1855_1890
დიმიტრი ყიფიანის ქალიშვილი, ელენე მთარგმნელობითი, სამსახიობო, საგამომცემლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობით იყო გამორჩეული.
ფრანგულიდან თარგმნა ჰიუგო, მოლიერი. ტასო წერეთელთან ერთად ლიტერატორ ქალთა წრე ჩამოაყალიბა. მისი ინიციატივით, ქალთა ჯგუფმა გამოსცა კრებული „თარგმანი საამო საკითხავთა თხზულებათა“. ქუთაისში დააფუძნა ალმანახი „ქართული ბიბლიოთეკა“, რომლის ავტორები თავად ელენე, ეკატერინე გაბაშვილი და ეკატერინე მელიქიშვილი იყვნენ.
იყო თბილისის თეატრალური დასის ერთ–ერთი შემქმნელი და მისი მუდმივი წევრი, ქუთაისის სათავად-აზნაურო სკოლის ღარიბ მოსწავლეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
გაზეთი “ივერია” #251, 25 ნოემბერი, 1890
ახალი ამბავი: „ვის არ გაუგონია დიმიტრი ყიფიანის სახელთან სახელი იმის საყვარელის ქალის ელენესიც, რომელნიც ერთად მოღვაწეობდნენ ჩვენის თეატრის აღსადგენად, ჩვენის ღარიბის ლიტერატურისა და მწერლობის გასამდიდრებლად. ჩვენის წიგნისა და წერა-კითხვის გასავრცელებლად?..”
გაზეთი “ივერია” #253, 28 ნოემბერი, 1890
“გათხოვებამდე უსასყიდლოდ ასწავლიდა სოფლის გასათხოვარ ქალებს წერა-კითხვას სოფელს ქვიშხეთში. დღეს თითქმის ყველა სააბაშიოს სოფელში მოიპოვება ქვიშხეთიდამ გათხოვებული ქალები, რომლებმაც წერა-კითხვა განსვენებულ ელენე დიმიტრის ასულისაგან ისწავლეს” …
გაზთი “კვალი” #45, 30 ოქტომბერი, 1894
…”ელენე პირველი იყო, რომელიც გამოვიდა საზოგადო ასპარეზზე და თეატრი ფეხზე დააყენა თავისი მუდმივი ნიჭიერი თამაშობით და გულითადი თანაგრძნობით. მისი ენერგიული მეცადინეობით შედგა 1873წ. თბილისში სათეატრო მოთამაშეთა დასი, მანვე შეადგინა პატარა წრე ქალებისა, რომელთაც აზრათ ჰქონდათ გამოცემა ნათარგმნებისა, რომ ქართველი საზოგადოება შეჩვეულიყო კითხვას. პირველი წიგნი დაიბეჭდა ელენეს თაოსნობით 1874 წელს…
სხვათა შორის ქართულ გალობასაც ყურადღებას აძლევდა და ცდილობდა ჩვენი ხმები ფორტეპიანოზე გადაეღო! ის ყოველი სწავლის მსურველთათვის გზის მაჩვენებელი და წამხალისებელი იყო, მისგან ფულის მოგროვება, თეატრის გამართვა ღარიბ მოსწავლეთათვის თითქმის მუდმივი მოვლენა იყო. ელენე დიმიტრის ასული სიკვდილამდის იყო თავმჯდომარეთ ქუთაისის სათავად-აზნაურო შკოლის ღარიბ მოსწავლეთა კომიტეტისა”.
ა._თ._წ-ლისა