1879 –1967
მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძემ ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზია დაამთავრა, უმაღლესი განათლების მიღება კი 1901 წელს ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძო, რა დროსაც ჟენევის სოციალისტური წრეების საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო. ჟენევაში ის მალაქია ტოროშელიძეზე დაქორწინდა.
1905 წელს, თბილისში დაბრუნებისას, მინადორა ტოროშელიძე რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. ამიერკავკასიაში სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების შემდეგ კი აქტიური „მენშევიკი” გახდა.
1918 წლიდან საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში ჩაერთო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტზე მისი ხელმოწერაც არის. 1918 წელს – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ხოლო 1919 წელს სოციალ-დემოკრატების სიით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი გახდა. მონაწილეობდა შრომისა და სახალხო ჯანმრთელობის კომისიის მუშაობაში.
1921 წლის თებერვალში, რუსეთის საბჭოთა არმიის თავდასხმის დროს, საქართველოს წითელ ჯვარში მუშაობდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი ანტისაბჭოთა მოძრაობაში ჩაერთო. ამერიკული დახმარების ადმინისტრაციაში (American Relief Administration) მუშაობის პარალელურად, დაპატიმრებული სოციალ-დემოკრატების და ფედერალისტების ოჯახების დასახმარებლად, ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, რის გამოც 1924 წელს მოსკოვში გაასახლეს. 1925 წელს თვითნებურად დაბრუნდა თბილისში, მაგრამ კვლავ მოსკოვში გაგზავნეს, ხოლო მოგვიანებით თბილისში დაბრუნების უფლება მისცეს.
1936 წელს მინადორა ტოროშელიძეს, ქალაქ კისლოვოდსკში ყოფნისას, ანტი-საბჭოთა საუბრებისა და გადასახლებულ მენშევიკთან გრიგოლ ლორთქიფანიძესთან კავშირის გამო, დასდეს ბრალი და 5 წლით ყაზახეთში გადაასახლეს. გადასახლებაში ყოფნის დროს, 1937 წლის 5 ივნისს იგი დააპატიმრეს, ხოლო 1937 წლის 29 ოქტომბერს ე.წ. „ტროიკამ“ მას 8 წლით შრომა-გასწორების კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა. საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი მისი მეუღლე, მალაქია ტოროშელიძე და შვილები ლევან და გიორგი ტოროშელიძეებიც აღმოჩნდნენ, რომელთაც შინსახკომის “ტროიკებმა” დახვრეტა მიუსაჯეს.
გადასახლებიდან მინადორა ტოროშელიძე თბილისში 1950 წელს დაბრუნდა, 1956 წელს კი მისი რეაბილიტირება მოხდა. გარდაიცვალა 1967 წლის 19 ოქტომბერს.
ჟურნალი “ეშმაკის მათრახი” #46, 12 ნოემბერი, 1917
“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი დღესაც ფხიზლათ შეხვდება საქმეს და გაასკეცებული ენერგიით დაუჭერს მხარს ჭირსა და ლხინში მასთან მყოფ: სოციალ დემოკრატიულ მუშათა პარტიას და ხმას მისცემს მათ საარჩევნო სიას #3.
კანდიდატი ოცდა მეათე
მინადორა ტოროშელიძე
დამსახურებული პარტიული მუშაკი და საზოგადო მოღვაწე.”