1854 – 1931
ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის დები – ეკატერინე და ოლიმპიადა ნიკოლაძეები, იმ ქართველ ქალთა რიცხვში იყვნენ, ვინც ევროპაში პირველები წავიდნენ განათლების მისაღებად.
სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად, შვეიცარიაში აქტიურად იყო ჩართული ქართველი ახალგაზრდობის მიერ დაარსებული საზოგადოება „უღელის“ საქმიანობაში.
განათლების მიღების შემდეგ ქუთაისში დაბრუნდა, სადაც პედაგოგიურ და საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა. პანსიონში, რომელიც გიმნაზიაში შესასვლელად ამზადებდა ბავშვებს, ეკატერინე დასთან, ანასთან ერთად საქმიანობდა, მათ საგანმანათლებლო ღონისძიებებში კი აკაკი წერეთელი აქტიურად იყო ჩაბმული.
ეკატერინეს ინიციატივით, ქუთაისში სახალხო წარმოდგენები იმართებოდა.
გაზეთი “კვალი” #46, 8 ნოემბერი, 1898
“ამ ორი-სამი თვის წინეთ ზოგ ქუთათურ მანდილოსნებს და მათ ხელმძღვანელს ქ-ნ ეკატერინე ნიკოლაძისას დაებადათ კეთილი აზრი სახალხო ასპარეზზე მოღვაწეობისა.
როდესაც ქ-ნ. ეკ. ნიკოლაძის ქალმა ასეთ მოღვაწეობისთვის ქუთათური ქალ-ვაჟნი გამოიწვია, ყველას ეჭვი ებადებოდა ამის განხორციელების შესახებ… ორი-სამი თვის კრებების შემდეგ წასულ კვირას (1 ნოემბერს) უკვე გაიმართა ქუთაისში პირველი სახალხო წარმოდგენა სცენის მოყვარულთაგან.”