ქალები წარსულიდან

ნინო (ნინუცა) ყიფიანი – იურისტი, საზოგადო მოღვაწე

1877-1920-იანი წლები

დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი ნინო (ნინუცა) ყიფიანი რუსეთის იმპერიიდან პირველი იურისტი ქალი იყო, რომელმაც ბრიუსელში იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. მუშაობდა რეფერანტად იტალიის, ბელგიის საელჩოს წარმომადგენლობაში.

ჩართული იყო ეროვნულ განმანთავისუფებელ მოძრაობაში და ამ თემას არაერთი წერილი მიუძღვნა. 1907 წელს მეფის მთავრობამ მას რუსეთის იმპერიაში ყოფნა აუკრძალა, რის შემდეგაც ის საცხოვრებლად ჯერ ბრიუსელში მამასთან ნიკო ყიფიანთან, შემდეგ კი იტალიაში გადავიდა.

მკვლევარი თამაზ ჯოლოგუა გამოთქვამს ვარაუს, რომ 1904 წლის აპრილში ჟენევის პირველ ინტერპარტიულ კონფერენციაზე სეპარატიზმის შესახებ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას გულისხმობდა, „ტეზრელის“ ფსევდონიმით წარდგენილი მოხსენების ავტორი სწორედ ნინო ნიკოლოზის ასული ყიფიანი იყო. მომხსენებელი, რომელიც კონფერენციაზე ვერ ჩავიდა, კონფერენციას მოუწოდებდა, შეექმნათ სარევოლუციო კომიტეტი, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას მოამზადებდა, სტრატეგიული გეგმის ფარგლებში კი რუსეთის იმპერიის სხვა ერებთან, განსაკუთრებით კი კავკასიის ხალხებთან, კავშირს დაამყარებდა.

20-იანი წლების დასაწყისში იტალიიდან დაბრუნებული ნინო ჯერ თბილისში, შემდეგ კი ქვიშხეთში ცხოვრობდა. მძიმედ დაავადებული მალე გარდაიცვალა და ის იქვე მაცხოვრის აღდგომის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს.

 

ნ. ყიფიანის ჩანაწერი სხვადასხვა პარტიების კონგრესის მოწვევის აუცილებლბლობის  შესახებ. საქმე #34; უთარიღო
ჩვენს, ეროვნულ წინსვლისთვის არის საჭირო პროგრამის შედგენა. ასეთ პროგრამის გამორკვევა კონგრესის საშუალებით უნდა მოხდეს. კონგრესში უნდა მიიღონ მონაწილეობა ყველა ერის, ყველა პარტიების წარმომადგენლებმა. ახლანდელ პირობებში კ’ დიდ საჭიროებას შეადგენს. ამ ცოტა ხანში ვინ იცის რა ცვლილება მოხდება,  ჩვენ უნდა ვიყოთ მომზადებულნი და თუ ამ ცვლილებების დროს ვერაფერს უშველით ჩვენს თავს, მერე გვიანღა იქნება…

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

 

 

. ყიფიანის ჩანაწერი ელიზა რეკლიუსთან შეხვედრისა და საუბრის შესახებ. ავტოგრაფი;საქმე #34; უთარიღო
მერე გვკითხავს: არის თუ არა შეგნებული თქვენს საზოგადოებაში საჭიროება ბრძოლისა რუსეთის მთავრობასთან, რა განწყობილებაში არიან სხადასხვა კლასები და რა მიმართულებას არიან პარტიები, რომელნიც მთავრობის წინააღმდეგნი არიან?

ჩვენც უპასუხეთ რო ახლა ჩვენს საზოგადოებაში თავად-აზნ. (უმ. ნაწ.) გლეხებიან, ყველას აქვს შეგნებული ბრძოლის საჭიროება, მაგრამ რასაკვირველია ყოველი თავისი თვალით უყურებს…

ხელნაწერთა ეროვნულიცენტრი 

მსგავსი პოსტები

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი - მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ალექსანდრა ჯაფარიძე - მთამსვლელი

თამარ ჭავჭავაძე - მსახიობი

ცეცილია წუწუნავა - მსახიობი