ქალები წარსულიდან

სოფიო არღუთინსკაია-დოლგორუკოვა – პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

1860-1954

1880 წელს თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი დაამთავრა და იმ დროს ცნობილ ს. ბაბაიანის საბავშვო ბაღში რუსული ენის პედაგოგად დაიწყო მუშაობა, ხოლო 1882 წელს საბავშვო ბიბლიოთეკა გახსნა, რომელიც ერთ-ერთ პირველ კულტურულ ცენტრად იქცა.

1886 წელს თბილისში პანსიონი და საბავშვო ბაღი, ხოლო 1905 წელს  თავის მამულში, სოფელ სანაიში გლეხთა შვილებისთვის უფასო სასწავლებელი გახსნა.

იყო „კავკასიის ფრებელის საზოგადოების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი, ასევე „ფრებელის საზოგადოების ქალთა უმაღლესი პედაგოგიური კურსების“ გახსნის ინიციატორი, რომელიც სკოლამდელი დაწესებულებებისათვის აღმზრდელებს 1921 წლამდე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის ამზადებდა.

სოფიო არღუთინსკაია ცნობილი სომეხი კომპოზიტორის, არამ ხაჩატურიანის ბაღის პედაგოგი იყო.

 

გაზეთი “ივერია” #25, 1 თებერვალი, 1891
ახალი ამბავი: “ამ დღეებში ტფილისის ქალაქის საბჭოს მიართვა თხოვნა კნ. არღუთინსკი-დოლგორუკისამ, რომელსაც, როგორც მკითხველთ უწყიან, ტფილისში აქვს გამართული „იაფი წიგნთ-საცავი და სამკითხველო“, სადაც, მრავალ სხვა-და-სხვა წიგნს გარდა, მოიპოვება რუსული, ქართული და სომხური ჟურნალ-გაზეთები. ეს წიგნთ-საცავი უწინ საბავშვო იყო და კნიაჟნა არღუთინსკიმ მთავრობის ნება-დართვით ეხლანდელ წიგნთ-საცავად გადააკეთა. წიგნების კითხვისათვის ამ წიგნთ-საცავში ახდევინებდნენ ერთ აბაზს თვეში, ხოლო ჟურნალ-გაზეთებისათვის 2 კაპ. ამიტომაც არის, რომ ამ წიგნთ-საცავის წევრთა უმრავლესობას შეადგენს ღარიბი და ხელ-მოკლე ხალხი, რომელიც გირაოს შეტანისაგან თავისუფალია. წარსულის წლის ნოემბერში კნიაჟნა არგუთინსკიმ თავის წიგნთ-საცავის გასამდიდრებლად იყიდა მორიჯისაგან წიგნთ-საცავი 1,300 მან. ეს ფული არგუთინსკიმ ორის წლის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ უნდა მისცეს მორიჯის. ამ ხარჯს გარდა, რასაკვირველია, წინგთ-საცავს ბევრი სხვა ხარჯიცა აქვს, რაიცა სულს უხუთავს მისს არსებობას. ყველა ამის გამო წიგნთ-საცავის პატრონმა, რომელსაც ამ საქმეში არავითარი სხვა აზრი არა აქვს, გარდა საზოგადო სიკეთისა, მიჰმართა ქალაქის საბჭოს და სთხოვა, წიგნთ-საცავის და სამკითხველოსათვის დამითმეთ ერთ-ერთი ქალაქის საკუთარ მაღაზიათაგანი შემდეგის პირობით: 1) ყოველ ხარჯს წიგნთ-საცავის შენახვისას, გარდა სადგურის ხარჯისა, თითონ მე ვიკისრებ; 2) დანიშნულ დროს წარვუდგენ საბჭოს შემოსავალ-გასავლის ანგარიშს და აგრეთვე ანგარიშს იმისას, თუ ვინ და რამდენი დადის წიგნთ-საცავში ხელობისა, წლოვანებისა და ეროვნების აღნიშვნით; 3) თუ საბჭო ისურვებს, წიგნთ-საცავს დაერქმევა „ქალაქის სახალხო წიგნთ-საკითხავი“; 4) ყველა რუსული, ქართული და სომხური წიგნი 7,000 ცალამდე ზოგიერთების გამოკლებით ჩემი სიკვდილის შემდეგ გახდება ქალაქის საკუთრება.

ცხადია, რომ უკეთესს დროსა და პირობას „სახალხო წიგნთ-საცავის“ დაარსებისათვის ქალაქის საბჭო ვეღარ იშოვის. ამიტომაც, იმედია, ახალი საბჭო შეიწყნარებს კნიაჟნა არღუთინსკის თხოვნას“.  („Hов. Oбоз.“)

 

მსგავსი პოსტები

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი - მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ალექსანდრა ჯაფარიძე - მთამსვლელი

თამარ ჭავჭავაძე - მსახიობი

ცეცილია წუწუნავა - მსახიობი