1902-1921
დაიბადა პოეტ კოტე მაყაშვილისა და ცნობილი მწერლის, ეკატერინე გაბაშვილის შვილის – თამარის ოჯახში.
1921 წელს, როდესაც თბილისს რუსეთის მე-11 არმია მოადგა და ქართველი ახალგაზრდები კოჯორ-ტაბახმელასკენ საბჭოთა ჯართან დასაპირისპირებლად დაიძრნენ, 19 წლის სტუდენტი მარიამი წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა და კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს შეუერთდა. ორ დღეში კი ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა. ქართველ იუნკერებთან ერთად, მარო მაყაშვილი თბილისში ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ამჟამინდელი საქართველოს პარლამენტის ტერიტორიაზე დაკრძალეს.
მარო მაყაშვილი
ავტორი: ტიციან ტაბიძე
“კოჯორის ფრონტზე მოწინავე პოზიციებზე მტრის ყუმბარით დაიღუპა მოწყალების და მარო მაყაშვილი, ქალიშვილი კოტე მაყაშვილისა. წარმოუდგენელია მეტი მწუხარება, რასაც განიცდის დღეს ქართველი საზოგადოება ამ ტრაღიკულ სიკვდილის გამო. ბევრი მებრძოლი მხედარი იმსხვერპლა ამ ბრძოლამ, ბევრს კიდევ იმსხვერპლებს, მაგრამ ასეთი უცაბედი სიკვდილი უფრო მტანჯველია მაინც, თითქო სიწმინდემ აკურთხა პირველი უმანკო სისხლით ქართული ფრონტი და ისიც მარიამისა; სამშობლოს სიყვარულით კიდევ ბევრ ლანდს გააჩენს ჟანნა დარკისა და კიდევ მეტ სასწაულს პატრიოტიზმისას.
არის რაღაც საბედისწერო მაყაშვილების გვარში, უკანასკნელ წლებში ყველა ფრონტი საქართველოში პირველიად მაყაშვილის სიკვდილით იხსნება, ამ შემთხვევაშიც ბედისწერამ თავისი გაიტანა.
მეგობრები ალბად დიდხანს დაიმახსოვრებენ განსვენებულის ხსოვნას და ბევრსაც დასწერენ მის გატაცებაზე – მაგრამ მაინც ვერ მონახავენ სიტყვებს გამოიტირონ მეგობარი, რომელსაც უდიდესი პატივი ერგო საქართველოში, როცა გარემოცული ტფილისი სტიროდა ერთხმად მის დაკარგვაზე.
ყველაზე მეტი ტანჯვა მაინც მშობლებს ხვდათ წილათ, და რაც უნდა გატაცებული არ იყოს მოეტი სამშობლოს სიყვარულით – მისი გული მაინც ვერ დაივიწყებს შვილის სიყვარულს.
მაგრამ ერთია მაინც დაიმედება.
როგორც პარიზი უძახოდა ერთხელ მიუნე სულის, რომელმაც დაჰკარგა ორივე შვილი –
მთელი საფრანგეთი შენთან არისო.
_ასე იტყვის გარემოცული ტფილისიც.
და კოჯრის მთები და სერები პოეტთან ერთად ქართველს მოაგონებს იმ პატიოსან საფლავს, რომელიც გაიჭრება დღეს სამხედრო ტაძრის გალავანში .”
გაზეთი “საქართველო” #42, 23 თებერვალი, 1921