
1848-1913
დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის ქალიშვილი სალომე ზუგდიდში დაიბადა. რუსეთის იმპერიის მიერ სამეგრელოს სამთავროს გაუქმების შემდეგ, 1875 წელს სალომეს დედა, ეკატერინე, რომელიც ოთხი წლის მანძილზე მართავდა სამთავროს, ოჯახთან ერთად ჯერ სანკტ-პეტერბურგში, შემდეგ კი საცხოვრებლად საფრანგეთსა და გერმანიაში გადავიდა.
1868 წელს სალომე პარიზში შარლ ლუი ნაპოლეონ აშილ მიურატზე დაქორწინდა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-ჯერსიში იყო დაბადებული. საქორწინო ცერემონიალს, რომელიც ტიუილრის სასახლის ეკლესიაში გაიმართა, საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ III და დედოფალი ეჟენი დე მონტიჟო ესწრებოდნენ.
1870 წელს აშილი და სალომე სამეგრელოში დაბრუნდნენ და ზუგდიდში, დადიანების საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ ლამაზ ხის სასახლეში დასახლდნენ. აშილმა სოფლის მეურნეობას, კერძოდ სამეგრელოში ვაზის ფრანგული ჯიშების შემოტანას და ადგილობრივი ოჯალეშის კულტივირებას მიჰყო ხელი. სალომე საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 1913 წელს სალომე პარიზში გადასახლდა, სადაც ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
გაზეთი “დროება” #7, 11 იანვარი, 1884
“ზუგდიდამა გვწერენ: როგორც „დროებაში“ იყო ნათქვამი, აქაურმა მთავრის ასულმა სალომემ აღუთქვა ზუგდიდს საქალებო სკოლის გახსნა, შესწირა სახლის ასაშენებელი ფული და ყოველ წლობით ორას-ორასი მანეთი ოცი გლეხ-კაცის ქალის უფასოდ გასაზრდელად; ეს სკოლა ჯერ კიდევ არ არის გამართული, თუმცა ყოველისფერი მზაა და მთავრის ასულმა დროებით სახლიც დააქირავებინა აშენებამდის. ეხლა კი იმედი გვეძლევა, რომ ზოგიერთა პირთა დახმარებით სკოლა ამ ერთ თვეში გაიხსნება. ეს ამბავი მით უფრო სასიამოვნოა, რომ მეგრელებში სწავლის სურვილი ძალიან არის გავრცელებული.”