მადისკრედიტირებელი კამპანიები

სექსისტური ვიდეომანიპულაცია და სლატშეიმინგი სამოქალაქო აქტივისტი ქალების  წინააღმდეგ 

3 სექტემბერს “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ფეისბუქ გვერდის “ლიდერი 41” ადმინმა დავით თორდიამ, რომელიც ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს, აქტივისტის, მარიამ ოთინაშვილის ინტერვიუს ფრაგმენტი გამოაქვეყნა. ვიდეოში მარიამ ოთინაშვილის საუბრის შემდეგი ფრაგმენტია მოცემული: 

მარიამ ოთინაშვილი: “ასე უნდა დაველოდოთ, ველოდოთ და ველოდოთ? როდემდე? ველოდოთ 13-ს, ველოდოთ 4 ოქტომბერს და რა იქნება, ალბათ ახალ წელს უნდა დაველოდოთ, მერე რაღაც იქნებ იყოს. როდემდე უნდა ველოდოთ? აი, როდემდე უნდა ველოდოთ ამ ყველაფერს?! რომ გადავწიოთ, იქნებ გაზაფხულზე რამე იყოს, იქნებ ზაფხულში რამე, დღეს რატომ არა, ხვალ რატომ, დღეს გამოვიდეთ, დღეს გავაკეთოთ, ხვალისთვის რატომ გადავდეთ, გადადებული საქმე…”

ავტორი ვიდეოს შემდეგ აღწერას ურთავს: “მომენტი როცა სექსი გინდა, მაგრამ ქორწილამდე არ შეიძლება. ნორჩი რევოლუციონერები”.

ვიდეოს მონაკვეთი იმგვარად არის მოჭრილი, რომ ბუნდოვანია, რა საკითხზე საუბრობს მარიამ ოთინაშვილი. ავტორი ინტერვიუს ფრაგმენტს აქტივისტის დისკრედიტაციის მიზნით სექსისტური შინაარსის კომენტარს ურთავს, რაც შეცდომაში შემყვანია. რეალურად, ოთინაშვილი საპროტესტო აქციების მიმდინარეობაზე საუბრობს და სწორედ ამ კონტექსტში აკეთებს აქცენტს ლოდინის რეჟიმზე. მაშინ, როცა პოსტის ავტორის კომენტარი საპროტესტო აქციის მონაწილის “დაუკმაყოფილებელ ქალად” წარმოჩენას მიზანმიმართულად ახდენს.

2 სექტემბერს მარიამ ოთინაშვილი ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “რეაქციაში” იყო სტუმრად. აქციების დროს დაკავებული მისი პარტნიორის, ნიკოლოზ ჯავახიშვილისა და სხვა დემონსტრანტების განაჩენი მოსამართლემ სწორედ 2 სექტემბერს გამოაცხადა. ოთინაშვილი გადაცემაში გადაწყვეტილებასა და ჯავახიშვილის მდგომარეობაზე საუბრობდა.

მარიამ ოთინაშვილი [3:00]: “სულ მაგაზე აქვს ჩხუბი, სულ მაგაზე აქვს ბრაზი, რომ  როგორ შეგიძლიათ ასე სახლში იჯდეთო და მეც სულ ამაზე მაქვს… არ შემიძლია სახლში გაჩერება ფიზიკურად, ვერ ვჩერდები ხოლმე სახლში. ერთი დღე რომ სახლში გავჩერდე, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაც მაკლია და მე რომ არ გავდივარ, გამოდის, რომ ისიც არ არის, ისიც არ არის და რაღაცნაირად ჯაჭვური რეაქციაა. ხვალ ვინ იქნება, ზეგ ვინ იქნება, მაზეგ ვინ იქნება? და ასე უნდა დაველოდოთ, ველოდოთ და ველოდოთ? როდემდე? ველოდოთ 13-ს, ველოდოთ 4 ოქტომბერს და რა იქნება, ალბათ ახალ წელს უნდა დაველოდოთ, მერე რაღაც იქნებ იყოს. როდემდე უნდა ველოდოთ? აი, როდემდე უნდა ველოდოთ ამ ყველაფერს?! რომ გადავწიოთ, იქნებ გაზაფხულზე რამე იყოს, იქნებ ზაფხულში რამე, დღეს რატომ არა, ხვალ რატომ, დღეს გამოვიდეთ, დღეს გავაკეთოთ, ხვალისთვის რატომ გადავდეთ, გადადებული საქმე…”

დავით თორდიას მიერ გავრცელებული ვიდეო სწორედ ტელეკომპანია “პირველის” ეთერიდან ამოჭრილი ფრაგმენტია. როგორც სრული ტექსტიდან ჩანს, აქტივისტი საპროტესტო აქციებში ხალხის მონაწილეობაზე საუბრობს. ფეისბუქზე გავრცელებულ მონაკვეთს დართული აქვს სიტყვები “როცა სექსი გინდა” – ავტორს სლათშეიმინგით ყურადღება რესპონდენტის პირად და ინტიმურ ცხოვრებაზე გადააქვს და ახდენს სტერეოტიპიზაციას, რომ პროტესტის მონაწილეები “სექსუალურად დაუკმაყოფილებელი” ქალები არიან.

იმავე მიზნით ფეისბუქ-ანგარიშმა “არასერიოზული კაცი” 3 და 4 სექტემბერს საპროტესტო აქციის მონაწილე ქალის ფოტოები გამოაქვეყნა სექსისტური აღწერებით. 3 სექტემბერს ატვირთული პოსტი ონლაინმედია News.On.ge-ს მიერ გამოქვეყნებული ვიდეოდან სქრინშოტია, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელი აქტივისტს ზურგზე ეხება.  ფეისბუქ-ანგარიშმა “არასერიოზული კაცი” აღნიშნულ პოსტს დაურთო აღწერა: “როგორი ბედნიერი სახე აქვს. როცა ნამდვილი მამაკაცის ხელს გრძნობს”.

მომდევნო პოსტში ფეისბუქ-ანგარიშმა ტიკ ტოკ ანგარიშის EEBC-ის ვიდეოდან ატვირთა სქრინშოტი, სადაც იგივე აქტივისტი ქალი ჩანს საპროტესტო აქციაზე პოლიციელთან ერთად და პოსტს დაურთო აღწერა: “ეს გოგო ათენებს და აღამებს რუსთაველზე, ნამდვილი მამაკაცების ძებნაში”.

გენდერული ნიშნით მანიპულაცია და დეზინფორმაცია როგორც საპროტესტო აქციებში ჩართული სამოქალაქო აქტივისტების, ასევე პოლიტიკოსების და ჟურნალისტების დისკრედიტაციის მიზნით წარსულშიც გავრცელებულა.

მსგავსი პოსტები

გენდერული როლების შეცვლა დისკრედიტიაციის მიზნით

დისკრედიტაციის კამპანია ეკა ბესელიას წინააღმდეგ

დისკრედიტაციის კამპანია ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ

სიძულვილის ჯგუფების და სახელისუფლებო ონლაინ მედიის ორგანიზებული კამპანია თამთა თოდაძის წინააღმდეგ