?-1912
ჟურნალი “განათლება” #1, იანვარი, 1912
ნინო ივანე ნიკოლაიშვილის ასული ქიქოძისა
“განსვენებული ეკუთვნის ჩვენებურ მასწავლებელ-ქალთა იმ ჯგუფს, რომელთაც დაიწყეს მოღვაწეობა მე-80 წლებში… ის დაიბადა გურიაში, სოფ. ნიგოითში თავის მამის, ივანე ნიკოლაიშვილის ღარიბ ოჯახში…
70-იან წლებში ანნა მუსხელაშვილისამ დაარსა ახალციხეში, ძველ ქალაქში, იქაურ ქართველ კათოლიკეთა უბანში, ქალთა უფასო სკოლა.
როგორც კი შეიტყო ანნამ (ანუ როგორც მას ყველა ეძახოდა ანნეტამ) თავისი კარგი მეგობრის, გერასიმე კალანდარიშვილის გარდაცვალება, მაშინვე მასწავლებლათ მიიწვია თავის სკოლაში გერასიმეს ქვრივი, მაშინდელი პატრონი პატარა ჟიფოსი. ამ გარემოების წყალობით ჟიფო მოხვდა „ანნეტას სკოლაში“… ის შეიქნა საუკეთესო და ყველასათვის საყვარელი მოსწავლე. ჟიფოს ნატვრასა და ოცნებას იმ დროში შეადგენდა რამენაირათ საშუალო სასწავლებელში მოხვედრა…
ის იყო პირველი გურული ქალი, რომელსაც ეღირსა საშუალო სწავლის მიღება. ამ დროს ჟიფო ოცნებობდა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას და შემდეგ მასწავლებლად წასვლას. მაგრამ ნივთიერმა უსაღსრობამ შეუძლებელი გახადა მისი ნატვრის ასრულება და ჟიფომ იმ თავიდანვე აირჩია მასწავლებლობის ასპარეზი…
ერთი ყოფილი მოსწავლე განსვენებულისა ამ ნაირათ ახასიათებს კერძო წერილში თავის საყვარელ აღმზრდელს: „ჟიფო იშვიათი ადამიანი იყო! ასეთი ადამიანი განსაკუთრებით ძვირფასია ქართველ ქალთა შორის, იმ უფერულობის, უინიციატივობის და პასსიურობის ფონზე, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი დროის ქართველ ქალებს ახასიათებს. „ ის რომ ჩვენ თაობას ეკუთვნოდეს, უსათუოდ დიდი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე იქნებოდა. ამისთვის მას ყველაფერი ხელს უწყობდა: საღი ჭკუა, სერიოზული ხასიათი, რიგიანი მომზადება და განსაკუთრებით მშვენიერი გული “…
მეგობართაგანი
გაზეთი “კვალი” #45, 30 ოქტომბერი, 1894
ოზურგეთის საქალებო შკოლის წარსული და მომავალი
…”1885 წლამდე ვერ ყოფილა სასურველ ნიადაგზე სასწავლებლის საქმე როგორც მატერიალური მხრით, ისე კარგი მასწავლებლის შოვნით, მაგრამ დადგა თუ არა მასწავლებლათ ქ-ნ ქიქოძისა, 1885-1888 წლებში, კარგი მასწავლებლის გამო სწავლაც ყველას შეუყვარდა და სასწავლებლის საქმეც წინ წავიდა. მოსწავლეთა რიცხვმა ერთი-ორათ მოიმატა და სასწავლებლის სახლიც საკუთრათ ავაგეთ.”
მეთვალყურე