21 ნოემბერს ხელისუფლების ოპონენტების მადისკრედიტირებელმა გვერდმა „შუბლის ძარღვ გაწყვეტილები“ გამოაქვეყნა ვიდეომანიპულაცია, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლები ცხოველების ვიზუალით არიან წარმოდგენილი. გამონაკლისი იყო ნაციონალური მოძრაობის ორი წევრი – ნიკა მელია და თინა ბოკუჩავა, რომელთა დისკრედიტაცია გენდერული ნიშნით ხდებოდა. ნიკა მელია ქალად, ხოლო თინა ბოკუჩავა კაცად იყო წარმოდგენილი. გენდერული როლები ვიდეოში ოპოზიციის წევრების დისკრედიტაციის მიზნით იყო შეცვლილი. თინა ბოკუჩავას შემთხვევაში დამატებით ჰომოფობიური კონტექსტიც გამოვლინდა, რადგან ის 2014 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებულს, ავსტრიელ მომღერალს კონჩიტა ვურსტს იყო მიმსგავსებული.
ვიდეო, რომელსაც 25 ნოემბრის მონაცემებით 75 ათასი ნახვა და 1200 მოწონება აქვს, დასათაურებული იყო შემდეგი სიტყვებით: „ქართული პოლიტიკა სპეცეფექტებით“.
კონჩიტა ვურსტი
ფეისბუკის რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემებით, ეს ვიდეო დაფინანსებულია და მასზე 100 დოლარამდეა დახარჯული, ხოლო რეკლამის თანხა გიორგი კვარაცხელიას მიერ არის გადახდილი.
„შუბლის ძარღვ გაწყვეტილების“ ვიდეო ქართული ოცნების მხარდამჭერ საჯარო ჯგუფში 41-კვლავ ხალხის სამსახურში მაჩე მაჩემ გადააზიარა.
მეორე დღეს, 22 ნოემბერს, ეს ვიდეო სტატუსით „ზოოპარკი“ გაავრცელა ხელისუფლების ოპონენტების მადისკრედიტირებელმა გვერდმა „ტერენტი გლდანელი“.
ტერენტი გლდანელის გვერდიდან ეს ვიდეო ფეისბუკ გვერდმა Miha Hamodi და ფიესბუკ პროფილმა მაჩე მაჩემ საჯარო ჯგუფში სიმართლის გზა გააზიარეს.
იმავე დღეს, 1-საათიანი ინტერვალით, ეს ვიდეო გაავრცელეს ხელისუფლების ოპონენტების მადისკრედიტირებელმა გვერდებმა „სექტამ“, სტატუსით: „ჩვენი გარეული ცხოველები“ და „მეხუთე რაიხმა“, სტატუსით: „ცხოველთა სამყარო.“
მეხუთე რაიხის ვიდეო Nika Kvirikashvili-მა საჯარო ჯგუფში 41-კვლავ ხალხის სამსახურში, ხოლო თამარ მიქელაძემ ჯგუფში “სიმართლის გზა” გააზიარეს.