ქალები წარსულიდან

ანეტა გიგიბედაშვილი-კაპანაძე – პოეტი, საზოგადო მოღვაწე

1880-1945

ანეტა გიგიბედაშვილი-კაპანაძე 1880 წელს, სოფელ ზემო ხადაკში, სოფლის მწერლის ოჯახში დაიბადა. სოფლის სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა გორის პროგიმნაზიაში განაგრძო, თუმცა მძიმე ოჯახური პირობების გამო, მისი დასრულება ვერ შესძლო. მშობლების გარდაცვალების შემდეგ, იძულებული შეიქმნა, თექვსმეტი წლის ასაკში, კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში პეტრე გრუზინსკის მოურავ იოსებ კაპანაძეზე გათხოვილიყო.

ანეტა კაპანაძე აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან („ნაკადული“, „თანამედროვე აზრი“, „თემი“, „თეატრი და ცხოვრება“, „ბრძოლა“, „კლდე“ და სხვ.). 1902 წელს მან ლექსების პირველი წიგნი გამოსცა.

მონაწილეობას იღებდა 1905 წლის რევოლუციაში. მენშევიკურმა მთავრობამ იგი რამდენჯერმე დააპატიმრა.

იყო ქალთა უფლებების დამცველი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი. მისი ინიციატივით, სოფელ ახალქალაქში დაარსდა სკოლა და საბავშვო ბიბლიოთეკა, ასევე სახალხო თეატრი. იგი ხშირად წარმოდგენებში თავადაც მონაწილეობდა.

1911 წელს ანეტა კაპანაძე საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების საპატიო წევრად დაუსწრებლად აირჩიეს. აღნიშნული საზოგადოებისათვის ის ისტორიულ და ეთნოგრაფიულ ნივთებს აგროვებდა. ასევე ფოლკლორისტულ საკითხებზეც მუშაობდა. ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს სოფელ-სოფელ აგროვებდა და შემდეგ ჟურნალ-გაზეთებში ბეჭდავდა.

1921 წელს იგი საქართველოს უპარტიო ქალთა პირველი ყრილობის დელეგატად აირჩიეს.

 

როგორ სდევნიდნენ წინათ ქალს და როგორ სდევნიან დღესაც
ავტორი: ანეტა კაპანაძისა

„რუსეთის იმპერიაში ამ ცხრა-ათი წლის წინათ ქალი, ქალის ვექილათ რომ წარსდგა მსაჯულთა წინ, სასამართლო დაჰხურეს, ქალს დამცველობის უფლება არა აქვს-ო; კავკასიაში ერთ პოეტის იუბილეზე განურჩევლათ ეროვნებისა გლეხების მიერ გამოგზავნილ ქალს მისივე ერის ინტელიგენტი კაცები უკრძალავდნენ იუბილიართან მისვლას, ქალის საპატიო პირად ამორჩევა მამა კაცების შეურაცყობათ მიიღეს. რკინის გზებზე უარჰყოფდნენ ქალების სამსახურს, ქალს ცუღლუტობა არშიყობის მეტი რა ძალუძსო…

რასაკვირველია ეს გონების დამამხობელი სიბეცე წარსულ ისტორიას ეკუთვნის, მაგრამ დღესაც ნაკლებ სულის კვეთებას არ განიცდის ქალი, როდესაც ცხოვრების ღერძის ბრუნვა ძირ-ფესვიანათ გადატრიალდა; დამონავებული ძლიერს ამოუყენა მხარში, გლეხი თავადს გაუთანასწორა…

აი რა ფრიად მწუხარებით აღსანიშნავია მასთან განსაცვიფრებელი, რომ ახალმა სიოს ძალუმმა ქროლვამ ჯერ ვერ წარიტაცა მამაკაცის ძარღვებში გამჯდარი დედაკაცისადმი მონობის შთაბეჭდილება. მაგრამ დრო გაივლის, გონზე მოსული მამაკაცი ქალის პიროვნების წინ მოიხრის ქედს.

მაშინ ახალი ადამიანი, ახალ ცხოვრებას, ახალ მრავალჟამიერს უგალობებს და ჟამსა დასასრულ სიცოცხლისას, ნეტარების ღიმილით განისვენებს ახალ სამარის ნათლოვან ჯურღმულთა შინა“.

ხმა ქართველი ქალისა #9, 8 ივნისი, 1917 

მსგავსი პოსტები

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი - მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ალექსანდრა ჯაფარიძე - მთამსვლელი

თამარ ჭავჭავაძე - მსახიობი

ცეცილია წუწუნავა - მსახიობი