რასაკვირველია. მობენეფისეს, საჩუქრები ყოველ ამისთანა შემთხვევაში, უეჭველია, წინადვე აქვს დამსახურებული ნიჭიერის თამაშობით და სინდისიერის შრომით, მაგრამ რამდენადაც სასიამოვნოა ხოლმე როდესაც ბენეფისის დროსაც არ გიმტყუვნებს მოთამაშე იმედს პატივისა და თაყვანის მცემელ საზოგადოებას“… 

კვალი #11, 14 მარტი, 1893
აიხადა ფარდა; ცოტა ხანს უკან სცენაზედ გამოჩნდა ეფემია მესხი… ქართული სცენა უცებ გაცოცხლდა. სასიამოვნო ხმამ და ლაზათიანმა მიხვრა-მოხვრამ მოთამაშისადმი ერთბაშად აღძრა საზოგადოებაში სიმპათია, გულის სურვილი. ჩვენ გვესმოდა მთიდან გადმოვარდნილის წყაროს ნაკადულის ტკბილი ჩუხჩუხი, გრძნობით სავსე გულიდან ამოხეთქილი მშვენიერი ქართული სიტყვები. ასეთს ლაპარაკს და სცენურს მოქმედებას ჩვენ ჯერ არ ვყოფილვართ შეჩვეული. გაისმა საზოგადოებაში ჩუმი შრიალი გაკვირვებისა: „სად იყო აქამდის ეს ქალი? ნეტა სად უსწავლია ასეთი ხელოვნური თამაში! . ეს რაღაც სულ ახალი მოვლენაა ჩვენის სცენისთვის…“ დაეშვა ფარდა. საზოგადოება აღტაცებაში მოიყვანა ეფემია მესხის თამაშმა. რაც უფრო წინ მიდიოდა მოქმედება დრამისა სახოგადოებსა თან-და-თან უფრო ემატებოდა აღტაცება და ბოლოს, დრამის გათავების დროს  მის აღტაცებას საზღვარი აღარ ჰქონდა. „ვაშას“ ძახილმა და ტაშის კვრამ მთელი თეატრი შესძრა. ქართულს სცენას ამისთანა არა უნახავს-რა და საზოგადოებასაც ჯერ ამისთანა სიამოვნება ქართული სცენიდან არ გამოუცდია.  ეფემია მესხმა დახატა მარგარიტა გოტიეს ცხოვრების სურათი  და მან ღრმად შეარყია მთელი მაყურებელნი. ნამდვილი ნიჭისა და უმანკო ქალის მეტი ამისთანა შთაბეჭდილებას სხვა ვერავინ მოახდენდა.

 

კვალი #50, 10 დეკემბერი,1900
ჩვენი სახიობა
ამ თვის 7 ქართულ თეატრში ქ. ეფ. მესხის საბენეფისოთ წარმოადგინეს 4 მოქმედებიანი დრამა „დენიზა“ , თხზულება ალ. დიუმასი და ვოდევილი „ადვოკატთან“… თვითონ მობენეფისემ ქ. ეფ. მესხმა თავისი როლი, როგორც ყოველთვის, ჩინებულათ ჩაატარა. მისი თამაში ცქერა მართლა რომ დიდი სიამოვნებაა. მისი მიმოხვრა, დიქცია, სახის გამომეტყველება, გონიერათ ლაპარაკი  -ყველა ეს გავიწყებს სცენას და თვალ-წინ გიყენებს ცხოვრების ნამდვილ სურათს. თითეული მისი სიტყვა შიგ გულში გხვდება და სამუდამოდ იბეჭდება. მისმა გამოტეხამ გრაფის წინაშე ბევრი ააცრემლა და ქალის უნამუსოთ მოტყუება სამარცხვინო ბოძზე გააკრა. ასეთი არტისტი საზოგადოების დიდი აღმზრდელია და მხოლოთ უნდა ვწუხდეთ იმას, რომ ქალბატონი მესხი ასე იშვიათად გვეჩვენება ხოლმე სცენაზე.

მსგავსი პოსტები

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი - მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ალექსანდრა ჯაფარიძე - მთამსვლელი

თამარ ჭავჭავაძე - მსახიობი

ცეცილია წუწუნავა - მსახიობი