ქალები წარსულიდან

აზიანი – ნატალია დონდაროვა – დრამატურგი

1878-1943

ნატალია აზიანი (დონდაროვა) 1878 წლის 4 იანვარს ქალაქ გორში დაიბადა.

პირველი პიესა „ინჯილერი ან დოხტური“, რომელმაც  “ივერიის“ რედაქტორის, ილია ჭავჭავაძის მოწონება დაიმსახურა, მან 1897 წელს დაწერა. თავის მხრივ, ილიამ ნაწარმოები ქართულ დრამატულ საზოგადოებას გადასცა, რომელმაც იგი სცენაზე 1898 წელს დადგა.

ნატალია აზიანი ასევე ავტორია შემდეგი პიესებისა – „ფული და ხარისხი“, „გაცრუებული იმედები“, „ხან ისე და ხან ასე“, „ვაი კალმისაგან“, „პოლიტიკური დურაჩკა“, „სამშობლოს ბურჯნი“, „ცოდვა“ და „დეზერტიკა“. მის კალამს არაერთი სატირული ფელეტონი და მოთხრობა ეკუთვნის.

 

გაზეთი “ივერია” #8, 13 იანვარი, 1898
ახალი ამბავი: „ხუთშაბათს, 15 იანვარს, ქართულ თეატრში, არტისტის ქალის კარგარელის საბენეფისოდ დრამატიულის დასის მიერ დადგმული იქმნება ახალი, ორიგინალური 4 მოქმედებიანი კომედია ქ-ნ აზიანისა „ინჯილერი ან დოხტური“. პიესა მეტად საინტერესოა. შინაარსი სომეხთა აწინდელი დროდგან არის აღებული და ხელოვნურად აღწერილია ეგრედ წოდებულ „ინტელიგენტთა“ ცხოვრება. ეს პიესა ეკუთვნის ერის ახალგაზრდა სომეხ-ქალს და საკმაოდ ნიჭიერად არის დაწერილი თუ მხედველობაში მივიღეთ ის გარემოება, რომ ეს პიესა პირველი ნაბიჯია ამ ახალგაზრდა ქალისა სალიტერატურო ასპარეზზედ. ჩვენის აზრით, ორიგინალ პიესათა შორის ამ წელს ამისთანა პიესა არც ერთი არ წარმოუდგენიათ“…

 

გაზეთი “ივერია” #12, 18 იანვარი, 1898
ინჯილერი ან დოხტური“, კომედია 4 მოქმედებად, ქ-ნის აზიანისა (დონდაროვისა).

ქართულს მწერლობას საზოგადოდ და ქართულს თეატრს კერძოდ უნდა მივულოცოთ შეძენა ახალის უტყუარის და ჭეშმარიტის ნიჭერებისა. ეს ნიჭიერი და დიდის იმედების აღმძვრელი კალამი არის – კალამი ახალგაზრდა ავტორის ქალისა აზიანისა. ახალგაზრდა, ჯერ უცდელი და გამოუცდელი კალამი და ესოდენი სიამოვნება და აღტაცება საზოგადოებისა! რა არის ეს, თუ არ უტყუარი სიგელი ნიჭისა? 15 იანვარს, ქ-ნ კარგარელის ბენეფისში, ის ნაწილი ქართველ საზოგადოებისა, რომელიც მოდის ხოლმე თეატრში არა კრიტიკანობის გამოსაცხადებლად, არამედ მისთვის, რომ მიეცე პიესისა და მსახიობთა თამაშის პირდაპირს ზეგავლენას და დასტკბეს, – ის ნაწილი მეთქი საზოგადოებისა დიდად ნასიამოვნები დარჩა და მრავალ გზით გამოუცხადა ახალგაზრდა ავტორს სრული თავისი თანაგრძნობა და მოწონება. რასაკვირველია, იყვნენ ისეთნიც, – და განა უამათოდ ქორწილი იქნება? – რომელნიც კრიტიკანობდნენ: „პიესას თანდათანობა აკლიაო, მოქმედება არ არის პიესაშიო, коллизия აკლიაო“, და სხვა ამისთანა ლაიათებს. ხოლო ვიღა უგდებს მათს ტიტინს ყურს. იმედია, არც ახალგაზრდა და ნიჭიერი ავტორი მიაქცევს იმათს კრიტიკანობას ყურადღებას, რადგან საწყლებმა თვით არ იციან, რას იქმენ. საქმე ის არის, ჩვენმა კრიტიკანებმა რისამე საბუთი წარმოადგინონ ხოლმე: მოწონებისა თუ დაწუნებისა…

ჩვენ მივცეთ ჩვენს თავსა და მოიდგომელსა და პირ-უთვნელს მკითხველს ანგარიში იმისი, თუ რად მოგვეწონა პიესა „ინჯილერი ან დოხტური“ ქ-ნ აზიანისა.

მოგვეწონა უპირველესად იმიტომ, რომ პიესა აზიანისა არის ფურცელი, ამოგლეჯილი ნამდვილის ჩვენის დროის ცხოვრების წიგნიდგან, სურათი არა შეთხზული, არამედ, თითქოს, გადმოწერილი ცხოვრებიდგან. აგერ აიხადა ფარდა. ტახტზედ ზის ჩვენი დროის სომხის მოხუცი დედაკაცი სალომე უზანაროვისა, ქვრივი (ელ ჩერქეზიშვილისა) და თავისს თავს ემასლაათება, როგორ დანიშნოს-დააქორწილოს თავისი ორი ვაჟი გასპარა – ინჯილერი და ავეტიქა – დოხტური. იწყებს თუ არა ლაპარაკს სალომე, თქვენ მაშინვე იცნობთ მას; იცნობთ რა წრისა და იდეალების დედაკაცია, რა ხასიათისა და რა ზნისა. თქვენდა უნებურად გადასდიხართ იმ წრესა და სფერაში, სადაც კაცური კაცობა, ჭკუა, გონება, ნამუსი, წარსული, მომავალი, თვით სათნოება, თვით ღმერთი იზომება და ფასდება ფულით. საცა ფულია, იქ ყველაფერია, იშოვე-კი ფული, და მწყერსამც წაუღია საშუალება, რომლითაც მან იშოვი. გადასდიხართ იმ სფეროში, სადაც კაცური-კაცობა, ძმობა, პატიოსნება, სიყვარული მხოლოდ ანახრონიზმია, სადაც ფული არის ის დედა-ბოძი, ის ღერძი, რომლის გარშემო ქვეყანა ტრიალებს და რომელსაც უნდა დაემონოს – დაემორჩილოს ამა სოფლად ყველაფერი. პირველის სიტყვებიდანვე თქვენ სცნობთ სალომეს, ის თქვენ გინახავთ, იცნობთ; სალომეებით სავსეა ტფილისი, გორი, სიღნაღი, თელავი, სურამი, ახალქალაქი.

აი, ჩვენის ფიქრით, პირველი და უაღრესი საბუთი უტყუარის ნიჭიერებისა. ჩვენ არა ვართ ჩვეულნი და განებივრებულნი ქართულს სცენაზედ ცხოვლად დახასიათებულ ადამიანების ხილვით; უფრო ხშირად ჩვენ ვხედავთ კარრიკატურებს.

და განა მარტო სალომე უზანაროვისა არის ცოცხალი ადამიანი? ისეთივე ცხოველები და ნაცნობები არიან „ინჯილერი“ გასპარ მიკირტუმოვიჩი და მისი ღირსეული ძმა „დოხტური“ ავეტიქა. ცოტად თუ ბევრად არა უშავს-რა ანუშკასაც – გასპარას სიდედრს. ერთად-ერთი დაუმთავრებელია სანდუხტა (ქ-ნი კარგარელისა). მკრთალად არიან დახატულნი აგრეთვე მაჭანკლები…

გარნა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მომქმედნი არ არიან უმთავრესი გმირები. პიესა ბევრს არასა ჰკარგავს იმითი, რომ ესენი არ არიან დასრულებულნი, ვინაიდგან ქ-ნ აზიანის აზრი იყო, დაეხასიათებინა ჩვენის დროის „ინჯილერი“ და „დოხტური“ მათს კერძო ცხოვრებაში, ოჯახობაში, საზოგადოებაში. ხოლო ეს აზრი ჩინებულად შეუსრულებია. ვინც-კი ერთხელ ჰნახა ეს ჩვენის ახალის დროის ყვავილნი „ინჯილერი“ და „დოხტური“, აღარ დაივიწყებს, მათი ჯოჯოხეთური და სატანური სახე დამღასავით დაეკრა მაყურებლის გულს და დიდხანს აღარ ამოიშლება იქიდგან.

ისიც სათქმელია, რასაკვირველია, რომ არა ყოველი სურათი, ნამდვილის ცხოვრებიდგან გადაღებული, ღირსია აღტაცებისა. ვერაფერი ლიტერატურული ნაწარმოები გამოვა, უკეთუ ავტორი ფოტოგრაფიულად გადაიღებს ივანეს, პეტრეს და ანდუყაფარის სურათს. ერთი ადამიანი, კერძო კაცი არ შეადგენს არც მასალას, არც ინტერესს საზოგადოებისასა და ლიტერატურისას. ნიჭიერია იგი ავტორი, რომელიც ათასფეროვანს ცხოვრებაში იპოვის საზოგადო მოვლენას, ტიპს. ამ მხრივ სწორედ მოგვეწონა ქ-ნ აზიანის პიესა. მისი გასპარა და ავეტიქა, „ინჯილერი“ და „დოხტური“ ტიპებია. ესენი ცალკე იშვიათად შესახვედრნი-კი არ არიან, არამედ იმათ გაავსეს ჩვენი ქალაქები და „კულტუროსნებსაც“ ეძახიან თავიანთ თავებს, რადგან უნივერსიტეტის დიპლომები მიუღიათ. ამასაც ნუ ვიკმარებთ. ქ-ნი აზიანი იმითი არის შესანიშნავი, რომ შექმნა ლიტერატურაში ახალი ტიპები. ცხოვრებამ დიდი ხანია შეჰქმნა იგინი, მხოლოდ ლიტერატურაში მათის დახასიათების პატივი ეკუთვნის ქ-ს აზიანს და აი მისის ნორჩის კალმის უეჭველი ნიჭერებაც!

….

კვლავ ქ-ნ აზიანის სასახელოდ უნდა ვთქვათ, რომ ზნეობრივი ზეგავლენა მისის პიესისა მაყურებელზედ საუცხოვოა. ახალი „მაზუთიანები“ ფრანკ-მუნდირში იწვევენ დამსახურებულს ზიზღს და კრულვა-ქოლვას თავისდა მიმართ… და უკეთესსაც რაღას ინატრებს ავტორი“. 

ავტორი: მე გახლავარ

 

 

საქართველო #173, 23 დეკემბერი, 1920
ინტერვიუ ქალბატონ დემოკრატიასთან

“მეც ავდექ და გადავწყვიტე: წავალ, პირდაპირ ვენახვები ქალბატონ დემოკრატიას და ვკითხავ – დაო, ისეთი რა დამიშავებია შენთვის, რომ ასე მიმწარებ დღეებს და ასეთ გაჭირვებას მაყენებ-მეთქი?! ისე დილა არ გათენდება, რომ შენმა მრისხანე ბრძანებებმა ფანჯარას არ დააბრახუნონ და გული არ გადმომიბრუნონ. შენი სახელით სოფლიდან ბრაგანი მიკრეს, თბილისში სახლი ჩამომართვეს, ნაქირავებ ოთახებში ვიღაც ხეპრე, ხამი კომისარი ჩამისახლეს, გაზეთი, სადაც დარდიან გულს ვიოხებდი-ხოლმე, დამიხურეს. ახლა ესეც არ მაკმარეს და ამ ცივ ზამთარში შეშის საჭრელად ტყეში მგზავნიან, თუმცა იცის ღმერთმა, ჩემს გაჩენაში ცული არ ამიღია ხელში და უგუნურობის ტყეს მხოლოდ კალმითა ვჩეხდი მეთქი!”..

ბევრი ძებნის შემდეგ ნატალია ბნელ და გამოყინულ მიწურს მიადგა, სადაც ქალბატონი დემოკრატია საშინელ გაჭირვებაში ცხოვრობს და არა – ნეტარებასა და განცხრომაში.

“… მე კი განვაგრძობდი შეუბრალებლათ… რათ დგეხარ შენ ამ ნესტიან, ბნელ სარდაფში, როცა იქ, ქალაქის საუკეთესო ნაწილში, შენი კანონიერი, ჯვარდაწერილი პატრონები, კომისარ-მინისტრები რვა-რვა ოთახში არიან გამოჭიმულნი?! გაიხედე, შენი თვალით მაინც დაათვალიერე, რა ზეიმით დაბრძანდებიან სამსახურში ავტომობილ-ეკიპაჟებით და ბრუნდებიან იქიდან სამ-ოთხ საათზე…

… მაშ არ იცოდი, რომ მეორე ქმარიც მღალატობს? მზითვის გულისთვის ჯვარი დაიწერა ჩემზე და ახლოს აღარ გამკარებია… ეგეც ბურჟუაზიას ეარშიყება…

– მაშ, რაც მე ჩამომართვეს, რაც მე დამაკლეს, შენთან არ მოუტანიათ, შენ კი არ გაგინაწილეს?!

– შენ არ მომოკვდე, რომ თვალითაც არ მინახავს!…. ეგ არაფერი, უბედურება ის არის, რომ მესამეთ მიპირებენ გათხოვებას. რა ვიცი, ვიღაც ბოლშევიკი გამოჩენილა, ეხლა ის მეარშიყება, დიდ ბედნიერებას მპირდება, მაგრამ რა ვქნა, როგორ გავბედო?..

– აღარ გათხოვდე, შე უბედურო, იკმარე მაგდენი ქმრები! – შევბედე მე სიბრალულით და ნაღვლიანი დავბრუნდი სახლში”.

ავტორი: აზიანი

მსგავსი პოსტები

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი - მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ალექსანდრა ჯაფარიძე - მთამსვლელი

თამარ ჭავჭავაძე - მსახიობი

ცეცილია წუწუნავა - მსახიობი