1861–1911
ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილი ქართული მწიგნობრობის მოყვარულ, განათლებულ ქალბატონად ითვლებოდა. მან ადრეულ ასაკშივე შეისწავლა უცხო ენები.
ცნობილ მეცენატ, ქართული კონიაკის წარმოების დამფუძნებელ, დავით სარაჯიშვილზე დაქორწინების შემდეგ, ის მეუღლესთან ერთად ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და საგანმანათლებლო მოძრაობაში აქტიურად იყო ჩართული. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კი თავად განაგრძობდა საქველმოქმედო საქმიანობას. მან წერა-კითხვის გამავრცელებელი, დრამატული, ეთნოგრაფიული და სხვა საზოგადოებებისა და სასწავლო და კულტურული დაწესებულებებისთვის ანდერძის სახით სოლიდური თანხები გაიღო.
ეკ.ივანეს ასული სარაჯიშვილისა
ავტორი: ზ. ჭიჭინაძე
“ასეთ ადამიანთ რიცხვი ყველა ოჯახისათვის ბურჯად ითვლება, იგი დიდება არის და ჭეშმარიტი ნიშან წყალი იმ ფილოსოფიურის ღაღადების, რომელთა ძალითაც მოისმის მქუხარედ, რომ მდედრობითი სქესიც იმავ ღირსების არის და იმავ თანასწორობის, რისაც მამაკაცები არიანო…
ეკატერინე ივანეს ასული ქართული მწიგნობრობის მოყვარე იყო და როგორც განათლებული პირი, დიდი პატივის მცემელი მწიგნობრობისა, შესანიშნავის ქართველის ნაწერების და მწერლების; ეს ადამიანი ქმართან ერთად სწევდა საერთო უღელს და რასაც დავით ზაქარიას ძე ემსახურებოდა, ადიდებდა და პატივს სცემდა, იმასვე ეს მანდილოსანიც ფაქიზად ასრულებდა.“
გაზეთი “საქართველო” #178 , 11 აგვისტო, 1916