ქალები წარსულიდან

ელისაბედ ნაკაშიძე- ბოლქვაძე – საზოგადო მოღვაწე

1885-????

ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრების წევრად სოციალ-დემოკრატთა სიით 1919 წელს აირჩიეს. საქართველოს პირველ პარლამენტში იგი შრომის კომისიაში იყო გაწევრიანებული.

1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ანტი-საბჭოთა მოძრაობაში ჩაერთო, რასაც მისი რამდენჯერმე დაპატიმრება და გადასახლება მოჰყვა. 1936 წელს მას გადასახლებაში ყოფნის ვადა ხუთი წლით გაუხანგრძლივეს. საარქივო მასალების მიხედვით, გაურკვეველია მისი შემდგომი ბედი.

ციმბირის ცენტრი
გადასახლებული ქართველი მენშევიკები
ავტორი: მერი ბარბაქაძე

“საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 1935 წლიდან დასავლეთ ციმბირში, ქ. კამნეში  ჩამოყალიბებული მენშევიკთა არალეგალური ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გადასახლებაში მყოფი პოლიტპატიმარი, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკთა) პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი ელისაბედ ბოლქვაძე იყო…

ელისაბედის მითითებით მრავალრიცხოვან თავყრილობებს არ ატარებდნენ. _“საზღვარგარეთის ბიუროსგან მივიღეთ მითითება, რომ თავი შევიკავოთ ხალხმრავალი შეკრებებისგან. პარტიული მუშაობის ამგვარი ფორმა ვერ შეგვინახავს კადრებს, პირიქით, მათი გამოაშკარავება ასეთ შემთხვევაში უფრო ადვილია, ამას რეპრესიები და გადასახლება მოჰყვება ბოლშევიკების მხრიდან. ჩვენი საქმიანობა დიდ კონსპირაციას მოითხოვს, რაც ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ და ვისწავლოთ“. შეკრებები ელისაბედ ბოლქვაძის სახლშიც იმართებოდა. მსჯელობდნენ მომავალ გეგმებზე, თავისუფლებისაკენ მიმავალ გზებს ეძებდნენ…

1936 წელის 6 აპრილს დასავლეთ ციმბირში არალეგალური მენშევიკური კონტრრევოლუციური საქმანობისთვის გადასახლებული ელისაბედ ბოლქვაძე თანამოაზრეებთან ერთად კვლავ დააპატიმრეს. ციხის სამორიგეო ოთახში ყოფნისას ელისაბედმა თანამემამულეებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ფრთხილათ იყავით, დაკითხვისას არაფერი წამოგცდეთ მეგობრებზე, როგორც ერთმა, ყველამ განაცხადეთ, რომ უარს ამბობთ ჩვენების მიცემაზე. რაც უნდათ ის უქნიათ, მედგრად დაიცავით ჩვენი იდეები და სანამ ცოცხლები ხართ, ბოლომდე იბრძოლეთ დამოუკიდებელი საქართველოსთვის“.

 

 

ამონარიდი ელისაბედ ბოლქვაძის დაკითხვის ოქმიდან: 

დასავლეთ ციმბირის შინსახკომის სამმართველო
1936 წლის 2 ივლისი

1923 წელს იზოლირებული ვიყავი საქართველოსგან. გურიაში არალეგალური პარტიული საქმიანობისთვის დამაპატიმრეს და გამგზავნეს ურალში. ზოგჯერ ჩემი საქმიანობა მიმართული იყო დამოუკიდებელ საქართველოზე გაბატონებული საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 1925 წელს გადასახლებიდან სახლში, საქართველოში დაბრუნებული, გავწევრიანდი საქართველოს არალეგალური სოციალ-დემოკრატიული (მ) პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. ამ დროიდან 1926 წლამდე პარტიის არალეგალურ საქმიანობას ვაგრძელებდი ქ. თბილისში. 1926 წელს ხელახლა დამაპატიმრეს და მომათავსეს ზემო ურალის პოლიტიზოლატორში.

1927 წელს პოლიტიზოლატორი გადასახლებით შემიცვალეს და გამიშვეს გადასახლებაში. ქ. მინუსინსკში. მას შემდეგ მე ვიმყოფები ციმბირში, გადასახლებაში…

დოკუმენტების თანახმად, 1936 წელს ელისაბედ ბოლქვაძეს გადასახლებაში ყოფნის ვადა ეწურებოდა. გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტსამმართველოს განსაკუთრებული სათათბიროს გადაწყვეტილებით, ხელახალი ბრალდების საფუძველზე, 1936 წელს გადასახლების ვადა ელისაბედ ბოლქვაძეს 5 წლით გაუხანგრძლივეს.

საქმის მასალებიდან არ ირკვევა, ცამეტწლიანი გადასახლებიდან დაბრუნდა თუ არა სამშობლოში ელისაბედ ბოლქვაძე-ნაკაშიძე. გაურკვეველია, რა ბედი ეწია ამ ქალბატონს”…

ჟურნალი “საარქივო მოამბე” #11, 2011

მსგავსი პოსტები

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი - მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ალექსანდრა ჯაფარიძე - მთამსვლელი

თამარ ჭავჭავაძე - მსახიობი

ცეცილია წუწუნავა - მსახიობი