1840-1884
გაზეთ “დროების” ცნობით, მე-19 საუკუნის ბოლოს საქართველოს ორჯერ ეწვია ევროპაში ცნობილი მოგზაური ქალი კარლა სერენა.
კარლა სერენას ნაშრომი “კავკასიური ესკიზები”, რომელიც 1844 წლით არის დათარიღებული, შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას, ასევე ჩანახატებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის, ეთნოგრაფიული, რელიგიური მრავალფეროვნების შესახებ. წიგნში ვხვდებით ახალციხის, ბორჯომის, გორის ლანდშაფტებს, ადამიანთა პორტრეტებსა და მათი ყოველდღიური ყოფის ამსახველ ჩანახატებს.
ქართველი მეცნიერებისთვის ინფორმაციული თვალსაზრისით ღირებული აღმოჩნდა კარლა სერენას ჩანაწერები ბედიის ბარძიმის დაკარგული ფეხის შესახებ, რომელიც მან აფხაზეთში მოგზაურობის შედეგად დატოვა.
კარლა სერენას მოგზაურობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ასახულია მის ნაშრომებში: “მარტო სტეპებში: ჩემი მოგზაურობის ეპიზოდები კალმუკების და ყირგიზების ქვეყანაში”, “ადამიანები და საგნები სპარსეთში”, “ჩემი მოგზაურობა ბალტიის ზღვიდან კასპიის ზღვამდე”.
გაზეთი “დროება” #63, 25 მარტი,1882
“ჩვენს ქვეყანაში ორჯერ მოგზაურობდა გამოჩენილი მოგზაური-ქალი კარლა სერენა. ამ მხნე ქალს, რომელიც ასე თამამად დადიოდა ჩვენი მხრისა და სპარსეთის უდაბურ ადგილებში დაუმზადებია ახლა ვრცელი აღწერა თავის კავკასიაში მოგზაურობისა და სურათებით აბეჭდინებს პარიჟში. ერთს ფრანცუზულ გაზეთში ამ კარლა სერენაზედ იწერებიან:
“ამ დღეებში მოვიდა კავკასიიდამ პარიჟში დაუღალავი მოგზაური ქალი კარლა სერენა და მოიტანა თან მრავალი ფოტოგრაფიული სურათები კავკასიის ბუნებისა და ხალხებისა; ეს სურათები ჩართული იქნება იმის თხზულებაში „კავკასია“ , რომლის გამოცემასაც ის უკვე შეუდგა.
„დიდი პატივის-ცემით მიიღეს ეს ქალი ევროპაში: იტალიის კაროლმა იმისთვის დიდი ოქროს მენდალი ჩამოასხმევინა, ლონდონის გეოგრაფიულ საზოგადოებამ სთხოვა იმას წაიკითხოს საზოგადო ლექცია თავის მოგზაურობიდამ. იმის ორი საინტერესო თხზულება, ერთი“ ბალტიის ზღვიდამ კასპიის ზღვამდინ“ და მეორე „ევროპიელი ქალი სპარსეთში“ იტალიურ ენაზე გადათარგმნეს“.