ქალები წარსულიდან

ეთელ ანაკინი-სნოუდენი – საზოგადო მოღვაწე

1881 – 1851

ეთელ ანაკინი სნოუდენი (ვიკონტესა სნოუდენი) ბრიტანელი სოციალისტი პოლიტიკოსი და ფემინისტი იყო. საშუალო კლასის წარმომადგენელი რადიკალი პასტორის ზეგავლენით, ქრისტიან-სოციალისტი გახდა და თავდაპირველად, ლივერპულის ღარიბ უბნებში ალკოჰოლის ზომიერ მოხმარებას ან მოხმარებისგან სრულ თავშეკავებას ქადაგებდა. იგი ჯერ ფაბიანელთა საზოგადოებას მიემხრო, შემდეგ დამოუკიდებელ ლეიბორისტულ პარტიას. შემოსავლის წყაროს ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში ლექციების კითხვა წარმოადგენდა. პირველ მსოფლიო ომამდე, სნოუდენი ქალებისთვის საარჩევნო უფლების მინიჭების კამპანიის ერთ-ერთი აქტიური ლიდერი იყო. შემდეგ მან ქალთა სამშვიდობო კამპანია წამოიწყო, რომელიც ომის წინააღმდეგ ილაშქრებდა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მოწოდებებით გამოდიოდა. საბჭოთა კავშირში მოგზაურობის შემდეგ, იგი ამ ქვეყნის სისტემის მკაცრი კრიტიკოსი გახდა, რამაც ის ბრიტანელ მემარცხენეებს შორის არაპოპულარული გახადა.

ანაკინი ცოლად ლეიბორისტული პარტიის ცნობილ პოლიტიკოსს და მომავალ ფინანსთა მინისტრს, ფილიპ სნოუდენს, გაჰყვა. 1920-იან წლებში იგი BBC-ის სამეურვეო საბჭოს წევრად და სამეფო ოპერის დირექტორად დაინიშნა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, კვლავ ჩაერთო ალკოჰოლის ზომიერი მოხმარების კამპანიაში და ჟურნალისტიკას მიუბრუნდა.

ეთელ სნოუდენი 1920-იან წლებში საქართველოს რამსეი მაკდონალდსა და ტომ შოუსთან ერთად ეწვია, საკუთარი შთაბეჭდილებები კი გაზეთ “მანჩესტერ გარდიანის” ფურცლებზე ასახა.

 

გაზეთი “მანჩესტერ გარდიანი”
1920 წლის 12 ოქტომბერი

 

ქალბატონი სნოუდენის [ეთელ ანაკინის] შთაბეჭდილებები
ქალი კორესპონდენტი

ლონდონი, ორშაბათი

“ქალბატონმა ფილიპ სნოუდენმა, რომელიც საქართველოს ბატონ რამსეი მაკდონალდსა და ბატონ ტომ შოუსთან ერთად ეწვია, დღეს საკუთარი შთაბეჭდილებები ისე მკაფიოდ აღმიწერა, რომ ბევრი რამ თვალნათელი გახდა იმ განსხვავებიდან, რომელიც მან სასაზღვრო ქვეყანასა და საბჭოთა რუსეთს შორის გაავლო.

„საქართველოს გამოვლილი აქვს ომები თურქებთან, სომხებთან და ბოლშევიკებთან. ფასები კვლავ ძალიან მაღალია და გაცვლითი კურსი მათთვის სახარბიელო არ არის. თუმცა ხალხი იმედით აღსავსე და მიზანმიმართულია. მათ შექმნეს ისეთი რამ, რაც ყველაზე სრულყოფილი სოციალიზმია ევროპაში. მე იქ ვნახე საკუთრებაჩამორთმეული არისტოკრატია, რომელიც ახალ პირობებს ეგუება; შევხვდი ათობით თავადსა და არისტოკრატიის სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც შემოსავალს მძღოლად ან კლერკად მუშაობით ან სხვა სამუშაოს შესრულებით შოულობენ და ისინი ამას ამართლებენ. იგივე მიდგომა აქვთ საკუთრებადაკარგულ თავადებს, რომლებსაც შევხვდი. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებსაც არ მოსწონთ ცვლილებები, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი საცხოვრებლად სხვაგან წავიდნენ,“ თქვა ქალბატონმა სნოუდენმა.

„ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება ქართველებსა და რუსებს შორის გარეგნულმა სხვაობამ მოახდინა. რუსეთში საყოველთაო გაჭირვების ცქერა აუტანელი იყო. ქართველები ფიზიკურად უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე რუსები. ისინი კარგად იკვებებიან და კარგად აცვიათ და, რაც მთავარია, ნამდვილად ბედნიერები ჩანდნენ. მათ სახეებზე შიში არ ეტყობოდათ. სამხედრო წყობის გამო დემონსტრაციები არ ყოფილა.

ქალქიდან ქალაქში და სოფლიდან სოფელში რომ გადავდიოდით, ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ, რომ ჩავდიოდით, ძალიან მეგობრულად გვხვდებოდნენ. საჩუქრად ხილი და ღვინო მოჰქონდათ და – თავიანთი სტუმართმოყვარეობის ტრადიციის შესაბამისად, პურ-მარილი. ჩვენთვის ნაციონალურ ცეკვებს ასრულებდნენ, მაგრამ ყველაფერი ეს სპონტანური და ბუნებრივი იყო.

„ის ფაქტი, რომ ბოლშევიკები ამ ხალხში არ არიან გაბატონებული, როგორც ეს აზერბაიჯანელებშია, და ისინი პრაქტიკულადაც და თეორიულადაც ეწინააღმდეგებიან ბოლშევიზმს, სხვა ქვეყნებთან ვაჭრობას უადვილებთ, რაც, მათი უხვი მარაგების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს იმას, რომ ისინი კარგად იკვებებიან.“

მსგავსი პოსტები

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი - მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ალექსანდრა ჯაფარიძე - მთამსვლელი

თამარ ჭავჭავაძე - მსახიობი

ცეცილია წუწუნავა - მსახიობი