1842-1890
ანნა ღოღობერიძემ წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელი დაამთავრა. იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ნიკოლოზ ღოღობერიძის და. ახალციხის მაზრის სამხედრო უწყების მოხელე-გენერლის გ. მუსხელიშვილის მეუღლე.
1870 წელს დააფუძნა „ახალციხის საქველმოქმედო საზოგადოება“, რომლის მიზანსაც ახალციხეში ქართველი ქალებისთვის უფასო სასწავლებლის გახსნა, ასევე მათთვის ხელსაქმის სწავლება წარმოადგენდა. თავდაპირველად პედაგოგიურ საქმიანობას თავადაც ეწეოდა. ახალციხის ქალთა უფასო სკოლის დაფუძნებას, სადაც ძირითადად შეჭირვებულები სწავლობდნენ, იაკობ გოგებაშვილმა „ცისკრის ამოსვლა“ უწოდა.
ქუთაისში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დაწყებითი სკოლის დასაარსებლად შექმნილ საზედამხედველო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. 1885 წელს კი ახალციხეში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების „ახალციხის განყოფილების“ დაარსებაში მონაწილეობდა.
გაზეთი “კვალი” #27, 4 ივლისი, 1893
“სულ ოც-და-ხუთი წლისა იქნებოდა, რომ ამან განიძრახა ახალციხეში დაეარსებინა პირველ დაწყებითი დედათა სკოლა და თავის განძრახვა აასრულა კიდეც, მერე იმისთანა მიყრუებულ ქალაქში, როგორიც არის ახალციხე. ჯერ მამაკაცისთვის საზოგადო მოღვაწეობა რა ეკლით არის მოფენილი, რომ მოღვაწე ქალისთვის რა იქნებოდა. ახალციხის დედათა სკოლა თუ არსებობს აქამდის, სულ მისი მეცადინეობით და მისი გულმოდგინე შრომით არის და ეს სკოლა ისეთს ზნეობითს საფუძველზეა დაარსებული, რომ იქედან ბევრი მშრომელი მამულის შვილები გამოსულა და ახლაც ამ გვარი სკოლების გამართვა სანატრელია…
სათავად-აზნაურო სკოლის კომიტეტის თავმჯდომარეთ იყო ამორჩეული და გულმოდგინეთ შეუდგა ღარიბი მოსწავლეების ცხოვრების გაუმჯობესებას. იმის სახლში კერავდნენ ყმაწვილებისთვის ტანისამოსს, მისივე თაოსნობით იმართებოდა საქველ-მოქმედო წარმოდგენები. იმ დროს დაარსდა ქუთაისში საქველ-მოქმედოთ საზოგადოება ეპისკოპოსი გაბრიელის თაოსნობით, რომლის თავმჯდომარეთ კიდევ ეს ქალი იყო ამორჩეული.
საცა კი წავიდოდა ანნა მუსხელაშვილისა, რაც უნდა პატარა კუნჭულში მოხდომოდა ამას ცხოვრება, იგი ყველგან ჰფენდა ნათელს, შეჰქონდა კაცობრიობის სიყვარული და თავის გონივრული გავლენებით მბაძველებს პოულობდა.
ისე არ დაარსდებოდა რაიმე საზოგადოება, ისე არ დაიბეჭდებოდა რაიმე წიგნი, რომ ამას თანაგრძნობა არ გამოეცხადებინა, შემწეობა სიტყვით თუ საქმით არ აღმოეჩინა. პირველად ამისგან იყო მიღებული თანაგრძნობის წერილი შესახებ ჟურნალ „ჯეჯილის “ გამოსვლისა”…
ან.თ. წ_სა