1878-1942
კატო მიქელაძემ განათლება ევროპაში მიიღო. დაამთავრა ბრიუსელის უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას პარიზში გაეცნო და 1916 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თანამოაზრეებთან ერთად ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა დაიწყო. მისი თაოსნობით, 1917-1918 წლებში რეგიონალური ქსელი “ქალთა ლიგა” ჩამოყალიბდა. გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთ “ხმა ქართველი ქალისა”.
2013 წლის 29 ნოემბრიდან, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, “ქალთა ფონდმა საქართველოში” კატო მიქელაძის სახელობის ყოველწლიური პრემია დააწესა, რათა ხაზი გაესვას იმ მემკვიდრეობას, რომელიც ქართველ ფემინისტ ქალებს და უფლებადამცველებს გააჩნიათ. 2013 წლის პრემიის მფლობელი „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ დამფუძნებელი ეკა აღდგომელაშვილი გახდა.
მამაკაცების სულმოკლეობა და დედაკაცების კონსერვატიზმი
ავტორი: რიონელი ქალი (კატო მიქელაძე)
“დღევანდელს მამაკაცთა სოციალისტების უმრავლესობას, რომ კითხოთ, თუ რა აზრით უყურებენ ისენი ქალთა სწორუფლიანობას, ასეთს პასუხს მიიღებთ: «ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არა გვაქვს მისი, რომ ქალები სწორუფლიანი იყვნენ ჩვენთან, მხოლოდ გვაშინებს ის მოფიქრება, რომ თავიანთ უფლებით ქალები რეაქციას გააძლიერებენ, რადგან ბუნებრივათ, თუ ისტორიულად ისენი კონსერვატორები არიან»ო. ასეთი ბრალდების დამამტკიცებელი საბუთები თუმცა არ მიუციათ ქალებს მათვის, არც იმ ქვეყანაში, სადაც ქალები სწორუფლიანი არიან და არც იქ, სადაც მონებათ ირიცხებიან, მაგრამ თავიანთი ანტისუფრაჟისტული აზრი და შეხედულობა მაინც სურთ რომელიმე ბრალდებაში გახვიონ და მით თავიდან აიშორონ, მათვის არა სასურველი ქალთა სწორუფლიანობა.
ეხლანდელს ბოლშევიკების საქციელს, რომ ვაკვირდები, რომლებიც თავიანთ აჟინებულს სურვილებს ვერ იჭერენ, ვერც ქვეყნის დამფხობის საშიშროების წინაშე და ვერც გარეშე მტრის შემოსევის დროს, ვფიქრობ, რომ მოვალეობის შეგნებას ზემო აღნიშნული სოციალისტები კონსერვატიზმს უწოდებენ.
და ამ მხრივ თუ გნებავთ, ქალები, მართლაც რომ კონსერვატორები ვართ. ჩვენ გვძულს და გვეზიზღება სისხლის ღვრა, არა მისთვის, რომ მას ვერ შევძლებთ (ჯერ ისეთი არაფერი არ მოუხდენია მამაკაცს, რაც ქალს არ შესძლებოდეს), არამედ მისთვის, რომ ჩვენს კაცთმოყვარე ბუნებას ის სძაგს. ჩვენს ესთეთიკურს გრძნობიერებას მკვლელთა სიმარდე, რასაც მამაკაცები სიგმირეს ეძახიან, სიმახინჯეთ ეჩვენება. ჩვენ ქალები დროსა და სივრცეს ანგარიშს ვუწევთ და ისეთს რამეს წამოვაყენებთ ხოლმე დღიურ საკითხად, რისიც განხორციელება დაუსნეულებლათ შესაძლებია. ჩვენ ერთის ბედნიერებას, მეორეს უბედურობაზე არ ვაშენებთ და არც ჩვენს პირად ბედნიერებას შევსწირავთ უკანასკნელს. ასეთი ზნეობრივი ანგარიშით იმის თქმა არავის შეუძლია, რომ ქალები მოკლებული ვიყოთ უმაღლეს იდეალს და მხოლოდ დღიურ ჭირვარამზე ვზრუნავდეთ. მხოლოდ როცა ჩვენ ვისახავთ მიზნათ რთულსა და საზოგადო მნიშვნელოვანს საკითხს, ჩვენ გვსურს მისდა განსახორციელებლათ ნიადაგიც მომზადებული იყოს, და როცა ასეთს დავინახავთ, იქ არც თავის განწირვას დავერიდებით. მართლაც, ვის უფრო აწუხებს კაპიტალისტური ცხოვრების უკუღმართობა, მისი ყოველ გვარად გამხრწნელი თვისებებით, თუ არ მშრომელ ქალებს? და ვინ უნდა იყოს უფრო დაინტერესებული სოციალიზმის, რაც შეიძლება მალე განსხეულებაში თუ არ ქალები?
მაგრამ, რა კონკრეტიული შინაარსის უნდა იყოს დღევანდელი სოციალიზმი, როცა ხალხი არც გონებრივათ, არც ზნეობრივათ და არც შრომის უნარით საამისოთ მომზადებული არ არის. კერძო საკუთრების მარადისობის დამცველნი სოციალიზმს განუხორციელებელ ქიმირათა სთვლიან. ჩვენ შორსა ვართ ასეთი აზრიდან, მაგრამ ამავე დროს შორსა ვართ დღეს დღეობით კომუნის შემოღებიდანაც. და თუ მამაკაცების ერთი ნაწილი, მაინდა მაინც ამას მოითხოვენ, ეს აიხსნება არა მათი რადიკალობით, არამედ მათი სულმოკლეობით. და ამ მხრივ ჩვენ, ქალები ყოველთვის კონსერვატორები დავრჩებით.”
გაზეთი “ხმა ქართველი ქალისა” # 29, 6 ნოემბერი, 1917
ჩემი სიტყვა რომლის წარმოთქმის უფლება არ მომცა ბ. აკ. ჩხენკელმა ეროვნულ ყრილობაზე 20 ნოემბერს ქ. თბილისში
ავტორი: კატო მიქელაძე
„მოქალაქენო, საქართველო ისტორიულად არ იყო ჩვეული ქალთა მონობას. მაშინ როდესაც მთელ აღმოსავლეთში ქალები უკიდურეს პიროვნულ შევიწროებას განიცდიდნენ, ჩვენი სამშობლო იმ დროსაც კი, როცა მთელი ქვეყნის ცხოვრება და არსებობა მუშტის ძალაზე იყო დამყარებული და ფიზიკურათ სუსტი სქესის დამონება უფრო გასამართლებელიც, ვიდრე დღევანდელს კულტურილ ცხოვრებაში, ქართველი ქალი შედარებით თავისუფლებით სარგებლობდა, როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებაში. ქართველი ხალხის ცოლქმრობა ამხანაგური ხასიათისა იყო, რისიც გამომხატველია, თუ ჩვენი დღევანდელი ცხოვრება არა, ჩვენი უძველესი დედა-ენა, რომელმაც ასეთს კავშირს სახელად მეუღლეობა უწოდა. ქართველი ქალი არც საზოგადო მოღვაწეობას იყო მოწყვეტილი და იმ დროს, როცა ჩვენი გმირი მამა-პაპანი ფარხმალსა ლესდნენ მტრის მოსაგერიებლად ჩვენი ძველი დედები სამოქალაქო ცხოვრებას ჭირისუფლობდნენ. ავრცელებდნენ სწავლა განათლებას, სარწმუნოებას, ექიმობას, აშენებდნენ მტრისაგან აოხრებულ ტაძრებს, ციხე-სიმაგრეებს და სხვა.
არც პოლიტიკურ საქმეებს უდგნენ ქართველი ქალები განზე და თავიანთი უნარით და გონიერი მეცადინეობით, არა ერთხელ შეუერთებიათ დანაწილებული კუთხეები საქართველოსა. ქართველი ქალები ერეოდნენ საგარეო პოლიტიკაშიაც და დიდათ საკეთილოთაც ჩვენი ქვეყნისათვის. საგანგებოთ კონსტანტინეპოლს წასულმა ბაგრატ მეფის დედამ მარიამმა, იმ მიზნით, რომ შეწყვეტილიყო ბერძენ ქართველთა სისხლის ღვრა ისეთი დიდი გავლენა მოიპოვა საბერძნეთის მეფის თვალში, რომ უკანასკნელმა არა თუ ომი შესწყვიტა, არამედ თვით ბერძენ ქართველთა მოყვრობაც განიზრახა და თავისი ქალიშვილი ლუარსაბ მეფეს მიათხოვა. მე აქ არ გამოუდგები სხვა მაგალითების მოყვანას, რომელსაც გადმოგვცემს ჩვენი ძველი ისტორია. სანიმუშოთ ესეც კმარა, რომ სანამ ჩვენს ეროვნულ ცხოვრებაში უცხოელი გავლენა არ შემოიჭრა ქართველი ქალი არასოდეს უპიროვნო არსებას არ წარმოადგენდა. მის თვით მოქმედებას არც ოჯახში და არც საზოგადოებაში ხელოვნურად წინ არაფერი არ ეღობებოდა, რომლის გამო მას როგორც ერთზე, ისე მეორეზე უდიდესი გავლენა ჰქონდა.“
ასეთი ფართო სამოქმედო ასპარეზის წინ გარდაშლამ ქართველ ქალში ჰარმონიულად შეაზავა ყველა ის თვისებები, რომელიც ადამიანის სრულს პიროვნებას იმ დროისათვის გამოხატავდა და არა მარტო თვისებები თავისი სქესისა, რისთვისაც მას ქართველმა ხალხმა სახელად დედაკაცი უწოდა ე.ი. ქალი-ადამიანი და მით დედაკაცისა და მამაკაცის პიროვნებას ერთნაირი ზნეობრივი ღირებულება მისცა, რაც გამოსთქვა კიდეც ჩვენმა უდიდესმა ეროვნულმა მგოსანმა რუსთაველმა თავის „ვეფხვის ტყაოსანში“.
ასეთ პიროვნული თავისუფლებით ქართველ ქალში განვითარებული იყო, ისეთი ძლიერი სულიერი ენერგია, რომელიც ყოველგვარ გასაჭირს უმკლავდებოდა. ჩვენი ხალხური ანდაზა ამბობს: „დედაკაცს, სანამ ქმარი ჰყავს ამირანია და როცა დაქვრივდება ამინარი ამირანი“-ო! ეს ანდაზა იმის გამომთქმელია, რომ ქართველი ქალი გასაჭირში, არა თუ არ იბნეოდა, არამედ როცა მარტო, ობლად რჩებოდა თავის სულიერ ძალას აქტიურობას აორკეცებდა. და თუ ეს ძალა დღეს მიმქრალია და ვიცით რისი და ვისი მიზეზითაც მოქალაქენო, თქვენი მოვალეობაა, შექმნათ პირობები ამ ძალთა აღდგენისა და განახლებისა“.
ხმა ქართველი ქალისა #32, 4 დეკემბერი, 1917
აკაკი პარიზში
ქ-ნმა კატო მიქელაძემ უთხრა: დიდო მგოსანო! დღეს ჩვენთცის უცხოეთის ცივი უჩვეულო ატმოსფერო თფილსა და საამ-ტკბილო გრძნობათ შეიცვალა ჩვენს გულში, და თავი სამშობლოში გვეგულება , მხოლოთ უფრო განათლებულსა და ბედნიერში. ის, რაც ბავშვობიდან სატრფიალო საყვარელი იყო ჩვენთვის, აქ გვყავს იგი, ჩვენი ერის ბურჯი, სათაყვანო აღმზრდელი.
50 წელი იბრძოდი ჩვენი ტანჯული სამშობლოს გამოსახსნელათ, ჩვენი ეროვნული ცხოვრების ასაღორძინებლათ. ამ ნიადაგზე ერთხელაც არ შეგიწყვეტია შენი უკვდავი ჩანგის ჟღერა და არც მაულიშვილური ბრძოლა. კავკასიის მთებიდან შენი „დაფი და ნაღარა“ სხვა და სხვა ხმაზე გაჰკოდა, რომ სასოწარკვეთილ და მიძინებულ ერისათვის ძილი დაეფრთხო და კვლავ სასიცოცხლო გმირული სული შთაგებერა. ბავშვები გებრალებოდით და ჩვენის სამშობლოს ტანჯვას იმდენათ სუბუქად გადმოგვცემდი, რამდენადაც ნაზი იყო თვით ჩვენი მაშინდელი გრძნობა, ბუნება. ამიოსათვის ერთი და იგივე შინაარსი წლოვანებისდაგვარად ხვდებოდა ჩვენს გულში.
„ჰაუ, ჰაუ, ქორო ნუ ფრენ ამ ეზოში დილ-დილასო, ვერ მომპარავ, არ გაგატან ჩემს პატარა წიწილასო“_
გვაფხიზლებდი ჩვენ ოდესღაც, შენს პატრა მკითხველთ.
„კავკასიის მაღალ ქედზე მიჯაჭვული ამირანი არის მთელი საქართველო და მტრები კი ყვავ ყორანი.“ ეუბნებოდი დიდებს; და შენი სხივოსანი ბასრი ისრებით, დიდო პოეტო, არღვევდი წყვდიადს, გულს უჭრიდი ამ ყვავ-ყორნებს და ერეკებოდი მიჯაჭვულ სამშობლოს ტკივილების შესამსუბუქებლად. ამ ბრძოლაში რამდენი დაბრკოლაბა არ გეღობებოდა წინ, რამდენი მწვავი არ განუცდია შენს ღვთაებრივ ცეცხლით ანთებულ გულს?!. მაგრამ შენი დიდი უკვდავი სულიერი ძალა იმდენათ ძლიერი იყო, რამდენათაც ჩლუნგი და უსიცოცხლო შენი მოპირდაპირენი…
ერმა, რომელმაც თავის უკიდურეს მონობის დროს წარმოშობა დიდი აკაკი, იმ ერის მონობის ჯაჭვის ქვეშ დარჩენა შეუძლებელია. ამირანი შეტოკდა, შეინძრა შენდა პატივისსაცემლათ და ამით თავის სიცოცხლის ძალაც დაგვანახვა”…
გაზეთი “საქართველოს მოამბე” #9, 25 დეკემბერი, 1909