ქალები წარსულიდან

მარჯორი უორდროპი – მწერალი, მთარგმნელი

1869-1909

ევროპაში ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში ინგლისელმა მწერალმა მარჯორი უორდროპმა და მისმა ძმამ, ინგლისელმა დიპლომატმა ოლივერ უორდროპმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

მარჯორის  ინტერესი საქართველოს მიმართ ძმის, ოლივერის საქართველოში მოგზაურობის შესახებ გამოცემულმა წიგნმა  «საქართველოს სამეფო» განაპირობა. მან ქართული ენის შესწავლა ინგლისშივე დაიწყო. 1894 წელს კი  პირველად ეწვია საქართველოს, სადაც ქართველ მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან მჭიდრო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.

ქართული ენა მისთვის მეორე მშობლიური  ენა გახდა.  თარგმნა და გამოსცა ქართული ხალხური ზღაპრები, ცხოვრება წმინდა ნინოსი,  ილია ჭავჭავაძის «განდეგილი», სულხან-საბა ორბელიანის «სიბრძნე სიცრუისა». 10 წლის განმავლობაში თარგმნიდა შოთა რუსთაველის “ვეფხვისტყაოსანს”.

მარჯორი უორდროპის პირადი ბიბლიოთეკის საფუძველზე, ოქსფორდში მისი სახელობის ქართული ფონდი შეიქმნა.

 

გაზეთი “კვალი” #30, 14 ივლისი, 1896
სიღნაღი: ამ თვის 9-ს სიღნაღიდამ ტფილისში გაემგზავრა ქ-ნი უორდროპი, რომელმაც სიღნაღის მახლობელ მინდორში, ერთ მუხის ქვეშ შეკრიბა ახლო-მახლობელ ყანებიდან ქართველი მუშა-მომკელები, გადიღო ფოტოგრაფიული აპარატით მათი სურათი, დაპატიჟა მუშები პურ-ღვინოზე, უთხრა რამდენიმე ძმური სიტყვა და დაასაჩუქრა ფულითაც. მუშებმა რომ გაიგეს ქ-ნ. უორდროპის ვინაობა, გმირულ ხმაზე უმღერეს მუშური და აღტაცებული გაუმარჯოს ძახილით და ქუდების ქნევით გააცილეს ძვირფასი სტუმრები.

 დამსწრეთაგანი 

 

 

გაზეთი “მომავალი” #84, 6 დეკემბერი, 1909
„საქართველო ჩემი მეორე სამშობლოაო“ ამბობდა განსვენებული. ის გულმოდგინეთ სწავლობდა ქართულ ლიტერატურას და სთარგმნიდა  საუკეთესო ნაწარმოებებს… აცნობდა ინგლისელებს ქართველების ცხოვრებას, აწმყოს და წარსულ ზნე-ჩვეულება-ხასიათს, ჩვენებურ ბუნებას და სხვა. ამ 14 წლის განმავლობაში ის მუდამ იწერდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებს. წლის დასაწყისში შვიდ თუმანს ყოველთვის უგზავნიდა წერა-კითხ. საზოგადოებას ჟურნალ გაზეთებ წიგნებისათვის.  („დრ.“)

მსგავსი პოსტები

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი - მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ალექსანდრა ჯაფარიძე - მთამსვლელი

თამარ ჭავჭავაძე - მსახიობი

ცეცილია წუწუნავა - მსახიობი