ქალები წარსულიდან

სოფი მენტერი – პიანისტი, კომპოზიტორი

1846- 1918

გერმანელი პიანისტი და კომპოზიტორი, ფრანც ლისტის ფავორიტი სტუდენტი იყო. შესრულების ენერგიული სტილის გამო, იმ დროის უდიდეს ვირტუოზად ითვლებოდა.

დაიბადა მიუნხენში, ჩელისტი იოსეფ მენტერისა და მომღერალ ვილჰელმინე მენტერის ოჯახში. ფორტეპიანოზე დაკვრა მან ცნობილ გერმანელ პიანისტთან და პედაგოგთან, შტუტგარდის მუსიკალური სკოლის ერთ-ერთ დამფუძნებელთან ზიგმუნდ ლებერტთან და მოგვიანებით ფრედერიკ ნიდსთან შეისწავლა.

პირველი საკონცერტო გამოსვლები შტუტგარდში, ფრანკფურტსა და შვეიცარიაში ჰქონდა. ლისტის მოსწავლე 1869 წელს გახდა. დაქორწiნდა ჩელისტ დeვიდ პოპერზე. 1881 წელს პირველად ჩავიდა ინგლისში, სადაც ორი წლის შემდეგ სამეფო ფილარმონიის საზოგადოების საპატიო წევრობა უბოძეს.

 

 

სოფიო მენტერის კონცერტი
18 მარტს

“კვირას, თბილისის საზაფხულო თეატრში იყო გამართული კონცერტი ევროპაში გამოჩენილი პიანისტკის სოფ. მენტერისა. ეს განსაცვიფრებელი დამკვრელი აღზრდილია გამოჩენილის პიანისტის და კომპოზიტორის ლისტის ხელმძღვანელობით. არტისტკის დახელონება, თითების გავარჯიშება და განსაცვიფრებელი ძალა და სისწორე დაკვრაში კაცს აოცებს, აშტერებს და დავიწყებაში შეჰყავს. გადასვლა ძლიერის ხმებიდგან, რომლებშიც გამძვინვარებულის ბუნების ჭექა-ქუხილი მოისმის, ნაზს იდუმალებით და სიტკბოებით სავსე ხმებზე, იქამდის კაცის გონების, გამტაცებელია, რომ გამგონი  აშკარად გრძნობს თავის თავზე მისს ძალას. კაცს აგონებს, რომ ეს ხმები სადღაც გაუგონია, ოდესმე მათ აუღელვებიათ მისი გული, ჰგრძნობს, რომ ისინი პირ-და-პირ ბუნების  ცხოვრებიდგან არიან ამოღებულნი.

ყველაზედ უმეტესად სანაქებო პიანისტკამ დაატკბო მსმენელთა ყური, უკვდავი კომპოზიტორის ლისტის თხზულებებით, მსმენელთა აღტაცებით მიიღეს არტისტკა მენტერი და აღტაცებითვე გააცილეს.

სამწუხაროდ, ამ საღამოს ქართველობა ძალიან ცოტა დაესწრო და ისეთს არტისტკას, როგორიც ეს პიანისტკა არის, ძნელად შეხვდებიან, და ღირსეული ნიჭი კი ჩვენგან უყურადღებოდ არ უნდა რჩებოდეს.”

გაზეთი “დროება” #63, 21 მარტი, 1884

მსგავსი პოსტები

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი - მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ალექსანდრა ჯაფარიძე - მთამსვლელი

თამარ ჭავჭავაძე - მსახიობი

ცეცილია წუწუნავა - მსახიობი