ქალები წარსულიდან

ბარბარე ყიფიანი – ფსიქო-ფიზიოლოგი, საზოგადო მოღვაწე

1879-1965

ქართველი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი, ბარბარე ყიფიანი პირველი ქართველი ფსიქო-ფიზიოლოგი ქალი იყო, რომელიც ევროპაში მოღვაწეობდა. მის ნაშრომებს ბავშვთა ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის საკითხებზე მინიჭებული აქვს ოქროს მედლის პრემიები.

1899 წელს დაამთავრა თბილისის წმ. ნინოს სასწავლებელი, ხოლო 1901 წლიდან  ბრიუსელის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა. ბრიუსელის უნივერსიტეტში ქართულ და რუსულ სიტყვიერებაში ლექციებს კითხულობდა. 1908 წლიდან ბრიუსელის უნივერსიტეტის ჟურნალ “Revue Psycholigue”-ის სწავლული მდივანი გახდა.

1910 წელს მისი ინიციატივით, ბრიუსელის საერთაშორისო მუზეუმში ქართული განყოფილება დაარსდა.

ჩაბმული იყო აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში. ქართული კულტურის ექსპონატების დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში მისი წვლილი განსაკუთრებულია. მეურვეობდა ს. დადიანისა და ა. მიურატის ოჯახის ქონებასა და  არქივს, რომელიც შემდეგ იტალიაში მოღვაწე ქართველ კათოლოკე ბერს მიქაელ თარხნიშვილს გადასცა.

ბარბარე ყიფიანის საქართველოში დაბრუნება ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, იძულებული გახდა კვლავ საზღვარგარეთ გამგზავრებულიყო.

 

ბარბარე ყიფიანის მიმართვა ქართულ საზოგადოებას, ბრიუსელის საერთაშორისო მუზეუმში ქართული განყოფილების დაარსებასთან დაკავშირებით
ბრიუსელი, 1910

„ბრიუსელში 1910წ. მაისის 9, 10 და11-ს შემდგარმა საერთაშორისო ასოციაციათა მსოფლიო კონგრესმა დაადგინა, ისეთი მუზეუმის დაარსოს, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ერთა გონებრივისა და ტეხნიკის წარმატების რეზულტატი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში…

ყოველს ქვეყანას და ეროვნებას განსაკუთრებული დარბაზი აქვთ დათმობილი, სხვათა შორის, ქართველთაც. ეს პირველათაა, რომ საქართველოს შემთხვევა ეძლევა ევროპას დაანახვოს თავისი გონებრივი და ტეხნიკის წარმატების რეზულტატი და ამ მხრით ცხადყოს, რომ ისიც საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს.

ის განსაკუთრებული პირობები, რომელშიაც ამჟამად საქართველო იმყოფება, იმის მიზეზი გახლავთ, რომ მას თავი ვერ გამოუჩენია საერთაშორისო ცხოვრებაში. ამ მხრით ქართულ განყოფილებას მუზეუმის სხვა განყოფილებებთან შედარებით ცოტა არ  იყოს, განსაკუთრებული ხასიათი ექნება…

რომ საერთაშორისო მუზეუმში ქართულ განყოფილებას მუზეუმი ექნება, ეს ეჭვგარეშეა, ვინაიდან იგი დასავლეთ ევროპას ხელს შეუწყობს მის დაახლოება-გაცნობაში. მაგრამ რომ ეს განყოფილება მოეწყოს, ამისთვის საჭიროა თვით ქართველი ხალხის თანაგრძნობაც.”

საერთაშორისო მუზეუმის ქართული განყოფილება ბრიუსელში
თავმჯდომარე ბარბარე ყიფიანის ასული.

მსგავსი პოსტები

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი - მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ალექსანდრა ჯაფარიძე - მთამსვლელი

თამარ ჭავჭავაძე - მსახიობი

ცეცილია წუწუნავა - მსახიობი