ქალები წარსულიდან

მარიამ დადიანი-ანჩაბაძე – საზოგადო მოღვაწე

1870-1959

მარიამ დადიანი 1870 წლის 18 დეკემბერს, სოფელ სვირში დაიბადა. დედის ადრე გარდაცვალების გამო, მარიამის და მისი ძმის – შალვა დადიანის აღზრდით მამა – ნიკო დადიანი იყო დაკავებული, რომელმაც შვილებს საშუალო განათლება ოჯახშივე მისცა.

მარიამი ცნობილ აფხაზ საზოგადო მოღვაწე თარაშ (ტარას) ანჩაბაძეზე დაქორწინდა. იგი აქტიურად ჩაერთო სოხუმის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში. მარიამ ანჩაბაძის ინიციატივით, 1903 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილება ჩამოყალიბდა, რომლის გამგეობასაც წლების მანძილზე იგი უცვლელად თავმჯდომარეობდა. საზოგადოებამ 1910 წელს სოხუმში ქართული სკოლა დაარსა. სწორედ მარიამ ანჩაბაძის დაუღალავი მცდელობის და შრომის შედეგია, რომ მან 1900 წლიდან რუსებს სამოქალაქო სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება შემოაღებინა.

მარიამის ხელშეწყობით, სოხუმში ადგილობრივი ძალებით წარმოდგენები და საღამოები იმართებოდა, ხოლო თბილისისა და ქუთაისის სათეატრო დასებთან თანამშრომლობით, პერიოდულად ქართული სპექტაკლები იდგმებოდა. ღონისძიებებიდან შემოსული თანხა საზოგადოებრივ აქტივობებს ხმარდებოდა.

 

სიტყვა თქმული მარიამ ანჩაბაძის მიერ ქ. თბილისში საკათალიკოსო კრებაზე 15 სექტემბერს, 1917 წ
“უზენაესის განგებისაგან ჩვენს სარწმუნოებაში უდიდესი დანიშნულება აქვს ქალს.

ღვთის მშობელი ქალი იყო. ხოლო, როდესაც პატარა იყო ეს ქალი მისმა მშობლებმა ტაძრად მიიყვანეს და იქ კი ეს პატარა მარიამი მღვდელმთავარმა შეიყვანა წმინდათა-წმინდაში, სადაც გარდა სასულიერო პირებისა იმ დროში თვით მამა კაცსაც აღკრძალული ჰქონდათ შესვლა.

ღვთისმშობლის ესეთი ამბავი სწამს მთელს საქრისტიანოს, მაგრამ ჩვენ ქართველებს კიდევ გვწამს ის თქმულებაც, რომ თვით ჩვენი ქვეყანა სწორედ ამავ ღვთისმშობლის წილ-ხვდომილია.

და მართალია ღვთის მშობელმა მისდა მაგიერათ წარმოგზავნა ანდრია მოციქული აფხაზეთისა და საქართველოს გასაქრისტიანებლად, მაგრამ როგორც გადმოცემა გვეუბნება და ჩვენცა გვწამს, სრული ჩვენი განმანათლებელი იყო მოციქულთა სწორი ნინო კაბადოკიის ქვეყნიდან, რომელმაც გაიგო თუ არა რომ სადღაც მდებარეობს კეკლუცი ქვეყანა ივერიისა, ღვთისმშობლის წილ-ხვდომილიო, გამოეშურა ჩვენსკენ.

ქართული მემატიანე კი, მოგეხსენებათ, აღსავსეა ქართველ ქალთა ღვაწლთა აღწერით სარწმუნოების საქმეში. ქართველი ქალი პირველი დამცველი იყო ქრისტეს რჯულისა. იგი აშენებდა ეკლესიას, მონასტრებს ასწავლიდა ყრმებს და უნერგავდა ქრისტეს სარწმუნოებას და ძალიან ხშირად ამ სარწუმოენისათვის მიიღებდა ხოლმე მოწამეობის გვირგვინს. იმას ხომ აღარ უნდა მტკიცება, რომ ქართველი ქალი უღრმესი მცოდნე იყო საღმრთო რჯულისა.

უახლოეს დროში მე თვითონ მახსოვს ჩემი მახლობელი პირი, განსვენებული ბებია ჩემი მარიამ აბაშიძის ქალი, რომელმაც ისე კარგად იცოდა ტიბიკონი, რომ ღვთის მსახურების დროს თვით მღვდლებსაც ეკრძალებოდათ მისი რომ არა შეშლოდათ – რა.

ამ გვარათ ქალის დანიშნულება სარწმუნოების საქმეში მრავალმხრივია და ისტორიულ ფაქტებითაც განმტკიცებული.

დღეს კი თვით ეხლანდელი რევოლუციაც, რომ არ მომხდარიყო და სხვათა შორის მას ქალთა გათანასწორების ლოზუნგიც არ გამოეტანა, სჯული ქრისტესი გვასწავლიდა ამას. ამისათვის ქალები უსათუოდ მოვითხოვთ სარწმუნოების საქმეში, სასულიერო უწყებაში სათანადო ადგილის დაჭერას და მე პირადათ როგორც სოხუმელ ქართველ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე უსათუოდ ვიცავ გათანასწორების პრინციპს და მოვითხოვ, რომ სასულიერო უწყებაში ქალებს მიენიჭოს არამც თუ მარტო მედავითნეობა არამედ მიეცეთ უფლება ეკლესიაში ქადაგებისა და საზოგადოთ სამისიონერო მოვალეობათ აღსრულებისა, მხოლოდ, როგორც მორწმუნე ქალს ტრადიციით შეუძლებლად მიმაჩნია ქალი ეკურთხოს მღვდლათ, ან ხელდასხმული იქმნეს მღვდელმთავრად და საზოგადოთ აღასრულოს ღვთის მსახურება, რადგან დღევანდელი ჩვენი რწმენის მიხედვით მღვდელი და მღვდელმთავარნი არიან ქრისტესა და მოციქულების მაგიერნი და მამაკაცთ უფრო შეჰფერით მათი მოადგილეობა[i].”

გაზეთი “ხმა ქართველი ქალისა” #27,
19 ოქტომბერი, 1917


[i] საეკლესიო კრებულმა ეს სიტყვა დიდის ყურადღებით მოისმინა და დაადასტურა. ამავე საგანზე ილაპარაკა ალავერდის ეპარქიის წარმომადგენელმა ალ. გიურჯიძე-ციციშვილისამ.

მსგავსი პოსტები

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი - მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ალექსანდრა ჯაფარიძე - მთამსვლელი

თამარ ჭავჭავაძე - მსახიობი

ცეცილია წუწუნავა - მსახიობი