ქალები წარსულიდან

მარიამ ივანიშვილი-დემურია – საზოგადო მოღვაწე

1860-1910 

მარიამ ივანიშვილი 1860 წელს გორში დაიბადა. სწავლობდა გორის სამაზრო სასწავლებელში. დაამთავრა თბილისის საბებიო სასწავლებელი, რის შემდეგაც ზუგდიდში, საჩხერესა და ოზურგეთში მუშაობდა. 1893 წელს ახალგაზრდა იურისტ, ვასილ დემურიაზე დაქორწინდა და საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.

ის აქტიურად ჩაერთო საგანმანათლებლო, სამწერლო, ჟურნალისტურ საქმიანობაში, ხელს უწყობდა სახალხო თეატრის განვითარებას. მისი თაოსნობით შეიქმნა “ავჭალის აუდიტორია”, რომელიც მიიჩნევა პირველ სახალხო თეატრად, სადაც გაჭირვებულებს თეატრალურ წარმოდგენებზე დასწრების საშუალება ეძლეოდათ.

1906-1910 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ “ნაკადულს”, რომლის ირგვლივ არაერთი ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე შემოიკრიბა.

პოლემიკას არტემ ახნაზაროვთან, რომელიც ქალთა გადაგვარების შესახებ “ჩიორას” ფსევდონომით წერდა, გაზეთ “ივერიაში” გამოქვეყნებული პუბლიკაციით – “ჩიორას და ქალების პასუხად” – გამოეხმაურა.  

 


ჩიორას და ქალების პასუხად
ავტორი: მარიამ დემურია 

„მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ბ-ნს ჩიორას თავისს წერილში აზრადაც არ ჰქონია ქალებისათვის საყვედური ეთქვა, რადგანაც თითონაც ძალიან კარგად იცის, რომ არც ქალების ბრალია და არც კაცებისა ჩვენის ენის ამ ჟამად გადათრინჯვა. უეჭველია, ბ-ნ ჩიორას ერთად-ერთი სურვილი ის იყო, რომ ჩვენი ქალები გამოეწვია სალაპარაკოდ, ქართულს ენაზედ წერით გასავარჯიშებლად. ამიტომ ბ-ნი ჩიორა ჩვენგან მადლობის ღირსიც არის.

ხოლო რაც შეეხება ქალების მიწერ მოწერას, აქედგანვე-კი ის დასკვნა გამოვიყვანე, რომ ეს ქალბატონები მარტო ერთმანეთის ყვედრებაში ყოფილან. არ გვეკუთვნის ერთმანეთის ასეთი კიჟინი; მართალია, თუმცა კაცები უფრო მეტის ცოდნითა და განვითარებით არიან შეიარაღებულნი, რის გამო აუცილებლად მეტი ბრალიც ედებათ, მაგრამ მაინც ჩვენ, ქალები, არავის თვალ-წარბში ან უნდა შევცქეროდეთ.

ქართველი ქალები მტკიცე ხასიათითა და გრძნობით უნდა აღვიჭურვნეთ და ვისაც რა აზრი გვაქვს ქართულ, საზოგადო საქმის გასაუმჯობესებლათ იმ აზრს ვემსახუროთ, მტკიცედ დავიცვათ და არ დავემონოთ საზოგადოდ შედგენილს შემცდარს აზრებს.

ქ-ნი საგინაშვილისა ჰბრძანებს: „შინ წიგნის კითხვისა და სახლის მოვლის მაგივრად, „ლოტო-ვეჩერებში“ დავდივართ და გათენებამდის იქ ვატარებთ დროებას, სადაც ხან-და-ხან თუმნობითაც ვაგებთ. სრულიად არ ვეთანხმები ქ-ნ საგინაშვილისას, რომ უმრავლესობა აგრე იქცეოდეს. რამოდენადაც დავკვირვებივარ ჩვენს ქართველ ქალებს, ქალაქად თუ სოფლად, ყველგან შემინიშნავს, რომ ქალებს დიდი სურვილი აქვთ ყოველ საზოგადო საქმეს ემსახურონ და ქართული ენაც შეისწავლონ. თუმცა ბევრი მათგანი თავისს აზრს ვერ ეწევა ხოლმე, რადგანაც ზოგს მდგომარეობა ძალიან უშლის ხელს და ზოგს მხნეობაც არა აქვს იმდენი, რომ ყოველი დამაბრკოლებელი მიზეზი დასთრგუნოს. აგრეთვე მე ვიცნობ რამდენიმენსამე ისეთ ქალსაც, სხვა-და-სხვა მივარდნილს ადგილებში მცხოვრებთ, რომელთაც საოცარი ზნეობრივი გავლენა მოუხდენიათ იმ სოფლებში. (თუ საჭირო იქნება და მომთხოვენ, რამდენსამეს კიდეც დავასახელებ). რა-კი ქართველ ქალებს შორის ამისთანებს ვიცნობთ, ისე არა გვაქვს გატეხილი გული, როგორც ქ-ნ საგინაშვილისას.

ეხლანდელი ჩვენი დრო ქართული ენის შესახებ არც ერთს წარსულ ხანასთან არ არის შესადარებელი და თუ ჯერ ჯერობით წმინდად ვერ ვიცავთ ჩვენს ენას, ბევრი სხვა-და-სხვა მიზეზის გამო, მკაცრის დასჯის ღირსნი არა ვართ. გაივლის ეს დრო და იმედია, ჩვენი ენა ისევე წმინდად და შერყეულად შეგვრჩება, ამას გარდა, ჩვენი მომავალი ახალი თაობაც უფრო მეტის განათლებითაც იქმნება აღჭურვილი და მაშინ ნამდვილს, სასურველს დონეზედ დადგება ჩვენი ქართველი საზოგადოება.

ეხლა-კი ვეცადნეთ ქალნიც. და კაცნიც ყოველ საზოგადო საქმეში პირადობა დავივიწყოთ და და ძმურად გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი. აი, ამ ჟამადაც ძალიან საჭორო ჩვენი ერთ-ძალოვანი დახმარება ქუთაისის თეატრის აღსადგენად. იმედი მაქვს, რომ ყველა ქართველი ქალი თუ კაცი, ქალაქში თუ სოფლად, გულ-მხურვალედ მოეკიდება ამ საზოგადო საქმეს“. 

გაზეთი “ივერია” #233, 3 ნოემბერი, 1894 

მსგავსი პოსტები

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი - მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ალექსანდრა ჯაფარიძე - მთამსვლელი

თამარ ჭავჭავაძე - მსახიობი

ცეცილია წუწუნავა - მსახიობი