ქალები წარსულიდან

ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე – მწერალი

1833-1895

ბარბარე ერისთავთა საგვარეულო სოფელ ქისტაურში, დავით რაფიელის ძე ერისთავის ოჯახში, 1833 წელს დაიბადა. მან განათლება ოჯახში მიიღო.

თორმეტი წლის იყო, როდესაც ზაქარია ჯორჯაძეზე გაათხოვეს.

ბარბარე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ქალთა მდგომარეობასა და მათ უფლებებზე ალაპარაკდა. ქალთა თანასწორუფლებიანობასთან დაკავშირებით აღსანიშნავია 1893 წელს “კვალში” გამოქვეყნებული მისი წერილი „ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ”.

ლიტერატურული მოღვაწეობა ბარბარე ჯორჯაძემ 1858 წლიდან ჟურნალ „ცისკარში“ლექსების გამოქვეყნებით დაიწყო და საზოგადოებრივი კრიტიკის მიუხედავად, აქტიური სამწერლო მოღვაწეობა განაგრძო. თანამშორმლობდა “ივერიასთან”, “კვალთან”, “დროებასთან” და “ჯეჯილთან”. 1861 წელს ქართული ენის მოდერნიზაციასთან დაკავშირებით წამოჭრილი პოლემიკისას, ილია ჭავჭავაძესთან დისკუსიაში ჩაერთო.

ბარბარე ჯორჯაძის პიესა “რას ვეძებდი და რა ვიპოვე” წლების განმავლობაში სხვადასხვა სცენაზე იდგმებოდა, ხოლო მისი “სრული სამზარეულო”, რომელიც 1874 წელს ექვთიმე ხელაძის სტამბაში დაიბეჭდა და ქართული და ევროპული კულინარიის რეცეპტებს მოიცავს, დღესაც აქტუალურია.

ბარბარე ჯორჯაძე 1895 წელს გარდაიცვალა. იგი თელავის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ძმის, რაფიელ ერისთავის გვერდით დაკრძალეს.

 

ორიოდე  სიტყვა  ყმაწვილი კაცების საყურადღებოდ
ბარბარე ჯორჯაძისა

“პირველიდანვე დაწყებული ყოველი კაცი დედაკაცების გაკილვაში ყოფილა და არის. ყოველი ბრალეულობა ქალს მიაწერეს და დიდად ცდილობდენ ეს თავის ამხანაგი ყოვლის გზით დაეცათ და დაემდაბლებინათ. სიყრმიდანვე ამას ჩასძახოდენ „შენ, რადგან შემოქმედს ქალად დაუბადებიხარ, შენი წესი ეს უნდა იყოს: ხმაგაკმენდილი ჩუმად იყო, არავის შეჰხედო, არსად წახვიდე, ყურები დაიხშე, თვალები დახუჭე და იჯექ, ბუზმა რომ თვალები ამოგჩიჩქნოს, ხელი არ გაანძრიო; სწავლა და სხვა ენებით განათლება რა შენი საქმეაო“. თითონ მამაკაცმა კი შეისხა ამპარტავნობის და ზვაობის ფრთები, დაიჭირა ვრცელი ასპარეზი და სთქვა: „მე რადგან კაცი ვარ, გავსწევ, გავქუსლავ ცის კიდემდის, ჩემი დამაბრკოლებელი არა არის-რა, ვიმჭევრმეტყველებ, ვისწავლი, ყოველ გვარი თავისუფლება და ქვეყნის მფლობელობა ხელთ მიპყრიაო“. გაიფართოვა გზა და დედა-კაცი ვითომ ვალდებულებაში ჩააგდო, თუ მე არა, ლუკმას ვერ შესჭამო, – რა იყო უფრო დაემონავებინა. მართალია, დედა-კაცისათვის თვით ბუნებას არ მიუცია ვრცელი ასპარეზი, მაგრამ ეს მაშინ, როდესაც შეიქმნება დედად და კისრად დააწვება ოჯახის მოვალეობა; მაგრამ გათხოვებამდის კი უნდა ჰქონოდა ქალსაც თანასწორი აღზრდა და მიმართულება, რომ შესძლებოდა თავის თავის ცხოვრება და ქმრის უღელის გაწევა. მამა-კაცმა ოჯახშიაც კი არად ჩააგდო დედა-კაცის შრომა, უპირატესობა თვით დაიპყრო და ყურები გამოუჭედა: „თქვენ ჭკუა არა გაქვთ, არა გაქვთ გული და გრძნობა, არცარა გესმით, გამოყრუებული და გამოფშუტურებული ხართ, თქვენ თვალებს თვალის ჩინობა არ შეუძლიან, ხართ დაუნდობელნი, მოღალატენი და ვინ მოსთვლის, რა არ უწოდებია კაცს ამ კაცის სათაყვანებელი არსებისათვის, რომელიც არის დედა, და, ცოლი, და ასული. თითქოს ქალი და კაცი განგებას ერთის ძალით და ერთის ბუნებით არ შეექმნას! ის მხოლოდ, როდესაც ქალს ეტრფიალებოდა, მაშინ ამკობდა მოსათინთლავის სიტყვებით: „მზე ხარო, მთვარე, ვარდი და ზამბახიო“.

ახლა ბრძანეთ ამგვარ გზაზედ დაყენებული უსწავლელი და შებორკილებული არსება პირუტყულ წრეში მყოფი ცუდიც რომ გამოსულიყო, ვინ იყო პასუხის მგებელი? ამოდენი საუკუნოების განმავლობაში ამ გვარად მომდინარეობდა ქალების ვითარება და ყურადღება არავისა ჰქონდა მიქცეული, მხოლოდ კაცთა გამოხსნისათვის განხორციელებულმა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ბრძანა: „არა არს გარჩევა არცა მამა-კაცთა და არცა დედა-კაცთაო“. მაგრამ რა წრესაც კი პირველად დაადგა კაცი, იმ წრის გადაცილება სჯულის გარდამავლობად მიაჩნდა.

საბრალო ქალებს იმ დაჩაგვრით მაინც ვერ დაუთრგუნეს ნიჭი და გონება: თუ განათლება არ მისცეს, თავიანთ დედა ენაზედ მაინც კარგად და საძირკვლიანად შეეძლოთ ნათელი მსჯელობა და საქმიანობა, ვინ იყო მწიგნობრობის პატრონი და წერა-კითხვის გამავრცელებელი ჩვენში, თუ არ ქალი, როდესაც კაცები მამულის დასაცველად თოფ-იარაღზედ იყვენ დაყუდებულნი? თუ აქამომდე მოაღწია მდიდარმა ქართულმა ენამ, ქალის მეოხებით მოაღწია, მაგრამ ნებროთის ციხის მზგავსად ენის არევა რომ მოხდა, ძველმა დედა-კაცებმა ვერ შეიშვნიეს და ახალ თაობასაც არად გამოადგათ; დაბრასტული და ჩაკონკილი, ნაკუწნაკუწსავით ერთი სიტყვა ერთი ენიდან შესწავლილი და მეორე მესამე სხვიდან, აბა რა დიდს განათლებას და სიმდიდრეს შესძენდათ? ამ წეს-წყობილებიდან გამოვიდა: მოდა, თეატრი, ბალი, ვეჩერი და ბულვარზედ სეირნობა.

დღეს კი სხვა ქვეყნებიდან ჩვენშიაც შემოვიდა ახალი დრო განათლებისა და აყვავებისა; ახლა მაინც ჩვენმა კაცებმაც დაანებონ თავი ზვაობას და მეშურნეობას, მისცენ თავიანთ დებსაც თანასწორი სწავლა და მიმართულება, რომ შეეძლოთ კიდეც კვალში ჩადგომა და ანგარიშის მოთხოვნა თანამედროვე ქალებისა, თორემ ძველ დედა-კაცებს სამარის მეტი ვეღარა გაგვასწორებს – რა და ახალი თაობის ქალებიც ღვაწლსა და შრომას არ შეუდრკებიან თუ კი საქმეს უშველიან რასმე.”

გაზეთი “კვალი” #16, 18 აპრილი, 1893

 

 

კნ. ბარბარე ჯორჯაძისა 
რედ.  ან. თუმანიშვილი-წერეთლისა 

„კნ. ბარბარე ჯორჯაძისა იყო შინაურათ ოჯახში აღზრდილი, მაგრამ მისი მსჯელობა გააკვირვებდა ბევრს მაშინდელ ევროპიულ სწავლით შეჭურვილს პირებს. ამ ორი წლის წინათ მე მომივიდა მისგან კერძო წერილი საზოგადოთ ქართველი ქალების აღზრდაზე და ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ეს დაწერილია შინაურად აღზრდილი მოხუცი ქალისა.

მისი შვენიერი ნამდვილი ქართული ენა კიდევ უფრო ამშვენებდა მის მოთხრობებს და ლექსებს.”

გაზეთი “კვალი” #17, 16 აპრილი, 1895

 

 

გახსენება
აკაკი

…”მხოლოდ ამ ოც-და-ათის წლის წინედ, როდესაც „ცისკარი“ გამოდიოდა, პირდაპირ და შეუპოვრად გამოვიდა სამწერლო ასპარეზზედ ერთი ახალგაზრდა ქალი და ეს ქალი იყო კნ. ბარბარე ჯორჯაძისა. იმან არ მიაქცია ყურადღება ძველ თაობის კიცხვა-გინებას და შვენიერი ლექსებით აცხადებდა თავის გულის-პასუხებს; მოსთქვამდა წარსულზედ, შეფრქვევით უგალობდა მომავალს და უსიტყვოდ არ აგდებდა აწმყოს ავ-კარგიანობას. ამ გვარი მოვლინება, რასაკვირველია, სასიამოვნო იყო და მაშინდელი ახალთაობაც უნდა სიამოვნებით მიგებებოდა და მხარი მიეცა, მაგრამ, მისდა საუბედუროდ, მაშინ პოეზიისათვის მეტად ცუდი დრო იყო. საზოგადოდ, როგორც რუსეთში, ისე საქართველოში, ხელოვნებას ყურადღებას არავინ აქცევდა; მწერლობაში მხოლოდ ცარიელი სიტყვების ბრახა-ბრუხსა და თუთიყუშივით გამეორებულს სხვების აზრსს ჰქონდა პატივი. ვინც ამ კანონს არ ემორჩილებოდა, იმაზედ ახალთაობას იერიში მიჰქონდა და ბევრსაც გააგდებინებს კალამი ხელიდან. მაგალითებრ: თ-დი რევაზ შალვას ძე ერისთავი სწერდა ლექსებს და იმ დროს შესაფერად არც ურიგოს; თარგმნითაც ბევრს თარგმნიდა, სხვათა შორის ეთარგმნა კალოვის პოემა „შეშლილი“ და ისე შეანანეს მას შრომა, რომ საუკუნოდ ხელი ააღებინეს წერაზედ. ამ გვარივე დღე დააყენეს ბევრ სხვებსაც, მაგრამ კნ. ბარბარე ჯორჯაძისამ კი იარაღი არ დააგდო, შეებაასა ახალ თაობის მეთაურებს და მაშინ მითი ატყდა ერთი ალიაქოთი ლიტერატურაში. ქალის მხარეს იჭერდნენ ძველი მწერლები, მაგ. ალ. ორბელიანი, ი. კერესელიძე, დ. ბერიშვილი, ლ. არდაზიანი და სხვები. საიდუმლოდ დიმ. ბაქრაძეც მხარს აძლევდა. ახალ თაობიდან ერთი-ორიც მიუდგა: ერთი მათგანი იყო, მგონია, ა. ფურცელაძეც, მაგრამ ამათაც ძვირი დაუჯდებოდათ ბოლოს ეს მიდგომა. ასე თუ ისე, ამათმა მხარის მიცემამ მწერალი ქალი მაინც გაამხნევა, მოუხშირა წერას და სხვათა შორის დრამების წერაც. პირველი მისი დრამა იყო „შური“, იმას თან მიჰყვა:“ რას ვეძებდი და რა ვპოვე“  და სხვანი. როდესაც „ცისკარი“  დაიხურა და მწერლობა გადავიდა მაშინდელ ახალ-თაობის ხელში, კნ. ბარბარე ჯორჯაძისას მოესპო საშუალება, რომ ებეჭდა სადმე თავისი ნაწარმოები; წავიდა სოფლად და ამის შემდეგ მის ნაწერს ვეღარას ვხედავდით, თუმცა როგორც დღესაც  სჩანს, ჩვენის მწერლობისათვის თვალყური იქაც კიდევ უდევნებია. 

ახლა ვსთქვათ ორიოდე სიტყვა მის შესახებ, თუ პირველად როგორ გავიცანი მე ისა… მე რადგან ბარბარეს არ ვიცნობდი, ალექსანდრემ წამიყვანა გასაცნობად. მწერალი ქალი, სოფლიდან ჩამოსული, კერესელიძესთან ჩამომხტარიყო, რომელთანაც ნათელ-მირონობა ჰქონდა; სახლის პატრონმა რომ ჩევენი მისვლის მიზეზი გაიგო ძალიან იამა და მითხრა: „ეს ქალი ახლა საკუთარ  ოთახში ზის, წერს და ისე შეგიყვან უცბად, რომ თვითონაც არ იცოდესო“. მომავლო ხელი და ძალით წამიყვანა. როდესაც მე კნ. ბარბარე ჯორჯაძის ლექსებს ვკითხულობდი, სულ სხვანაირად მყვანდა წარმოდგენილი ავტორი; ჩემის აზრით ის უნდა ყოფილიყო ტანმორჩილი, გამხდარი მეტად მკვირცხლი, მოუსვენარი, სხაპა-სხუპით მოლაპარაკე და განსაკუთრებით წერის დროს მეტად აღელვებული, მაგრამ წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც მის ოთახში შევედით: სტოლთან  იჯდა ერთი საკმაოდ მსუქანი, მოსული თვალ-ტანადი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მუხლი-მუხლზედ გადაედვა, ზედ ერთი ფურცელი ქაღალდი დაედვა და დინჯად ლექსსა სწერდა. ეს იყო მისი უკეთესი ლექსი „არაგვი“. მაშინ მეც შევიტყე, რომ თუ არა მუხლზედ, ძველებურად, ისე წერა არ ემარჯვებოდა. ნეტავი ახლაც ისე სწერს, თუ არა? ”   

გაზეთი “კვალი” #14, 4 აპრილი, 1893

მსგავსი პოსტები

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი - მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ალექსანდრა ჯაფარიძე - მთამსვლელი

თამარ ჭავჭავაძე - მსახიობი

ცეცილია წუწუნავა - მსახიობი