1867-1937
ნინო ტატიშვილი ბავშვობაში ზაფხულობით ხშირად ჩადიოდა ქვიშხეთში, სადაც ცნობილი საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის ოჯახში მას წერა-კითხვა, ფრანგული ენა და მუსიკა შეასწავლეს. შემდეგში ის დიმიტრი ყიფიანის ვაჟზე, მსახიობ კოტე ყიფიანზე დაქორწინდა.
ზაფხულობით ნინო ქვიშხეთში სცენის მოყვარულებთან ერთად ყიფიანების სახლში რეპეტიციებს მართავდა, აწყობდა წარმოდგენებს გლეხებისთვის, ეხმარებოდა ღარიბ მოწაფეებს, სტუდენტებსა და სოფლის მასწავლებლებს. მისი ინიციატივით, ქვიშხეთში პირველად დაარსდა სკოლა და წიგნთსაცავი-სამკითხველო.
იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი. დააფუძნა საზოგადოება “იმედი”, რომლის შემოსავლის წყარო სასადილო იყო. შემოსული თანხებით საზოგადოება ქართულ თეატრს და სტუდენტებს ეხმარებოდა. მისი ინიციატივით, 1907 წელს ილია ჭავჭავაძის ფონდის გასაძლიერებლად, დაარსდა ქალთა კომისია, რომლის მიზანი ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების მიღებაში დახმარების გაწევა იყო. კომისია ჩეხეთის წერა-კთხვის გამავრცელებელი საზოგადოების “მატიცას” ანალოგიით შეიქმნა.
ნინო ყიფიანის წერილები სისტემატიურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. თანამშრომლობდა “ნაკადულთან”. 1914 წელს ეკატერინე გაბაშვილთან, ანასტასია თუმანიშვილთან და განდეგილთან – დომინიკა ერისთავთან ერთად იმოგზაურა აჭარაში და ქართველი მაჰმადიანი ქალების ყოფას და მათი განათლების აუცილებლობას არაერთი წერილი მიუძღვნა.
ფრანგულიდან თარგმნიდა საბავშვო მოთხრობებს. თარგმნა ცნობილი ისტორიული რომანი „სპარტაკი“ და ი. ფრანკოს მოთხრობა „ნაძირალანი“.
1923 წელს ნინომ ყიფიანების ქვიშხეთის სასახლე მან მწერალთა კავშირს გადასცა.
რა დავაშავეთ?
ავტორი: ნინო ყიფიანი
„ჩემს წინ გადაშლილია გაზეთები, სადაც ჩვენი ძვირფასი სტუმრების, აჭარლების პატივსაცემლად გამართული ზეიმი ისეთის ზე-აღმტაცი გრძნობებითაა მოთხრობილი, რომ უნებურად მომეწურა გული შურით და უნებურადვე ამომხდა გულის სიღრმიდან ეს მწარე კითხვა. და განა რა დავაშავეთ ჩვენ, ქალებმა, მათ წინაშე, ვინც თავს იდო ამ ზეიმის მოწყობა, რომ მოგვაკლეს ბედნიერება ისეთი ტკბილი გრძნობების განცდისა?!
„სტუმრობა მათი და ჩვენი დახვედრა მართლა იმიტომ კი არ იყო საზეიმო, რომ ჩვენებურად, ქართველურად ერთად გავიხსენით უხვ მასპინძლის გრძნობიერი გული, არამედ იმიტომ, რომ ამ დღეს ერთხელ კიდევ იფეთქა საღმა, მიძინებულმა ეროვნულმა სულმაო“. _ ვკითხლობთ ალაგას.
„შეუძლებელია გრძნობათა სრული ფარდის ახდა, ნადიმი ღირსი იყო ეროვნულ გრძნობათა ზეიმისაო“. ვკითხულობთ მეორე ალაგას და მწარე კითხვას ემატება კიდევ კითხვა: რაღა დავაშავეთ ჩვენ, რომ სწორეთ ჩვენ ვერ განვიცადეთ იმ ეროვნული სულის აფეთქება, ეროვნულ გრძნობათა ზეიმი?!
და რა დაცინვათ, მწარე დაცინვათ მომეჩვენა აქვე ჩემს თვალწინ გადაშლილი, ერთი პატივცემული მუშაკისაგან აჭარიდან მოწერილი წერილი: „ქართველო ქალებო! ქალის ხვედრია საქართველო, ქალმა შემუსრა კერპი საქართველოში, ქალმა შესძლო საქართველოს გაერთიანება და მისი აყვავება. დიდია ქართველი ქალის ღვაწლი სამშობლოსადმი. სამაგიეროდ ქართველ ქალს უმაღლეს პატივს სცემდა ქართველი კაცი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველი მამაკაცი დედაკაცს პატივს სცემდა (და დღესაც სცემთ) ასე არა ერი არ სცემდა პატივს მდედრობით სქესს“. ქართველი ერის ყურადღება დღეს აჭარაზეა მიჯაჭვული. ქართველმა ქალებმაც მოლოდინს გადააჭარბეს და ჩვენს მოძმე მუსულმანებს გულის მოსაოხი საქმე მათაც ბევრი გააკეთესო“, განაგრძობს ასე და გვამცნებს აჭარლების საქმეს, მათ დახმარებას.
და თუ ასეთია ჩვენი როლი წარსულში და აწმოყოშიც. თუ ასეთია ჩვენი შრომაც მოძმე აჭარლებისადმი, მაშ რით აიხსნება ის საქციელი, რომ დაგვიხშეთ საშვალება ჩვენის თვალით გვეხილნა ძვირფასი ძმები, ჩვენის ხელით შევხებოდთ მათ მარჯვენას, ჩვენის პირით გადაგვეცა მათთვის ყველა ის გრძნობანი, რომლითაც სავსეა ჩვენი გული და რასაც განიცდის ჩვენი სული. მათის ხსენებით რომ ცხადად წარმოვიდგენთ ხოლმე ჩვენს დიდებულ წარსულსა და ბედ-შავს აწმყოს!
ხშირას გვესმის ხოლმე თქვენდან და მეტადრე სადღეგრძელოების რახირუხის დროს, რომ ქართველი ქალი იყო ბურჯი ჩვენი ერის არსებობისა და მომავლის მჭედავიც ის არისო.
მაგრამ ერთი ეს მიბრძანეთ, ბატონებო, სად და როგორ უნდა გამოიბრძმედოს ქართველი ქალი ასეთი დიადი როლისთვის? ქუჩა-ქუჩა ბილეთების გაყიდვითა? ლოტოს თამაშობითა? ან და იქნება მით, რომ ნადიმზე მოწვეულ ვინმე უცხო სტუმარს გვერდით მოუსვათ, რომ თვისი კეკლუცი ლიკლიკით უფრო მეტად ასიამოვნოს?
სად და როგორ უნდა გამოიჩინოს ქალმა თვისი ზნეობრივი, თუ გონებრივი ძალა, ნიჭი და უნარი საზოგადო მოქმედებისა?
კარგად იცით რომ ასპარეზი ანვითარებს ყოველ ბუნებრივ ნიჭსა და ჰქმნის მოღვაწე ადამიანსა. და სად ჰპოვოს ქართველმა ქალმა ეს ასპარეზი?
ჩვენში ბევრჯერ უთქვამთ, რომ ქართველ ქალს არა სჭირდება ემანსიპაციისათვის ბრძოლა, ის ყოველთვის ყოფილა მამაკაცის მხარში ამომდგარი და ეხლაც არისო.
რა ცრუ არის ესეთი შეხედულობა! აბა მითხარით ერთი, სად არის ქალი საზოგადო შრომაში გვერდში მდგარი მამაკაცთან? გადაავლეთ თვალი ჩვენს კულტურულ დაწესებულებათ. რიცხვით საკმარისად ბევრია. და ყოველ მათგანში საქმის მმართველად ზოგგან 7 და 12 კაცში ჭაჭანება არ არის ქალებისა თუ მხედველობაში არ მივიღებთ ზოგს გამგეობასთან დროებით დაარსებულ კომისიებს ნივთიერი მხრის საზრუნავად, ე.ი. ისევე ბილეთების გასაყიდათ! და მაშ სად უნდა იყოს მოქმედება ქალისა, მომზადება და წრთვნა მისი ისეთი დიდი როლისათვის მომავალში? პიესაში ხომ ვერ დაიწყებს ციბრუტივით ტრიალსა და ყოველი ჩვენი საზოგადო საქმე კი ამ დაწესებულების კედელთ შორის მუშავდება და სრულდება და ნეტა თუ სჯერა ვისმე, რომ ამ დაწესებულების გამგეობათა იმოდენ მამაკაცებში ისეთი არავინ ურევია, ბევრით რომ ჩამოუვარდება, ბევრი ქალს საქმის სიყვარულსა, ცოდნასა, თუ მუშაობაში! ან რა უყოთ, რომ შედარებით ზოგი მათგანი სუსტიც იყოს? მამაკაცებთან ერთად შრომა საზოგადო საქმეებში ერთგვარი შკოლა მაინც იქნება მისი ეროვნული სულის განმტკიცებისა, ეროვნული მოვალეობის შეგნებისთვის. და განა ეს ცოტაა, თუ მართლა ასეთს იმედებს ამყარებთ ქართველ ქალზე?
არა, ბატონებო, ის რაც იყო ქართველი ჩვენს წარსულში, მათ წამქეზებელ იმ დროის მამაკაცებთან ერთად ისტორიად დარჩება, ვინაიდგან მომავლისთვის მას თქვენ არ მისცემთ ფართო გზას მასში ეროვნული შეგნების განმტკიცებასა და მოქმედებისათვის.
დღეს თუ აკეთებს რასმე ქალი, მხოლოთ გამოცალკევებით მამაკაცებისგან და ერთობა მუშაობისა უმეტეს ნაწილად გამოიხატება იმაში, რომ თქვენ მათ ფრებას დაესწრებით და უფროსის დაყვავებისა წახალისების კილოთი ტაშს დაუკრავთ, ბარაქალა, ქალებო, საქმეს კარგად უძღვებითო!
ამ გვარ, ერთმანეთისაგან გათიშულ მუშაობასა და პირბადეს აფარებაში დიდი განსახვავება მაინც და მაინც არაა!
მშვენიერი ნათქვამია ეს ანდაზა ქართველ პატარძალზე: „კარგმა სახელმა, კარგმა კარმა_კარგად გამომიყვანაო, ავმა სახელმა, ავმა კარმა_ავად გამომიყვანაო“. ქართველ ქალსაც ეს ეთქმის სწორეთ თავის თავზე და დასძენს იმას, რომ ზოგი ერი უბედურად სთვლის თავის-თავსა იმ ნაკლის გამო, რომ ცოტა ჰყავს მას შეგნებული ქალები და ჩვენში კი…
მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ იმ ზეიმსა. გვეწვივნენ უძვირფასესი სტუმრები. იმათ ჩვენზე ნაკლებად არ იციან, რომ ქალი და კაცი ჭირსა და ლხინში ერთადა ვართ და სწორეთ ასეთ მასპინძლობის, სწორეთ ასეთ მასპინძლობის დროს კი დიასახლისი არსად არის! და ვაი სირცხვილო, რომ თვითონ იმათ გამოსთქვეს თურმე წუხილი, ვერავინ ვერ ვნახეთ ჩვენი მანდილოსნებისო!
…ღმერთმანი, რომ არც იმ ზეიმზე შეგარცხვენდათ თქვენი ქალი და რად დასწყვიტეთ მას გული? ხომ იცით და თუ არ იცით იცოდეთ, რომ ის ღრმადა გრძნობს თავის მოძმეთა დაბრუნების სიხარულს, მზად არის თავი შესწიროს მათ კეთილდღეობას და მაშ რაღ წაართვით მათ სიამოვნება თქვენი ერთად თავ-მოყრისა, აზრთა გაცვლა-გამოცვლისა და ტკბილ გრძნობათა გადაშლის განცდისა?!
დამიხედეთ. ეროვნული ზეიმი და უდედებოთ? რა დავაშავეთ?
შეინანებდეთ მაინც, შეინანებდეთ“!
გაზეთი „საქართველო“ #55, 10 მარტი, 1916
ღია წერილი ქართველ მანდილოსანთ
ავტორი: ნინო ყიფიანი
„როდესაც თქვენ გესმით, ან კითხულობთ, თუ როგორ ჰკვნესის ჩვენი ტკბილი – საყვარელი სამშობლოს თითეული ოჯახი, დასეტყვილი, წყალ-წაღებული, მშრომელ-შემომტანი, მშიერ-მწყურვალი, ტან-შიშველი, გულზე ცეცხლ-მოდებული ბევრნაირად, – დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს აღელვებას საზღვარი არა აქვს და თვალზე ცრემლ-მომდგარნი ხელების მტვრევით იმეორებთ: – ნეტა როგორ, როგორ შევძლო ჩემის ძალით მათი დახმარებაო!
ასეთს თქვენს მამული-შვილურ გრძნობას საშუალება ეძლევა დაკმაყოფილდეს და თქვენც სიხარულით შეეგებებით საქველმოქმედო საზოგადოების სასარგებლოდ ხარფუხის საზოგადოების კლუბის მამასახლისთა განცხადებას, შესახებ 8 ენკენისთვისთვის სეირნობისას. ეს სეირნობა იქნება პირველი დღე თბილისში ჩვენი ტანჯული, დიდად დაზარალებული ხალხის სასარგებლოდ გამართული.
ამიტომ მოგიწოდებთ – ყველას, მხურვალე მონაწილეობა მიიღოთ ამ დღეს; ჩვენი ხალხის გაჭირვება ამ ჟამად არავის გულს ისე არ უნდა ხვდებოდეს, როგორც ქალისას, ვინაიდგან გაოხრებულ ოჯახში ერთად-ერთს ქალს აწევს მოვალეობა მისი გაძღოლისა. ერთადერთი ის გმინავს აუტანელ ტვირთ ქვეშ, ერთად-ერთს მას შესტირის მშიერი ჩვილი, სნეული მოხუცი! და ჩვენც ხომ მშობლები ვართ! მივხედოთ იმ საბრალოს! ოდნავ მაინც გავუადვილოთ გამწარებული ცხოვრება! იგრძნოს მაინც და მით მოიცეს გული, მხნეობა, რომ მარტო არ არის, რომ ჩვენც, შედარებით ფუფუნებაში მყოფნიც მასთანა ვართ, გვესმის მისი გოდება, ვგრძნობთ მისი გულის კვნესას! ის ხომ დედაა ჩვენი ვაჟ-კაცებით გაჩანაგებული სამშობლოს მოზარდი შვილებისა და მაშ რაღა გვაქვს ამაზე მეტი საზრუნავ-საფიქრებელი, თუ არა მათი შველა, რომ შიმშილითა და სიცივით ისინიც არ დაგვეხოცნენ!
დიდია, მანდილოსანნო, უბედურობა ჩვენს კარს მომდგარი და მაშასადამე დიდია ჩვენი მოვალეობაც მის დასახვედრად. და რამდენადაც მაღლა სდგას ვინმე რაიმე ხარისხით ცხოვრებაში, მით ხომ უფრო მეტია მისი ეს მოვალეობა სამშობლოსადმი. დიდი თამარი ასე იტყოდა: ჩემი ბედნიერება – ხალხის კეთილ-დღეობააო!
მაშ განურჩევლად ყველამ მოვკიდოთ ხელი საზოგადოდ ჩვენი ხალხის დახმარებას და კერძოდ კი იმ სეირნობის ხელის შეწყობას.
არავინ არ არის სხვა მისი პატრონი, არავინა! ისევ ჩვენმა მოყვარულმა გულმა უნდა გაუთბოს, ისევ ჩვენმა თანაგრძნობამ უნდა გაამხნევოს მისი დაძრული გული, ისევ ჩვენგან მოწოდებულმა ლუკმამ უნდა დააპუროს მისი მისუსტებული სხეული! და ამ გვარად მიწოდებულს ცოტასაც უფრო შეირგებს!
სეირნობის ხელის შეწყობა შეიძლება ბევრნაირად, სხვათა შორის სანოვაგით, ყვავილებით, ხილეულობით, ყოველ ყვავილს, ერთ კოლოფ ტკბილეულს, ერთ გირვანქა ყველსაც კი დიდი მნიშვნელობა ექნება, ყველასაგან შეწირულს.
მაშ გთხოვთ ერთ-სულოვნობას, რომ პირშავად არ დავრჩეთ იმათ წინაშე, სასოებითა და იმედით რომ ჩვენსკენ მოუპყრიათ თვალი და ელიან დახმარებას!
მანდილოსანნო, დაესწარით თქვენი პატარა, გრძნობიერი შვილებით იმ სეირნობას!
P. S. სანოვაგის მიტანა შეიძლება კლუბის შენობაში (მიხაილოვის პროსპექტი, №131) ორშაბათიდან“.
გაზეთი “საქართველო” #87, 6 სექტემბერი, 1915