
1851-1938
ეკატერინე გაბაშვილი ქ. გორში 1851 წ. 28 ივნისს დაიბადა. მამა, რევაზ თარხნიშვილი (თარხან–მოურავი) სასამართლოს მდივანი, შემდეგში ვექილი იყო. იგი ლიბერალურ თავადაზნაურობას მიეკუთვნებოდა.
1859 წელს ეკატერინე თბილისში ჯერ გერმანულ სკოლაში მიაბარეს, შემდეგ მადამ ფავრის ცნობილ პანსიონში გადაიყვანეს. 1868 წელს ეკ. გაბაშვილი დაბრუნდა გორში, სადაც პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. ღარიბ ბავშვებს უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა–კითხვას. აქვე დაწერა მოთხრობა “სოფლის მასწავლებელი”.
ალექსანდრე გაბაშვილზე დაქორწინების შემდეგ თბილისში გადავიდა და აქტიურ ლიტერატურულ და საზოგადოებრივ საქმიანობას შეუდგა. იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, ხელმძღვანელობდა ქალთა პროფესიულ სკოლას. სოციალურად შეჭირვებულ გოგონებს პროფესიულ მომზადებასთან ერთად ზოგადი განათლების მიღების მხრივაც ეხმარებოდა.
იყო ტფილისის ქალთა საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელთან ერთად ჟურნალ “ჯეჯილის” დამაარსებელი და აქტიური თანამშრომელი.
წერილი რედაქტორთან
ეკ. გაბაშვილისა
“მართლაც და გასაკვირველია როგორ ერთს ან საზოგადოების წევრს, ან საზოგადოების მმართველებს ფიქრათ არ მოუვიდათ ქალების ბედის გახსენებაც! ორიოდე სიტყვა ითქვა ხონში ქალების შკოლის გამართვაზედ მაგრამ ეს სიტყვები ისე საჩქაროთ იყვნენ ჩაფარცხულნი, თითქოს ეს მომეტებული საგანი ყოფილიყოს საზოგადოების არსებითი აზრისათვის. როგორ დავიჯერო, რომ ჩვენი წერა-კითხვის საზოგადოების მმართველნი საჭიროდ არა რაცხდენ ქალებისთვის ზრუნვას? …
მე გამაკვირვა მხოლოდ იმან, რომ თორმეტიდგან დაწყებული თითქმის ხუთ საათამდე იყო ცხარე ბაასი საზოგადოების ფულის მოხმარებაზედ წერა-კითხვის გავრცელებისათვის და არავის იმაზედ ხმა არ ამოუღია, ეს ღვაწლი მარტო ვაჟების სასწავლებლებს და იმათ განათლებას უნდა ეკუთვნოდეს, თუ ქალებსაც უნდა ჰქონდეთ რამე მონაწილეობა.
მართლაც გასაკვირია, როგორ ერთს ან საზოგადოების წევრს ან საზოგადოების მმართველებს ფიქრადაც არ მოუვიდათ ქალების ბედის გახსენებაც. განა ცუდი იქნებოდა, როგორც ბათუმისა და თბილისის შკოლებზე ლაპარაკობენ, ესეც გადაეწყვიტნათ, რომ ყველა შკოლა საქალ-ვაჟო ყოფილიყო?…
წარსულის კვირის კრებაში ვიყავით რამდენიმე ქალი და ვერც ერთმა ჩვენთაგანმა ვერ მოვახერხეთ ხმის ამოღება ქალების გამოსასარჩლებლად. რატომ? იმიტომ, რომ შევკრთით, ვერ გავბედეთ ხმამაღლა გამოგვეთქვა ჩვენი აზრი, არა ვართ ქალები შეჩვეული საზოგადო საქმეებში მონაწილეობის მიღებას.
იმედი გვაქვს, საქართველოს წერა-კითხვის საზოგადოება მიიღებს მხედველობაში ამ აზრს და შემდეგისთვის მისცემს ღონის-ძიებას ქართველ ქალებს თავის დედა-ენის შესწავლისას; ვგონებთ, საქმითაც მალე გამოჩნდეს, რომ ეს საზოგადოების ზრუნვა უსარგებლოთ არ ჩაივლის.
გაზეთი “დროება” #119, 7 ივნისი, 1880
ბარბარე სულხანიშვილისას
ავტორი: ეკ. გაბაშვილისა
„ამ შვიდი-რვა წლის წინად „ივერიის“ მაშინდელი მეფელეტონე ბ-ნი ხონელი ახირებულად ჩააცივდა ქართველ ქალებს. ყოველს თავისს საკვირაო ფელეტონში უეჭველად გაჰკრავდა ხოლმე იმათ კბილებს.
ერთხელ იმისი ფელეტონი ამ სიტყვებით იწყებოდა ქალების შესახებ: „გულ-საკლავ და ზარ-დამცემ ზნეთა დაცემის სურათს დაჰხატავს შთამომავლობის საყურადღებოდ მემატიანეო. რა არის უმრავლესობა ჩვენის ესრედ წოდებულის განათლებულის ქალებისაო, რა გვარებია იმათი იდეალი, იმათი მიმართულება, იმათი საგანი და დანიშნულებაო“.
მე ეს სიტყვები და მთლად იმის წერილის კილო უსამართლოდ ვცან და როგორც თქვენ დღეს ჩიორას, მეც ბ-ნ ხონელს გულ მტკივნეული პასუხი მივეცი. „მართლა და რა არის უმრავლესობა ჩვენის განათლებულის კაცებისაო? ამავე კითხვით რომ მოგმართოთ ჩვენ ქალებმა, თქვენ, კაცებს, ნეტა რას გვიპასუხებდით? რა გააკეთეთ, რომ ჩვენ უკან ჩამოგრჩით? რითი ისახელეთ თავი, რომ ჩვენ გვერდში არ ამოგიდექით? ჩვენი მამანი, როდესაც გმირობდნენ, ჩვენი დედანიც „მარად ნეტარნიც“, ნამდვილი მათი მეკვლენი იყვნენ. მაშინ, როდესაც კაცი იბრძოდა თავისის სამშობლოს დასაცველად, დედაკაციც ხელს უწყობდა, ახალისებდა, იარაღს უფერავდა, ნუზლს უმზადებდა; ქმარს, ძმას, შვილს ბრძოლის ველზედ ისტუმრებდა და უვაჟკაცო ოჯახს მმართავდა, აწყობდა და აყვავებდა, ქართველ სიტყვიერებას, წერა-კიტხვას ჰპატრონობდა.
„დღეს რას აკეთებთ თქვენ?_ჩინოვნიკობთ? და განა დედაკაცები-კი გაფაციცებულნი ალაგებს არ ეძებენ კანცელარიებში? განა დღითი-დღე არა ჰმატულობს ქალების რიცხვი საზოგადო ასპარეზზედ გამოსასვლელად? ცოტა ქალებია მასწავლებლებად სასოფლო და სამოქალაქო სკოლებში, მუსიკის მასწავლებლებად, გუვერნანტებად, მკერვალებად მაღაზიებში, ტელეგრაფის მოხელეებად? ამასთან იმასაც ნუ დაივიწყებთ, რომ დედაკაცისთვის ჩვენში საასპარეზო მოედანი ჯერ ძრიელ ვიწროდ არის შემოფარგლული.
„რაც შეეხება საოჯახო საქმეებს, არც აქ ჩამოვრჩით ქალები კაცებს. ჩვენმა თუ მთლად ახალ თაობის კაცებმა არა, მომეტებულმა უმრავლესობამ მაინც, სოფელი უარ-ჰყო და ქალაქს მოაწყდა; თავისს განათლებული გონება სოფლის ვიწრო, იმათის აზრით, უფერულ ცხოვრებას არ ანაცვალეს და აქ ქალაქში ბულვარზედ უსაქმურად ხეტიალი არჩიეს, და დამარტოვებულ ქალებს რა ექმნათ, რომ თან არ გამოჰყოლოდნენ?
„მაჩვენეთ ერთი მაგალითი ისტორიაში, რომ ქალები კაცებს ჩამორჩენოდნენ ზნეობრივ, არ აღფრთოვანებულიყვნენ კაცის ძლიერებით და არ დაცემულიყვნენ მათის ზნეობრივის სიძაბუნით. სოფიო განა სოლომონის მეუღლე არ იყო, („ქართლის ბედი“, ბარათაშვილისა), ხერხეულიძის ცოლი თავისის შვიდის გმირის დედა? ქეტევან წამებული ქართილის მეფე და თამარ აყვავებულის საქართველოს საუკეთესო გვირგვინოსანი?
„მაშასადამე, დღეს თუ ჩვენ, ქალთა შორის, ბევრს სიკეთეს ვერა ჰხედავთ, ამის მიზეზი თქვენი ვერაგობაა. რა იდეალი გაქვთ თქვენ, რომ ჩვენ არ თანავუგრძნობთ? რომელ რაზმს გაუძღვეთ, ან რომელს მივდიოთ? წადით თქვენ და თუ ვერ გამოგყვეთ მაშინ გვიკიჟინეთ, და თუ თქვენ თვითონ ტორტმანებთ, მაშა სადმე ორთავეს ერთად, თქვენცა და ჩვენნც, ჯერ ჩანჩალი, უფერულება, ძალმორეულება გვხვედრია წილად და ერთმანეთს ნურას უსაყვედურებთ, მტრობას ნუ გაუწევთ.
„იყო დრო და ძრიელ დიდი ხანიც არ არის მას აქეთ, რომ ყმაწვილი კაცი, ყმაწვილ ქალს გაიცნობდა თუ არა, პირველ საჩუქრად უძღვნიდა კარგ წიგნს, პირველივე იმისი სიტყვა ქალის პატივისცემის გამომხატველი იყო. ამით კაცი ყოველთვის სცდილობდა დედა-კაცისთვის შეეგნებინებინა იმ წმინდა იდეალის თაყვანის ცემა, რომელსაც თითონ ლოცულობდა, თითონ გეეცნო ჭეშმარიტის სწავლის წყაროებიდან და რომელსაც დედაკაცი თავისის საზოგადოებრივის მდომარეობის გამო მოკლებული იყო.
„მაშინ დედაკაცს კაცი თავისს მომხრედ, თავისს ამხანაგად, თავისს ზნეობრივ აღმამაღლებელ ქმნილებად მიაჩნდა და თითონაც სცდილობდა იმის თვალში ამაღლებულიყო, ზნეობის და წარმატების გზას შესდგომოდა. ქალი, მაშინ თუ არ სიყვარულით, ქმარს არ გაჰყვებოდა და თუ კაცი უყვარდა, არ დასდევდა იმას, თუ რა შეძლება ექნებოდა იმის მომავალს მეუღლეს.
„დღეს თქვენ სძრახავთ დედა-კაცს, რომ იმის თვალები მხოლოდ შეძლებულ საქმროს დასაჭერად უჭყეტია. ეგ მართლაც საძრახისია და ზნეობით დაცემის ნიშანია, მაგრამ ის მხოლოდ თქვენგან იღებს მაგალითს, თქვენგან, რომელნიც დედაკაცის ღირსებას მხოლოდ იმის მზითვის რაოდენობით ჰზომავთ.
რასაკვირველია, თქვენი უვარგისობა დედა-კაცს ნებას არ აძლევს თავი იმართლოს. რასაკვირველია, ჩვენთვის ჩვენი მომავლისათვის საჭიროა, რომ დედაკაცმა გაიღვიძოს, თავისს დანიშნულებას ყური მიაპყროს, ზნეობის ბაირაღი აღმართოს, მაგრამ ამისთვის ბევრი და ბევრია საჭირო. განა არ მოგეხსენებათ, რა ძალა აქვს აღზრდას მაგალითს, ტრადიციას და განსაკუთრებით სკოლას, რომელიც დღეს ქართველ ქალებს დედინაცვლად გადაჰქცევია და გადაგვარებას უქადის“.
ერთი სიტყვით, ქ-ნო ბარბარე, ჩემი და თქვენი საყვედური კაცების მიმართ თითქმის ერთი და იგივე ყოფილა, თუმცა მე და თქვენს ხნიერებაში დიდი მანძილია და ჩემი წერილი შვიდი-რვა წლით ადრეა დაწერილი. მაინც ერთსა და იგივე გულისტკივილს შეუწუხებივართ, ერთ გვარად უსამართლოდ მიგვიღია მამაკაცების საყვედური ჩვენის უვარგისობის შესახებ და ბრალი თითქო იმათზედ მიგვიყრია.
განსხვავება ჩვენს შორის მხოლოდ ის არის, რომ რაც მე მიმაჩნდა შეუძლებლად ქალების მხრივ მაშინ, კაცების დაუხმარებლივ, ეხლა ის ისე აღარ არის, თუ სრულიად ენერგიას მოკლებული არ არის, შეუძლიან თავისუფლად იმოქმედოს, უმაღლესს სწავლამდის მიაღწიოს, და სწავლით აღჭურვილი ადამიანი-კი ვიღას ღა შეეპუება ეხლანდელს დროში. უმაღლესის სწავლით ფრთებ-შესხმული ქალი რარად მოიხრის თავს მამა-კაცის წინ: ინებე და (უწლოვანესის შენის ქეიფის ნებაზედ) მონად ამიყვანეო.
ეხლა ქალებს მომეტაებული უფლება აქვთ, მომატებული ღონე კაცებს არ გეექელვინოთ (სწავლა ყველას ათანასწორებს) და საჭიროება მოითხოვს ქართველებისათვის, რომ წინაც გაუსწროთ. განა ქალები საუკეთესო მქადაგებელნი არ ყოფილან ყოველს კეთილის მოძღვრებისა ჩვენში? განა მრავალი მაგალითი არ არის ჩვენს ისტორიაში, რომ დედა-კაცს აღედგინოს ის, რაც დროთა ვითარებას დაექციოს? განა ქართული ანდაზა არ ამბობს: `დედა-კაცის აგებული ღმერთმაც ვერ დააქციაო.
„მაშ კაცების ყიჟინი მოყვრის რჩევად მიიღეთ, ახალგაზრდა ქალებო, და აასრულედ ის ყველა ქართველის სურვილი, რომელიც ჩიორამ გისაყვედურად, ქართველები იყავით გულით და ნუ გადაშენდებით იმ მიზეზთა ზედ გავლენის მოწყალებით, რომელნიც ჩვენ მოსწავლე ქალებს, მართლა-და ამახინჯებს. ნუ ვინუგეშებთ თავს იმითი, რომ კაცებიც გადაგვარებულნი არიან.
…დე, ჩვენ იმათ ვუსაყვედუროთ, იმათ ჩვენ გვისაყვბედურონ და ერთმანეთის ქიშპით საერთო საქმე, საერთო იდეალი, საერთო სურვილი თვით არსებისა უკეთ მოვაწყოთ, უკეთ ვაწარმოვოთ.
გაზეთი “ივერია” #221, 19 ოქტომბერი, 1894
ჩვენს ქალებს
ავტორი: ეკ. გაბაშვილი
“ყოველს ერს, ყოველ განათლებულ ხალხს, ხალხს ბედნიერსა და თავისუფალს, ჰყავს მთელი რაზმები ქველ-მოქმედთა ქალთა, რომელნიც ხელს უპყრობენ დაუძლურებულებს, გზა-დაბნეულებს გზას უჩვენებენ, უვიცს ცოდნას ასწავებენ, ბრმათ თვალთ უხელენ და, თუ არ სავსებით, შეძლებისა დაგვარად მაინც ასრულებენ უდიდესის ქველ-მოქმედის – ქრისტეს მცნებას: „მშიერ ვიყავ და გამაძღე, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ, შიშველ ვიყავ და შემმოსეთ, სნეული ვიყავ და მომხედეთ“ და სხვა.
თუ ასეა ბედნიერ და თავისუფალ ერთა შორის, თუ აქ მთელი რაზმნი ქალებისა დაუღალავად ჰშრომობენ და ჰფენენ თვის გარშემო სინათლეს, განა ჩვენ დავრდომილს, აზრ-დაბნეულს, ხელ-ფეხ-შეკრულს ერს უფრო არ ესაჭიროება ამ გვარ ქალთა არსებობა? იმათს თვალ-ხილულობას, იმათს გამჭრიახობას, იმათს კაცთ-მოყვარეობას უფრო დიდი ასპარეზი, უფრო თვალ გადუწვდენელი სამკალი არ უდევს წინა? მაშ რად არის ჩვენი დედაკაცობა ასე გაყუჩებული, უმოძრაოდ გაჩერებული ერთს ალაგას, ყოველ ქველმოქმედებას მოკლებული?
ნუ თუ ქართველი ქალი, ისე როგორც ყოველი ქალი ბუნებურად, შემკული არ არის გულკეთილობით, ლმობიერებით, გულ-ჩვილობით და მოყვასის სიყვარულით? ნუ თუ ქართველის ქალის გული ისეა გაყამირებული, ისეა ყოველს სითბოს მოკლებული, რომ იმას აღარა გააღვიძებს რა? ნუ თუ გადაგვარება ისე მძლავრად არის ფესვ-გადგმული, რომ ქართველ ქალს თავისის საკუთარის ავ-კარგიანობის შეგნება აღარ ესმის? აღარ ევალდებულება?
ღმერთმა გვაშოროს ამგვარი უიმედობა, ამგვარი გულ-გატეხილობა! მაგრამ მაშ რა დავარქვათ ჩვენის ქალების ყურის მოყრუებას, კარგის მაგალითების არ მიღებას?
შორს რომ არ წავიდეთ, აი, თუნდა ჩვენ დედა ქალაქ ტფილისში მივიხედ-მოვიხედოთ. მაშინ, როდესაც ამ ქალაქში არსებობს ქველ-მოქმედთა ქალთა საზოგადოებანი რუსთა, სომეხთა, ფრანგთა, გერმანელთა, ებრაელთა, ქართველი ქალები რას აკეთებენ? ვის და რას ემსახურებიან?
ნუ თუ ჩვენის ერის წარმომადგენელნი, ტფილისის მცხოვრებნი, ნაკლებად ჰსაჭიროებენ დახმარებაში, ნაკლებად არიან მათ შორის მაშვრალნი, უვიცნი, მშიერ-მწყურვალნი და ცხოვრების სიბნელით გარშემორტყმულნი? ნუ თუ იმათ ნაკლებად ესაჭიროებათ დამხმარე ხელი, თბილი გული, მხურვალე, კაცთმოყვარეობით აღჭურვილის დედაკაცის ნუგეში?
ერთ მუჭა გერმანელთ, თავიანთ ქველ-მოქმედთა ქალთა მეოხებით, ტფილისში აქვთ თავშესაფარი მოხუცთა დედაკაცთა და კაცთათვის, აქვთ სამუშაო სახლი, სადაც გაჭირვებულს აძლევენ სამუშაოს, აქვთ რამდენიმე სკოლა, აქვთ ტანისამოსების საწყობები ზამთარში ტიტველთა შესამოსად, საპყართა სამკურნალო! ამგვარივე დაწესებულება მოეპოვებათ ებრაელთ, ფრანგებს, სომხებს.
ჩვენ, ჩვენ რაღა გვაბადია? ნუ თუ ყოველგან და ყოველთვის სხვის ბოგანოები უნდა ვიყვნეთ, სხვას ხელში უნდა შევყურებდეთ?
ქალაქი აივსო სოფელში ბოგანოდ დარჩენილ უმამულო და უილაჯო გლეხ-კაცობით. აუარებელი გაღატაკებული თავად-აზნაურობა შემოეხიზნა თავის დედა-ქალაქს, და ყველა ესენი საშინელ სიბნელეში არიან, გაჭირვებით ყელამდინ იფლობიან სიჭუჭყეში და საშინელის სისწრაფით მიისწრაფიან გადაგვარებისა და გადაშენების გზაზედ.
მარტო ჩვენის სათავად აზნაურო სკოლის გამგენი რომ ადგნენ იმ უბედურთა მშობლების შესახებს სიებს, რომელნიც სკოლის კარებს მიადგებიან ხოლმე შემოდგომობით, იმათ შიშველ-ტიტველ შვილების სურათებს რომ ჰხატავენს თავისს ანგარიშების ფურცლებზედ, თმა ყალყზედ შეუდგება ყოველს შეგნებულს ქართველს.
ნუღარას ვიტყვით იმ საცოდავ, განათლებას მოკლებულ ყმაწვილ ქალიშვილებისას, რომელნიც ასობითა და ორასობით დაეძებენ რაიმე საქმეს და ვერც გზა გაუგიათ და ვერც კვალი ამ უდაბურ ქალაქში და ბევრჯერ სასოება-წარკვეთილნი, რომ პატიოსანის შრომით ლუკმა იშოვონ, ქირავდებიან, ისყიდებიან.
ნუ თუ ტფილისელ ქალებს არ ძალუძთ თავი მოიყარონ, ერთმანეთს ხელი მისცენ, მკვიდრი და ძლიერი კავშირი შეჰკრან და გაჭირვებულ მოძმეს აღსადგენად, დასახმარებლად გააკეთონ რამე?
ჩვენის დიდ-კაცობისა და შემძლე საზოგადოების წარმომადგენელნი მანდილოსანნი მთელს თავისს დროს, მთელს თავისს მახვილ-გონიერებას, მთელს თავისს აუარებელს შეძლებას ცუღლუტობასა, პრანჭვა-გრეხვასა, ბანქოს თამაშსა, გრძნობათა ღელვას ანდომებენ და ამ ცარიელის, უსაგნო და უნაყოფო ცხოვრებით არავის, თვით თავიანთ თავსაც და გულსაც, არავითარს კმაყოფილებას არ აძლევენ.
ის არა სჯობიან, სხვა ხალხების წარჩინებულ მანდილოსნებს მიჰბაძონ და ერთი მეასედი თავისი შემოსავლისა შესწირონ საქველ-მოქმედო საქმეს, ერთი მეასედი დრო მოახმარონ მაშვრალთ, ამათის წყლულის დაამებას! განა გაძღომა მშიერისა, გამოზრდა ობლისა, გზის ჩვენება გზა-დაბნეულისა, ხელ-აპყრობა საპყარისა საუკეთესო საზრდო არ იქნება დაცარიელებულის გულისა, იმ გამოფიტულის სულისა, რომელსაც უეჭველია ჰგრძნობს ყოველ ჩვენის უსაქმურის და უშინაარსო, უდედა-აზრო მანდილოსნებისა.
1) ჩვენთვის საჭიროა მოსწავლეთა დამხმარებელ ქალთა საზოგადოება სათავად-აზნაურო სკოლასთან.
2) საჭიროა დამხმარებელ ქალთა საზოგადოება „წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებისთვის“.
3) საჭიროა ქალთა სამუშაო სახელოსნოსთვის.
4) დრამატიული საზოგადოებისთვის და კიდევ ბევრ სხვა საქმისათვის.
მართალია, ყველა ჩვენს საზოგადო საქმეს ჰყავს თითო ოროლა გულ-შემატკივარი ქალი, რომელნიც დაუღალავად იღწვიან, ჰმუშაობენ, სიტყვითა და საქმით უნდათ როგორმე ლარი გაიტანონ, მაგრამ რა არის ერთი და ორი იქ, სადაც ათასი სული, ათასი გული, ორასი თვალია საჭირო, სადაც მხოლოდ საერთო შრომას შეუძლიან გააკეთოს რამე, სადაც მხოლოდ შეერთებულს კავშირს შეუძლიან ათასგვარ დამაბრკოლებელ მიზეზთა ბრძოლა.
კიდევ ვიმეორებ, მე იმედს არა ვკარგავ და ხმა მაღლა საყვადურითა და გულის ტკივილით მივმართავ ჩვენს ქალებს: სირცხვილია ჩვენი ამდენი ძილი, სირცხვილია და მასთან სიკვდილიც ჩვენი ამგვარი გულშეუტკივრობა, ამგვარი სიბრმავე, დაუნახველობა, შეუგნებლობა ჩვენის სნეულებისა, ჩვენის გადაგვარებისა.
დროა ხელი ხელს მივცეთ, დროა ხმა ხმას მივაწოდოთ და საერთო ძალით გავაკეთოთ რამე, გამოვფხიზლდეთ, იდეალი დავსახოთ მისდა მისაღწევად კრებული შევადგინოთ, მხოლოდ იდეალით აღჭურვილ ხალხს აქვს გონება გაბრწყინვალებული, სული განფაქიზებული, გული გალმობიერებული.
მაშ ხელი, ქალნო! ჩავებნეთ საერთო ფერხულში, სავალდებულოდ გავხადოთ წელიწადში რამდენიმე დღე, მხოლოდ რამდენიმე დღე საზოგადო სამსახურს დავუთმოთ, კარგსა და ავს ვუჭირისუფლოთ, ნელა, ნელა, თითო ნაბიჯით, მაგრამ მედგრადა და შეუფერხებლად ვებრძლოთ გარემოებას და.. ხვედრი, ჩვენი სვე ჩვენვე გავიტანოთ.
ეს აუცილებლად საჭიროა სიცოცხლისათვის, უიმისოთ მკვდარია სახელი ჩვენი და ჩვენთან ერთად მრავალი სხვა-და-სხვა ძვირფასი, დაგვიანებით გამოუბრუნებელი, საერო იმედები და მისწრაფება.
დედაკაცი ყოფილა ყოველთვის ბურჯი ჩვენის შეუდრეკელობისა, ჩვენის თვით-მცნებისა, ჩვენი პოლიტიკური და ზნეობრივ იდეალებისა, და ნუთუ ჩვენ, დღევანდელნი ქალნი ისე დავკნინდით, რომ ქველმოქმედ ქალთა კავშირსაც ვერ შევადგენთ და მოძმეთა ზნეობრივსა და ქონებრივს გამხნევებას მაინც ვერ ვიკისრებთ?!“
გაზეთი “ივერია” #100, 15 მაისი, 1898