არქივი

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ტელეკომპანია GDS-ის სექსისტურ სიუჟეტთან დაკავშირებით

გვინდა გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია GDS-ის ეთერით 9 ივლისს გასულ გადაცემა “ბინა 18”-ის ფრაგმენტს, რომელიც ქალის სხეულის დამამცირებელ ვიზუალიზაციას შეიცავდა. ვთვლით, რომ გადაცემის ეს მონაკვეთი ქალთა და მამაკაცთა როლის ღიად სექსისტურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს და საზოგადოებაში არსებული მანკიერი სტერეოტიპების კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს, რაც სათანადო შეფასებას საჭიროებს.

მართალია, გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერი იდეის გავრცელების უფლებას გულსხმობს, მაგრამ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მყარი საკანონმდებლო გარანტიები არ ათავისუფლებს მედიას ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისგან, რომელიც ამ პროფესიას მისი ფუნქციიდან გამოდინარე აკისრია.

თანამედროვე საზოგადოებაში მედიას სოციალური ცვლილებების მხრივ უდიდესი პოტენციალი გააჩნია. მას შეუძლია როგორც დააჩქაროს, ასევე შეაფერხოს სტრუქტურული ცვლილებები გენდერული თანასწორობის მიმართულებით.  იმ კულტურულ კონტექსტში, სადაც ქალები  ხშირად საზოგადოებაში არსებული სექსისტური დამოკიდებულებების და სტერეოტიპების მსხვერპლნი არიან, ტელეკომპანიის მიერ ქალის ობიექტად წარმოჩენა, რაც ქალისა და მამაკაცის როლების ტრადიციულ აღქმას კიდევ უფრო ამძაფრებს, ყოვლად მიუღებელია.

ვთვლით, რომ იმ ტელეკომპანიისთვის, რომელსაც პრეტენზია არა ტაბლოიდურ ჟურნალისტიკაზე, არამედ მომავალში საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მომზადებაზე აქვს, სექსისტური შინაარსის ტირაჟირება, რომელიც ქალთა მიმართ უთანასწორობის გაღრმავებას უწყობს ხელს, მიუღებელი უნდა იყოს. ტელეკომპანია GDS-ის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება იმისდა მიხედვით ჩამოყალიბდება, თუ რამდენად ადეკვატურად გაიაზრებს სარედაქციო ჯგუფი მომხდარს და რამდენად აისახება საზოგადოების მხრიდან გადაცემის მიმართ გამოხატული კრიტიკა ტელეკომპანიის სამომავლო სარედაქციო პოლიტიკაზე. მედიის როლის თანამედროვე გაგება გაცილებით ფართოა, ვიდრე მისი, როგორც მარტოოდენ ბიზნეს პროექტად განხილვა. იმედს გამოვთქვამთ, რომ კომერციულ ინტერესზე მეტად, GDS მედიის საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე იქნება ორიენტირებული, რაც  ყველა სოციალური ჯგუფის მიმართ ანგარიშვალდებულებას და მათი საჭიროებებისა და ინტერესების ასახვას გულისხმობს.

მედიის განვითარების ფონდი, MDF

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI

მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის ინსტიტუტი, TDI

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, EMC

საფარი

მედია კლუბი “ფრონტლაინ ჯორჯია”

რუსუდან გოცირიძე, ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია

ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო

გენდერული სამართლიანობა

საზოგადოება პოზიტიური ცვლილებებსთვის

ქალთა საინფორმაციო ცენტრი

ფონდი “ტასო”

ქალთა ფონდი საქართველოში

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი

გენდერული თანასწორობის ქსელი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია

ასოციაცია “ტოლერანტი”

სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში

საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტი, GIEV

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, PHP

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)

 

საქართველოს გერმანელთა ასოციაცია “აინუნგი”

 

საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი

ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი

იდენტობა

ასოციაცია “ლგბტ საქართველო”

მსგავსი პოსტები

ფორუმი "ქალები ცვლილებებისთვის" საარჩევნო პლატფორმების გენდერმგრძნობელობას დაეთმო

ბლოგერების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯიდლოვების ცერემონია გაიმართა

ახალქალაქში ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ დისკუსია გაიმართა

"ქალები ცვლილებებისთვის" - კონკურსი ბლოგერებისთვის ადგილობრივი ლიდერი ქალების გამოსავლენად